ისევ, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები...

ისევ, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები...

ოპოზიციაში წინასაარჩევნოდ გადაჯგუფებებისა და კოალიციის შექმნის შესაძლებლობებისთვის დრო იწურება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამის ფონზე, ბოლო ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების წინ უკვე განხორციელდა. ლელოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. ანალიტიკოსთან და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მის ფაქტორს პარტიაში დადებითად აფასებ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით ლელოში რაიმე ელექტორალური ცვლილება ვერ მოხდება. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, მის რიგებს შეუერთდნენ ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი.

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი არის პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი.

მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიციურ სპექტრს პულსი არ ესინჯება და რეალურად, ქართული ოცნების ოპოზიცია ამერიკა და ევროკავშირია.

ოპოზიციას საქართველოში პულსი არ ესინჯება. ოპოზიციის სახით არის ის, რაც დაემართა ალეკო ელისაშვილს კახეთში - კოლექტიური ელისაშვილები არიან ოპოზიციაში, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ქვეყანაში ოპოზიცია არ და ვერ მუშაობს.

ქართული ოცნების ოპოზიცია არის გარე ძალები - ვაშინგტონი და ევროკავშირი, ამის დამადასტურებელი მაგალითი არის დღევანდელი სამარცხვინო სანქციელი, რომელიც ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ჩაიდინეს. მინდა ოპოზიციას მივმართო: ეს მაინც გამოიყენეთ ქართველი კაცის გულის მოგების მიზნით და გააკრიტიკეთ ის, რაც გასაკრიტიკებელია, ვგულისხმობ ამერიკის ხელისუფლების დღევანდელ ქმედებას, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციაში გადაჯგუფებები რეალურად დასრულდა. იგი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პირველ ადგილს ქართული ოცნება, ხოლო მეორე ადგილს ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აიღებს.

პერსპექტივები არის იგივე, რაც იყო მანამ, სანამ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე დაიწყებოდა საუბარი. სამწუხაროდ, ეს გაერთიანება ვერ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დარჩა ძველ სივრცეში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი ადგილი ექნება ქართულ ოცნებას, მეორეზე იქნება ნაციონალური მოძრაობა. შემდეგ სამი პარტიაა: ახალი,ლელო და გახარია, ერთმანეთთან მცირე უპირატესობით. მე მაინც მგონია, რომ მათში ლელო უფრო ლიდერობს, ვიდრე ახალი და გახარია, უფრო მეტიც, ლელოს შემდეგ ახალი მოდის და ბოლოს გახარიას პარტიაა. სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ.

წინ ერთი თვეა და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ - ორივე ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ექნება ამ არჩევნების შედეგებზე, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც ვიცით, პარტია გახარია - საქართველოსთვის 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა, სადაც სიის ნომერი პირველი თავად გიორგი გახარიაა: სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, - სწორედ ასე უპასუხა გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“.

მისი თქმით, თავად სიის სათავეში რომ არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა.

მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური ძალის ლიდერი. შესაბამისად, მე რომ დავმალულიყავი, ამას ექნებოდა ორი შეფასება. პირველი, მე, უბრალოდ, შემეშინდა და ბრძოლაში წინა ფლანგზე გავუშვი ჩემი თანაგუნდელები ან უბრალოდ, მინდა, რომ პატარა მინიოლიგარქი ვიყო, რომელმაც გვერდიდან შეიძლება რაღაც პროცესები ვმართო და რუხი კარდინალივით რაღაცები ვაკეთო. მე არც ერთი მინდა და არც მეორე. სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, არც ერთ პოზიციაზე, როცა პრემიერი ვიყავი ან მინისტრი, სადაც ყველაზე მწვავე წერტილები იყო, იქ მივდიოდი და არასდროს დავმალულვარ. არასოდეს არ დავმალულვარ და ყოველთვის მივსულვარ, პასუხისმგებლობა მე ამიღია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.