„მაგიდაზე დევს ყველა წინადადება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებაც - თუ ჩათვლიან საჭიროდ, ამას გააკეთებენ“

„მაგიდაზე დევს ყველა წინადადება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებაც - თუ ჩათვლიან საჭიროდ, ამას გააკეთებენ“

ამერიკას უნდა საქართველოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ოპოზიციისთვის შანსების გაზრდა, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ზაალ ანაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. პირველ რიგში, ეს საკითხი რომ შევაფასოთ.

- ეს არის მორიგი, ძალიან მკაცრი დემარში ამერიკის შეერთებული შტატები მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ - სავარაუდოდ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი იმ განცხადებების გამო, რასაც პირადად პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ბოლო დროს. თუმცა, ვფიქრობ, ამ ნაბიჯის მიზანია რაღაცნაირად დააკნინონ ქართული ოცნება არჩევნების წინ, მაქსიმალურად შეურყიონ პოზიციები ქართველი ამომრჩევლის თვალში - რადგან ამერიკის ადმინისტრაცია არ ღებულობს საქართველოს მთავრობას, .. ეს მთავრობა გარიყულია და .. ამით უნდათ საქართველოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ოპოზიციისთვის შანსების გაზრდა. სხვა მოტივებს ამ ნაბიჯის უკან ვერ ვხედავ.

თქვენ პირადად, მომავალში დამატებით რა ნაბიჯებს ელოდებით ამერიკის მხრიდან, რამაც შესაძლოა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ზეგავლენა იქონიოს?

- აშშ, როგორც ჩანს, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი, რაც მის კომპეტენციასა და შესაძლებლობაშია, რომ ქართულ ოცნებას პოზიციები შეურყიოს და არჩევნებამდე მიიყვანოს დასუსტებული - ამომრჩევლის რაღაც ნაწილი გამოაცალოს, რომ მან ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. შეიძლება კიდევ დაემატოს რაღაც დამსჯელი ღონისძიებები არჩევნებამდე.

ამერიკა არის მიჩნეული ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, გადამრჩენლად და ამომრჩეველმა შესაძლოა იფიქროს, რომ რადგან ამერიკის ხელისუფლება ამ მთავრობას მხარს არ უჭერს და ასე ეპყრობა, ღირს თუ არა ჩვენ მივცეთ მას ხმა.

რამდენად არის მოსალოდნელი, ამერიკამ ბიძინა ივანიშვილი მართლაც დაასანქციროს და ეს მოხდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე?

- ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. მართალია, სენატში დაგეგმილი მოსმენა საქართველოს საკითხზე გადაიდო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში არ შედგება არჩევნებამდე და არ იქნება გამოცხადებული სანქციები. მგონია, რომ ამერიკას შეუძლია დაასანქციროს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩათვლის, რომ ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიულ ინტერესებს, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე.

ახლა უკვე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე, რომ თამასამ ძალიან მაღლა აიწია, პოლიტკორექტულობის მომენტებმა, ან სტრატეგიულმა თანამშრომლობის ასპექტებმა უკან გადაიწია - ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ომში რუსეთს მიაყენონ სტრატეგიული მარცხი. ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ, მათი აზრით გამართლებული იქნება, მათ შორის ივანიშვილის სანქცირებაც.

ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდა საუბარი, ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. რამდენად არის მოსალოდნელი ეს ნაბიჯი გადაიდგას არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ?

- ამის შანსები არის 50-50%-ზე. ყველაფერი მიბმული არის იმ სტრატეგიულ მიზანთან, რომ დასავლეთმა მოიპოვოს უპირატესობა უკრაინის ომში და თუ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ხელისშემშლელი ფაქტორი ამისთვის და საჭიროა მისი მოცილება, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მოხდეს. რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია. მაგიდაზე დევს აბსოლუტურად ყველა წინადადება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებაც. თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ამას გააკეთებენ.

უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც რომ შევეხოთ. როგორც ვიცით, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული ხომ არ იყო ეს ნაბიჯი მისი მხრიდან და რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება მის რეიტინგზე?

- გახარიამ ბოლო მომენტში ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ნაბიჯი გადადგა, რაც მის რეიტინგს არ მგონია, რომ წაადგეს, თუნდაც ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმოწერა - რა უშლიდა ხელს რომ ადრე მოეწერა ხელი ამ ქარტიაზე, მით უმეტეს, ქარტიის ტექსტში არაფერი შეცვლილა?! თუკი ის ეთანხმებოდა ამ ქარტიას და იზიარებდა მის დებულებებს, რა საჭირო იყო პოლიტიკურ პოზაში ჩადგომა და პოლიტიკური კეკლუცობა?! ამით თითქოს საკუთარი განსაკუთრებულობის ხაზგასმა უნდოდა ერთიან ოპოზიციურ ანსამბლში და შემდეგ, ეტყობა გარკვეულმა გავლენიანმა ხალხმა უთხრა, რომ დაემთავრებინა ეს ყველაფერი და მოეწერა ხელი - მანაც მოაწერა ხელი.

გარდა ამისა, მან ამ ხელმოწერით შეამსუბუქა ის კრიტიკა მისი და მისი პარტიის მიმართ, რაც წამოვიდა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისგან, რადგან ისინი უფრო გახარიას პარტიას ადანაშაულებდნენ ლელოსთან კოალიციის საქმეში, ვიდრე ლელოს. თუმცა, შესაძლოა ეს გახარიას ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის დაკარგვად დაუჯდეს.

ბოლოს, მინდა შევეხოთ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლელოსთან გაწევრიანების საკითხს. რას მისცემს ლელოს მარგველაშვილის ფაქტორი?

- დიდს არაფერს. ლელოს ძალიან გაუჭირდა ახალი სახეების მოზიდვის კუთხით - მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილი მოიყვანეს, რომელსაც დიდი ნდობა და რეიტინგი საზოგადოებაში არ აქვს. ერთადერთი შემორჩენილი აქტივია, რომ ის არის ყოფილი პრეზიდენტი. არ მგონია, რომ მარგველაშვილის შემატებით ლელომ თავისი ელექტორალური ბაზა გაზარდა.