ულტიმატუმი ხელისუფლებას - აშშ და ევროკავშირი ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევას ითხოვს

ულტიმატუმი ხელისუფლებას - აშშ და ევროკავშირი ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევას ითხოვს

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვერავითარი შანტაჟი და სანქცია ბიძინა ივანიშვილს არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ. აშშ და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონონის და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონის გაწვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის საპატიო თავმჯდომარეს სანქციებით, ხოლო ხელისუფლებას რევოლუციით ემუქრებიან.

4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღეს „ქართული ოცნების“ „ჰომოფობიური“ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი პეტერ სტანო აცხადებს, რომ „პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“.

„ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას. ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“, - ვკითხულობთ პეტერ სტანოს განცხადებაში.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. განცხადებაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ე.წ. აგენტების კანონი და აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

სტრატეგიული პარტნიორები არ მალავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ორი კანონი გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია.

„საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს ორგანიზაციას რეგისტრაციას და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ეს კანონი კი ცდილობს სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი.

პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია რატომ შეიძლება აკრიტიკებდდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელები კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტში არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს „ძალიან უცნაური მიზნები“.

„ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია, როგორც სტანოს და ასევე, ო'ბრაიენის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი საზოგადოებისთვის არ არის დადებითი, აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რასაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში. როდესაც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჩვენ გვესმის კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი.

რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი რაც იზღუდება, ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც ძალიან უცნაური მიზნები აქვს. რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ასეთ განცხადებებს აღარ მოვისმენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო, ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ პროცესს ფარდა აეხადა. კანონი და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა. თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია. ევროკავშირის სახელით სტანომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი, ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია. ფაქტობრივად, იდენტური განცხადებები გააკეთა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“ თვლის, რომ შეუიარაღებელი თვალით, მარტივად გარჩევადი იყო, რომ მისი ჩამოსვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანს ჩამოშლილი ოპოზიციის გამაგრება და ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. ხოლო, სიტყვათა შეთანხმება „დემოკრატიული უკუსვლა“ შაჰინმა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონების ჭრილში ახსენა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა.

„თუ აქამდე შედარებით რთული იყო გარჩევა, თუ რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით საქართველოს დაჩაგვრას და ადგილობრივი აგენტურისა და მათი პატრონების პროპაგანდა მეტნაკლებად მუშაობდა, თითქოს საქართველო არ ახორციელებს რეფორმებს და სწორედ ამიტომ ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურად არც ევროკავშირის ბიუროკრატიას და არც მის მმართველ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, არ აინტერესებს არანაირი რეფორმა. სამწუხაროდ, მათთვის ასოცირების შეთანხმების სქელტანიანი დოკუმენტიც და 9 პუნქტიანი დათქმაც მაკულატურაა და მეტი არაფერი.

ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა პედოფილიასთან მიმართებაში, იგივე „ხალხის ძალის“ არც ერთი განცხადება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს მთავრობამ პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარება არ გვქონდეს.

„ეს მათი ყალბი ინიციატივები და იდეები ვითომ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, ძალიან კარგად ჩანს ამ რეალობის გათვალისწინებით. ის მრავალ ასეულ მილიონიანი დახმარება, რომელიც ჩვენ დასავლეთიდან მიგვიღია, სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას ემსახურებოდა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს არაერთმა კონფლიქტმა მოუტანა.

„ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში. თავის სამეგობროში ყველას სჭირდება ძლიერი, ჯანსაღი ადამიანები და ერთეულები, დანგრეული საქართველო ევროკავშირს რაში სჭირდება. „ქართული ოცნება“ ამ თემით მოსახლეობის შანტაჟს ახდენს. ის გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც არა ერთმა კონფლიქტმა მოგვიტანა.

რაც შეეხება ტრადიციულ ღირებულებებს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ ეკლესიას არავისგან, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან არ ესწავლება. საქართველომ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაფერი ამის დაცვა და შენახვა მოახერხა და ტრადიციული ღირებულებების გადაფასებას ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ვერავინ შეძლებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

მერაბ.g ხელისუფლებას მშვიდობა რომ აინტერესებდეს, ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამდაო; ანუ: 1. სხვათა სურვილებს თუ არ შევასრულებთ, ამან შეიძლება ომამდე მიგვიყვანოსო?! 2. ცალ ფეხზე დგომა და დასავლეთის ბრძანენებით სიარული მშვიდობის საწინდარიაო 3. ლგბტ-ს პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს იმიტომ იღებენ, რომ ჩემი ბიჭი შვილიშვილი მეორე, გოგოში არ ამერიოსო /ხუხა/ხომ კარგი ლოგიკაა!
1 თვის უკან
amo დასავლეთს როგორც ყოველთვის სისხლი სწყურია.
1 თვის უკან
ლაზი რაც აქ ხალხია ნახსენები, ნეტავ ამათ მართლა სჯერათ რასაც ამბობენ თუ ვინმე აძალებთ ამის ლაპარაკს. ამ სამყაროს ხვალინდელ დღეზე თუ არ ფიქრობენ, საკუთარი ოჯახები არ ეცოდებათ?
1 თვის უკან
არაგველი641 სულ უფრო მეამაყება ჩვენი წინაპრები, რომლებმაც ბევრი იომეს საქართველოს გადასარჩენად და გადაარჩინეს. ჩვენ კი გვერგო ჩვენი მტრები, შინაური და გარეული, ალასანიები, ფოგიტები და მათნაირები. ამათთან ომს ჩვენც მოვერევით!!!
1 თვის უკან