რატომ არ შეხვდა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხელისუფლების წარმომადგენლები? თბილისში მყოფ ევროპელ კოლეგებს არშეხვედრის მიზეზები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განუმარტეს. პარლამენტის თავმჯდომარე აქვე იმ წერილსაც აქვეყნებს, რომელშიც ევროპელ დეპუტატებს შეხვედრაზე უარის მიზეზებს ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი, პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს და მიზეზი წერილობითაც განუმარტეს.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებდნენ.
„საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს“.
ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია 11 ნოებერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, რომლებიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ამასთანავე, ისინი მიხეილ სააკაშვილის, როგორც „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ. მათ არც ის დამალეს, რომ ისინი ექს-პრეზიდენტის მეგობრები იყვნენ და 2008 წლის მოვლენების დროს, რუსთაველის მოედანზე მასთან ერთად იდგნენ.
ევროპელი პოლიტიკოსები ქართული საზოგადოების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ბუდნესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას და
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის რვა ქვეყნის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისთვის დემარშის გამოცხადებას გამოეხმაურა: „ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია გახარებული არ არის, გვაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თითქოს, ქვეყნის შიდა საქმეებში ვერევით“, - ამბობს როთი.
ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითაც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ“.
როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ პირებთან შეხვედრა ხელისუფლების მხრიდან მიზანშეწონილი არ იყო.
„არ შეიძლება შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არღვევდნენ თავად საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ პირდაპირ საუბარი, მათ შორის, პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ, ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ფსევდო ლიბერალების გამოხდომები ოპოზიციის მხარდაჭერის მხრივ ახალი არ არის და არა აქვს მნიშვნელობა ისინი რუსთაველის გამზირზე იქნებიან, თუ რომელიმე სასტუმროს ფოიეში. აბაშიძე ფიქრობს, რომ ცალკეული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უხეშად ბედავენ და საქართველოს, როგორც სუვერენული სახლემწფოს შიდა საქმეებში ერევიან.
„ძალიან მაინტერესებს, ეს აქტორები თუკი ოდესმე გაბედავდნენ მსგავს ქმედებებს მაგალითად, პოლონეთის, ესპანეთის, ან იტალიის ოპოზიციის მხარდაჭერაში? რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო ვითომ დაბალი ღობეა და ვითომ ე.წ. ენჯეო საქართველოა, რომლისთვისაც ყველანაირი დირექტივა მისაღები უნდა იყოს. თუმცა ასეთი რამ სააკაშვილის რეჟმის შემდეგ აღარ ხდება და აღარც მოხდება. ეს ცალკეული როთები თუ პავილიუსები გამწარებულები არიან და ახლა სრულიად ღიად, ყველანაირი დაფარვის გარეშე, რუსთაველზე მიმართავენ ხალხს. ეს ყველაფერი არის დროებითი, რადგან ვაშინგტონში აბსოლუტურად შეიცვალა მდგომარეობა. ეს პოლიტიკური ტალღები ევროპაში იანვრის შემდეგ წამოვა, რის შემდეგაც ამ ფსევდო ლიბერალებს მოუწევთ იმის გათვალისწინება, რომ სუვერენული ქვეყნების საქმეში აღარ ჩაერიონ. კარგად გვახსენდება აწ უკვე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ ამერიკა მეგობარი ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა, რაც მიუღებელია“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ევროკავშირი ორად არის გაყოფილი, საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს ის, რომ ევროკავშირის ბოლო სამიტზე ვერ მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით ვერანაირი გადაწყვეტილება. ეს კი იმით ახსნეს, რომ დრო არ ჰქონდათ.
„ევროკავშირის ზოგიერთი წევრები, ლიდერები საქართველოში პარპაშობენ დროებით. მათ სურთ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება მათ ხუშტურებს, ინსტრუქციებს დაემორჩილოს. ეს არის უკვე წარსული, ამიტომ ეს არის ბოლო გაფართხალება. ცდილობენ ხელისუფებაზე ზეგავლენა რამენაირად მოახდინონ, რაც ფუჭია. მავნებლური რუსული პროპაგანდა ისვენებს, მაგრამ ევროპის ეს ლიდერები რუსეთის საქმეს შესანიშნავად ასრულებენ. ქვეყანაში ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს თავად ქმნიან. ქართველმა ხალხმა მისცა „ოცნებას“ ლეგიტიმაცია, მას საერთოდ არ აინტერესებს, ვიღაც როთი და მისი მეგობრები რას იტყვიან. შევხედოთ მას, როგორც მოსიარულე ცირკს, რომელიც გასტროლებით თბილისშია ჩამოსული. ეს არის სასაცილო, საღადავო და ევროპული აქტორებისთვის დამანგრეველი“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, „ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ამ ხალხს ამის მტკიცებულებები არასდროს მოუყვანია. ამიტომ ხელისუფლება არ არის ვალდებული ასეთ პოლიტიკოსებს შეხვდეს და რამე აუხსნას, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მას ლეგიტიმაცია მისცა.
„ამ ევროპელ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების“ მიმართ ცილისწამებაში არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა. ქართველი ხალხი ამ ადამიანებს უკვე მშვენივრად სცნობს და იციან, რომ სწორედ ესენი იყვნენ, რომლებიც სააკაშვილის ვითომ მოწამვლის და მკვლელობის ცილისმწამებლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ასევე, იყვნენ ელგებეტე კანონთან დაკავშირებითაც, სადაც ხელისუფლება მუხლობრივად ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, გვაჩვენეთ, სად არის პრობლემა, რაში ირღვევა უმცირესობათა უფლებები და რა არ მოგწონთო. ისინი კი ჯიუტად იძახიან: „გამჭვირვალობის“ და ელგებეტე კანონის გაუქმდეს და ევროკავშირის კარს გაგიღებთო. თუ ეს ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნები მიტაცებულია, ვაჭრობას რატომ იწყებენ? ანუ გამოდის, რომ ამ ხალხისთვის კანონები ყოფილა მთავარი და არჩევნები არ გაყალბებულა. მათთვის მაღალ დონეზე შეხვედრებზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს ღირსება. მანამ სანამ ეს ხალხი არ მოიხდის ბოდიშს, არ იტყვის, რომ ეშლებოდათ, ან თუნდაც თქვან, რომ ჩვენ შევისწავლეთ ეს კანონები და ამა და ამ კონტექსტში არის შეცდომაო, კიდევ შეიძლება რაღაცაზე იყოს საუბარი. ესეც არ უნდათ, უნდათ, რომ ჩვეულებრივად, ხელისუფლებამ დირექტივები შეასრულოს, ასე კი არ გამოვა“, - ამბობს მამრაძე.