მიუსაფარ პოლიტიკოსთა თავშესაფარი  

მიუსაფარ პოლიტიკოსთა თავშესაფარი  

რას შემატებს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ლელოში“ გაერთიანება პარტიას და რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მასზე მამუკა ხაზარაძემ არჩევანი გააკეთა? მოარული ხმები იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ უერთდებოდა, გამართლდა. ის „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში წარდაგინა. ჯერჯერობით უცნობია, სიის რომელი ნომერი იქნება მარგველაშვილი.

„დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო. დღეს ჩემი სამსახურია საარჩევნო ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა: „ვერ წარმომიდგენია დღეს პოლიტიკისგან განზე გადგომა. დღეს ხომ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენი სამშობლო აი, ასე ჩავაბაროთ რუსეთს საჯიჯგნად. მჯიჯგვნელები დარჩებიან ისევ ეს ხალხი, ვინც დღეს ამ ქვეყანას აუბედურებს, აღატაკებს და პერსპექტივას უკარგავს, ხოლო ვინც მათ ამას, ასე ვთქვათ, უფლებას მისცემს, იქნება პუტინი. როდესაც მე ვირჩევდი ჩემ ადგილს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მე ვერ გავდგებოდი გვერდზე, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ მე ვყოფილიყავი, კიდევ ერთხელ, იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს ძალიან შთამბეჭდავი ბიოგრაფია და ამავე დროს ძალიან სუფთა ხელები“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ ელის, რომ „ძლიერი საქართველოს“ კოალიცია გიორგი მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს.

„ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც კომედიურ ჟანრში უფრო გადადის ხშირ შემთხვევაში. ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ ალეკო ელისაშვილი, რომელიც ყოფილი ბანკირების გაერთიანებას ხალხის მძარცველებს და მევახშეებს უწოდებდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ ხელის ჩამორთმევის ღირსი არ არის ალეკო თავისი უღირსობის გამო, შემდეგ ამ ხელს წევენ ანა დოლიძის მონაწილეობით, რომელიც ასევე ბანკებს ესხმოდა თავს. რასაკვირველია, მარგველაშვილის შეერთება არავის გაჰკვირვებია. მე ვფიქრობ, მარგველაშვილისგან დივიდენდის მიღებას არ უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ რაოდენობა შექმნეს სხვადასხვა ადამიანებისა.

ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი - ეს მუშაობს, გარკვეულწილად, საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის. ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში, რომ რაოდენობრივად თითქოსდა, ეს ბევრია, რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“ და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება ერთი-ორი სადღეგრძელო ასწავლოს უკეთესი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ლელოს“ კოალიციის აგების გარკვეული პრინციპი აქვს. ანალიტკოსი ამბობს, რომ აშკარაა, პოლიტიკურ სივრცეში ვინც კი მეტ-ნაკლებად ცნობილი სახე იყო, ყველას ერთად მოუყარა თავი. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამით ხაზარაძე ცდილობს საზოგადოების ინტერესი უფრო მეტად მიიზიდოს და აჩვენოს, რომ ყველა ცნობილი პოლიტიკოსი მის კოალიციაშია.

„არჩევნების დროს ცნობადი სახეები დადებით მოვლენაა და მარტივიც არის მისი საზოგადოებისთვის წარდგენა. ახლა, ასეთ მოკლე დროში, უცნობი სახეები წარადგინო საზოგადოებისთვის, ამის აღქმა ჭირს. ამიტომ ხაზარაძემ ასეთი ტაქტიკა აირჩია, რომ თუ ადამიანს იცნობენ, მის გაცნობაზე ფულს და დროს აღარ დახარჯავს. თანაც ფული აქვს და რატომაც არა, ვისაც უნდა იმას იყიდეს. მაგრველაშვილს სტატუსი აქვს, ექს-პრეზიდენტია და დასავლეთის თვალში და ჩვენი საზოგადოების ნაწილის თვალშიც, ეს ფაქტი პოლიტიკურად იყიდება. ამ მხრივ თითქოს მომგებიანი სტრატეგიაა, მაგრამ მეორე მხრივ, სარისკოც არის, რადგან, შეიძლება ელისაშვილს, ანა დოლიძეს და გიორგი მარგველაშვილს ერთნაირი შემადგენლობის მხარდამჭერი არ ჰყავდეთ. ვისაც შემადგენლობა მოეწონა, იმას შეიძლება დანარჩენი ორი არ მოსწონდეს. ამიტომ მკაფიო პოლიტიკური ფიგურების ერთ გუნდში შეყვანა, შესაძლოა, პირიქით, წამგებიანი აღმოჩნდეს - ხმები საერთოდ განიზიდოს. თუკი ამომრჩეველი სხვადასხვა ჰყავთ, შესაძლოა, ამომრჩეველმა ხელი ჩაიქნიოს“,-ამბობს საყვარელიძე.

რაც შეხეება კონკრეტულად მარგველაშვილის ფიგურას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მას ქვეყნის შიგნით არა აქვს არანაირი მხარდაჭერა და ის არ არის პოლიტიკოსი, რომლიდანაც დამატებით ხმებს მიიღებს. ამიტომ გათვლა უფრო დასავლეთზეა გაკეთებული და იმის ჩვენებაზე, რომ მასთან ყოფილი ქვეყნის პირველი პირია.

„საქე ისაა, რომ თავად ხაზარაძეს აქვს ქვეყნის შიგნით პრობლემა, მას ე.წ. მევახშედ და ბანიკრად აღიქვამენ. ამიტომ მისი ფიგურა პრობლემურია და ფულის გარდა სხვა პირადი პოლიტიკური რესურსი არა აქვს. ამიტომაც ცდილობს, რომ მარგველაშვილი და სხვა ისეთი პირები შეარჩიოს, რომლებიც მის ამ უარყოფით ფაქტორს გადაფარავენ. ამიტომაც მიიღო თავისთან ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე, რომლებიც მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსები იყვნენ. მათ საზოგდეობას აჩვენებს, რომ აი, თქვენ თუ ჩემი მიუღებლობა გქონდათ, ახლა ქვეყანას რომ დასჭირდა, ჩემი ყველაზე დაუძინებელი მტერიც კი მივიზიდე. ამით კი ავიწყდება, რომ დოლიძის მხარდამჭერებმა შესაძლოა არ მიიღონ. დოლიძემ თუ პარლამენტში მოხვედრის გამო თვალი დახუჭა იმაზე, რაზეც ადრე ბანკებზე და ხაზარაძეზე საუბრობდა, მისმა ამომრჩეველმა, შესაძლოა, არ დახუჭოს. იგივე ქნას ელისაშვილის ამომრჩეველმაც. მარგველაშვილი, უბრალოდ, სჭირდება საჩვენებლად ყველასთვის, რომ მასთან არის ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი და ისინი არიან ამ ქვეყნის გადამრჩენები. მარგველაშვილი რისი და ვისი გადამრჩენიც არის, კი ვნახეთ“,-ამბობს საყვარელიძე.

trampi სათაური აქვს ბრწყინვალე----ეგრევე ავღფრთოვანდი თანაც .............. ამერიკულად
2 თვის უკან
დეა აუუ კი, სათაური საოცარი აქვს. ზუსტად ჯდენა რა 😅😅
2 თვის უკან