თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
საქმის განხილვის პროცესში გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს, რაც პროკურორის თქმით, როგორც მითვისების, ასევე ფულის გათეთრების მტკიცებას წარმოაჩენს. ასევე, სასამართლოში დაიკითხებიან შესაბამისი მანდატით ჩართული პირებიც და მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, უმაღლესი ხარისხისაა.
საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა. აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით, დაახლოებით, 43 მილიონ დოლარს შეადგენდა. სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის სრული მოცულობით დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც, რომელმაც მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საერთოდ არალეგიტიმურია ეს ბრალდებები და ეს პროცესი.
„ეს სასამართლო არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე არაა დაფუძნებული, რადგან ჩემს დასჯას, ანგარიშსწორებას და ფულის გამოძალვას ისახავას მიზნად, დასჯას იმისათვის, რომ ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი არ გავიზიარე და ჩემი ღირებულებების ერთგული დავრჩი. ჩემს საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს გაამყარებს. მე მქონდა ჩემს კომპანიაზე სესხი აღებული ბანკში, რომელიც პირნათლად გადავიხადე.
პროკურორმა ახსენა ჩემი პირადი ბიზნესსაქმიანობა, სადაც ჩემს მიერ ლეგალურად მოპოვებული თანხების ლეგალიზებას ვახდენდი. ჩემი ბიზნესსაქმიანობა, როგორც ფულის გათეთრება, ვერ იქნება განმარტებული. ველოდები, ამ შენობაში ჩემს წინაშე როდის წარდგება ბიძინა ივანიშვილი, რომ პირადად მისი აქ ყოფნის დროს დავამტკიცო, ეს ყველაფერი მისი ფაბრიკაციაა, მაგრამ მას ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვა, მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. დარწმუნებული ვარ, პროკურორიც და ბიძინა ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ სასამართლოზე, რომ აქ არ გამოჩნდეს. სამწუხაროდ, ვერაფერს იზამს და დაემორჩილება ბიძინა ივანიშვილის ნებას“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბაჩიაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორება და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობაა. წერილში კი, რომელსაც აქვეყნებს, საუბარია იმაზე, რომ ბაჩიაშვილისგან მისი ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%-ს ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის სრული მოცულობით დამნაშავედ ცნობას მოითხოვს. გახმაურებულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ქართული ჯარის, ბიზნესის ფული და ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ახლა კი ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაში. მთავარობის მეთაურის განცხადებით, შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის.
„დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ, ზოგადად, ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას ჯერ მოაპარინეს ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილის მსგავსად აფინანსებს იმ საპროტესტო აქციებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამბობს, რომ აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ საჯაროდ არ ისაუბრებს, რომელ ფონდებს აფინანსებს.
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილი არა თუ არ გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ კავშირს, არამედ თავიდან ბოლომდე აღიარებს იმას, რომ მატერიალურად აფინანსებს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.
„ვინც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ მეტ-ნაკლებად აღიარა, რომ ისინი ან ფულით ეხმარებოდნენ რადიკალურ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ან სხვა მხარდაჭერას უწევდნენ. ამ შემთხვევაში ბაჩიაშვილი არა თუ არ გამორიცხავს „ნაცმოძრაობასთან“ მის კავშირს, არამედ თავიდან ბოლომდე აღიარებს იმას, რომ მატერიალურად აფინანსებს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბანკი Julius Baer, რომელიც უსაფუძვლოდ უზღუდავდა ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას ანგარიშების შესახებ და თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას უჭიანურებდა, ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია.
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებით, Julius Baer-ი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნიშნით უქმნის პრობლემებს, რომლებიც ხელოვნურად არის წარმოქმნილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ „დიფ სთეითის“ ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. მისი თქმით, იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან დაკავშირებით.
„ეს ძალები მარტივად არ წავლენ მსოფლიო პოლიტიკური არენიდან, თუმცა გაწმენდა-გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი მსგავსი პროგრესული ძალების გამარჯვებით დასრულდება.
ევროპაში მედიის თავისუფლება ზღაპარია და ის ჯერჯერობით არის სწორედ იმ უბნელესი ძალების ხელში, რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო მასშტაბით ლიბერალ-ფაშიზმს. ნათელია ისიც, რომ ეს ძალები ადვილად არ წავლენ მსოფლიო-ისტორიულ-პოლიტიკური არენიდან. ამის დასტურია ისიც თუ რა ბაკქანალია და აღებ-მიცემობაა გამეფებული ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.