პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება, ნატო მესამე მსოფლიო ომისთვის გეგმებს ადგენს

პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება, ნატო მესამე მსოფლიო ომისთვის გეგმებს ადგენს

ვლადიმერ პუტინი კვლავ ბირთვული იარაღით იმუქრება. რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, აგრესიის შემთხვევაში გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ მტერი კრიტიკულ საფრთხეს შექმნის ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით.

„რუსეთი ბირთვულ იარაღს, ასევე, გამოიყენებს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც“, - თქვა პუტინმა.

რუსი დიქტატორის თქმით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთისა და მისი მოქალაქეების ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად.

პუტინმა ახსენა სტრატეგიული ან ტაქტიკური თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო თვითმფრინავები (დრონები), ჰიპერბგერითი რაკეტები და სხვა ფრთოსანი აპარატები. რუსეთის მხრიდან ბირთვულ რეაგირებას გამოიწვევს ასევე სარწმუნო ინფორმაცია რუსეთზე საჰაერო-კოსმოსური საშუალებებით თავდასხმის დაწყების შესახებ.

მანამდე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება დმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევი „რუხ გამდნარ წერტილად“ შეიძლება იქცეს, თუკი შესუსტდება აკრძალვები უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე.

ადრე რუსეთის ბირთვული დოქტრინა ნებას იძლეოდა, ბირთვული პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაცემულიყო, თუ მოწინააღმდეგე რუსეთს პირდაპირ დაარტყამდა, ბირთვული იარაღით. უკრაინას ამჟამად ბირთვული რაკეტები არ აქვს.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინა არ დაუსახელებია, მაგრამ აშკარაა, რომ გაფრთხილების ადრესატია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც აშშ-ში იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელებთან, კერძოდ - ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებისას განზრახული აქვს, ითხოვოს შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, თავის მხრივ, გარკვეული ზეწოლა მოახდინა ჯო ბაიდენზე, როცა თვითონ ნება დართო უკრაინას, ბრიტანული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები უკრაინას გამოეყენებინა არა მარტო ოკუპირებულ ყირიმში განლაგებული რუსული სამხედრო სამიზნეების დასაბომბად, არამედ - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების წინააღმდეგაც.

სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინმა ისიც განაცხადა, რომ თუ კიევი მართლაც ისარგებლებს ბრიტანეთის მიერ მიცემული ნებართვით, კრემლი ასეთ ნაბიჯს ნატოს მხრიდან გადადგმულ მტრულ ნაბიჯად - რუსეთზე თავდასხმად ჩათვლის. ეს კრემლის სხვა ჩინოვნიკებმაც დაადასტურეს: ასეთ სიტუაციაში რუსეთს შეუძლია (დიდი ბრიტანეთის მიმართ), საპასუხო ბირთვული დარტყმა განახორციელოს.

ასევე, ითვლება, რომ ჩინეთმა, კრემლის ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, მოსკოვს განუცხადა, რომ ვერ მოითმენს და ძალზე ნეგატიურად აღიქვამს რუსეთის მიერ განხორციელებულ სავარაუდო ბირთვულ დარტყმას, ამიტომაც პუტინი დიდწილად ანგარიშს ჩინეთს უწევს. როგორი იქნება ახლა ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჯერ უცნობია.

ნატო-ში მესამე მსოფლიო ომისთვის გეგმებს ამზადებენ

ნატო რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევისთვის საბრძოლო ხაზიდან დაჭრილთა ევაკუაციის გეგმას ამზადებს. „პროგნოზების მიხედვით, ომი ფართო საბრძოლო ველზე გაიშლება და ნატო-ს მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოჯისტიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსანდრ ზოლფრანკმა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში.

გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფართო შესაძლებლობების გამო, დაჭრილთა თვითმფრინავებით ევაკუაცია შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს, ამიტომ უმჯობესია სანიტარული მატარებლების გამოყენება.

„ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩვენი ამოცანა იქნება დიდი რაოდენობით დაზარალებულების ოპერატიული და ხარისხიანი დახმარებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მან.

ზოლფრანკმა ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს სამედიცინო წესების უნიფიკაციის მნიშვნელობას. მისივე თქმით, გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს „სამხედრო-სამედიცინო შენგენის“ შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატების, მათ შორის მძიმე დაზიანებებისთვის საჭირო ტკივილგამაყუჩებლების, თავისუფალ გადატანას.

