ულიმიტო დაპირებები ოსტაპ ბენდერებისგან

ულიმიტო დაპირებები ოსტაპ ბენდერებისგან

ქართველი პოლიტიკანები იმდენს არასდროს ცრუობენ, როგორც არჩევნების წინ. ნაციონალებისთვის სიცრუის ტირაჟირება ლამის ხელოვნების სიმაღლემდეა აყვანილი. გაუთავებლად ვისმენთ მათ ულიმიტო დაპირებებს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე თურმე პენსია 1000 ლარამდე გახდება, თურმე შემოიყვანენ ინვესტორებს. ამ აბსურდული დაპირებების შემხედვარე, კითხვა ჩნდება, რას ელოდებოდნენ ნაცები, რატომ არ იყო პენსია მათ დროს 1000 ლარი, ან რატომ არ ასწრებდნენ საქართველოში შემოსვლას მათ მიერ დასახელებული ინვესტორები.

ნაცების დაპირება ამით არ სრულდება, 26 ოქტომბერს ისინი ეროვნული ღირსების დაბრუნებას აპირებენ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის გათავისუფლებით, რადგან სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის მათთვის ეროვნული ღირსება. ასევე, ნაცები აპირებენ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას.

არარეალურ დაპირებებში ნაცებს არც სხვა პარტიები ჩამორჩებიან. ხაზარაძე გვპირდება, რომ თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი, სადაც უნდა იყოს პირდაპირი ავიარეისები, საერთაშორისო აეროპორტის დონეზე უნდა გადაკეთდეს თელავის ინფრასტრუქტურა და თელავი კონკურენციას უნდა უწევდეს ბორდოს მხარეს, ნაპა ველის (ამერიკული მევენახეობის და ღვინის ინდუსტრიის ცენტრი კალიფორნიაში). ხაზარაძეს პენსიონრებიც არ რჩება უყურადღებოდ და 1000 ლარამდე პენსიას ჰპირდება.

დაპირებებში არც გახარია მოიკოჭლებს. გამარჯვების შემთხვევაში, 15 ახალ მეტროსადგურს ააშენებს, პირველ რიგში, მეტრო დიღომი მოეწყობა. ასევე, გახარია 950-ლარიან მინიმალურ ხელფასს ჰპირდება ამომრჩეველს.

არჩევნების წინ გულუხვობას იჩენს გიორგი ვაშაძეც. როგორც ჩანს, მის მიერ დაგეგმილმა აღმაშენებლის სტრატეგიამ არ გაამართლა, ამიტომ ნაცების დახმარებით შეეცდება ამომრჩევლის მიზიდვას.

ნაცებთან კოალიციაში შემავალი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებას აპირებს, ხელფასებისა და პენსიების მატებას კი ევროკავშირისგან მიღებული 14 მილიარდი ევროთი გეგმავს. ვაშაძის თქმით, არც მეტი და არც ნაკლები, სწორედ 14 მილიარდი ევრო სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის და ევროპულ დონემდე მისასვლელად. ამ 14 მილიარდი ევროდან 80-90% გრანტი იქნება. აქედან გამომდინარე, ვაშაძე სრულიად რეალისტურად მიიჩნევს, რომ საშუალო ხელფასი 3500 ლარი, მინიმალური ხელფასი კი 1500 ლარი გახდეს.

როგორ მოხდება ემიგრანტების დაბრუნება, ამის შესახებ გიორგი ვაშაძეს მარტივი გათვლა აქვს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ფონდი მილიარდ ევროს გამოყოფს ემიგრანტების დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ემიგრანტებს ვაშაძე საპენსიო ანგარიშებს გაუხსნის.

2028 წლისთვის 1500-ლარიანი სამსახური ამ ქვეყანაში პრობლემა აღარ იქნება, - გვარწმუნებს გიორგი ვაშაძე.

ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომნაცებსაც და ხაზარაძესაც თავისუფლად შეუძლიათ 1000-ლარიანი პენსიის გაცემა, რასაც 11 მილიარდი ლარი სჭირდება, ასეთი თანხები არსებობს ბიუჯეტში, მაგრამ პენსიის ზრდა მოხდება მხოლოდ სხვა პროექტების შეჩერების ხარჯზე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებები ზღაპრებია და სრულიად უპასუხისმგებლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა.

დასაბუთებას ვინ ჩივის, საღი აზრის გარეშე გაიცემა ეს დაპირებები და არავითარი საფუძველი არ აქვს. პენსია ათასი ლარი უნდა გახდესო და რატომ ათი ათასი არ უნდა გახდეს?! ჯერ ერთი, საქართველო გადავიდა დაგროვებით პენსიაზე, ეს სისტემა ამოქმედდება და ყველა მიიღებს იმდენ პენსიას, რამდენსაც დააგროვებს თავისი სამუშაო ცხოვრების განმავლობაში. ახლა რაც არის სახელმწიფო პენსია, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობაზე. ფიზიკურად შეუძლებელია, პენსია უფრო მეტად გაიზარდოს და 1000 ლარი გახდეს, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ხაზრაძის დაპირებას, რომ თელავი ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი გახდება, დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ თელავი ისედაც არის ღვინის დედაქალაქი. რაც უკვე არის, ის ახლიდან როგორ უნდა გახდეს დედაქალაქი?! რა თქმა უნდა, თელავი და მთელი კახეთი ღვინის ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი და მსოფლიოში აღიარებული ადგილია. ჩვენი ოპოზიციონრები კი ოსტაპ ბენდერივით არიან, შეუძლებელს ჰპირდებიან ამომრჩეველს, ანაკლიის პორტის არ იყოს, მხოლოდ სულელს თუ მოატყუებენ, ხოლო სულელი ამ ქვეყანაში აღარავინაა.