„დეილი მეილის“ ცნობით, სამედიცინო ევაკუაციის გეგმა რუსეთთან შესაძლო ომისთვის სამზადისის მხოლოდ ერთი ელემენტია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 22 იანვრიდან 31 მაისამდე ნატო-მ უდიდესი სწავლება ჩაატარა, რომელშიც 90 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს მანევრები ასევე იყო რუსეთის აგრესიისთვის მზადების ნაწილი და მოიცავდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უნგრეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი და სხვა.

იანვარში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის და ეს დრო „ინტენსიური შეიარაღებისთვის“ გამოიყენონ.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა აღნიშნა, რომ „ძნელი სათქმელია“, პუტინის მუქარა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბლეფია თუ არა.

ბარსნის განმარტებით, CIA-ის ინფორმაციით, არ არსებობს სათანადო მტკიცებულები, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ს ოფიციალური პირები ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

პუტინის მუქარა - რეალობა თუ ბლეფი

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შანტაჟს პერიოდულად ანახლებს. ალადაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ომში საკმაოდ რთული სიტუაციაა და პუტინს ამ ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის შიში აქვს. თუკი დასავლეთის ქვეყნები ზელენსკს იარაღის გამოყენების უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე მისცემენ, მაშინ ომთან დკავშირებით სრულიად სხვა რეალობას მივიღებთ. ამიტომც მან ისევ ბირთვული იარაღით შანტაჟი დაიწყო.

„ბირთვული იარაღის გამოყენება ასეთი ადვილი და ხელმისაწვდომი არ არის, მით უმეტეს ეს ყველაზე კარგად ვლადიმერ პუტინმა იცის. იცის, რომ ბირთვული იარაღის მქონე სხვა დიდი სახელმწიფოები ამის უფლებას არ მისცემენ,  საუბარია ჩინეთზე, ინდოეთზე, ამერიკაზე, დიდ ბრიტანეთზე. განსაკუთრებით ჩინეთთან დაკავშირებით პუტინს სხვა სენტიმენტები და ანგარიშები აქვს. პირად საუბრებშიც არა ერთხელ უთხრეს ჩინეთის და ინდოეთის ლიდერებმა, რომ მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას და უხსნიან ამ ყველაფერს თავად რუსეთისთვის რა მოჰყვება. პუტინი გიჟი არაა და მან კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს. ეგ კი არა, უკრაინის ტერიტორიაზეც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასაც ვერ გაბედავს, რადგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს. ასევე, მის ქვეყანასაც და იქ განლაგებულ რუსულ ჯარსაც საფრთხე დაემუქრება. ახლა პუტინი არის საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე. მან კარგად იცის, რომ თუკი ამერიკაში მყოფი ზელენსკი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას მიიღებს, შესაძლოა, ომის რეალობა რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ ის იყენებს იმ მუქარას, რითაც ჰგონია, რომ დასავლეთს შეაშინებს. რა თქმა უნდა, ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ამერიკაში მყოფ ზელენსკის ამის უფლება არ მისცენ. თუმცა ბოლომდე ამაზე წამსვლელი მაინც არ არის, რადგან ასევე რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც ამის რისკებს ათვიცნობიერებენ და ესე ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთისთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასიც იქნება“,-ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება ნატოს წვრთნებს და მზადებას მესამე მსოფლიო ომისთვის, ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი წვრთნები გასაკვირი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა პუტინი მუდმივად ბირთვული იარაღით და ნატოზე თავდასხმით იმუქრება.

„რა თქმა უნდა, ასეთი მზადება ყოველთვის ხდებოდა და ნებისმიერ ქვეყანას აქვს გეგმა, თავდასხმის შემთხვევაში როგორ მოქმედებს. ასეთი გეგმა აქვს ასევე საქართველოს, ჩინეთს, ევროპულ ქვეყნებს დ ა.შ. თუმცა დაგეთანხმებით იმაში, რომ ალბათ, დიდი ხანია 90 000 ჯარისკაცს დიდი ხანია ნატოს წვრთნებში მონაწილეობა არ მიუღია. კი ბატონო, რისკები გაზრდილია, საფრთხე რეალურია და რუსეთის აგრესიის ფონზე ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ეს ვარჯიშიც ლოგიკურია იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება“, - ამბობს ალადაშვილი.