ხელისუფლებამ და ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაიწყეს და მათი სტრატეგიაც ცნობილია. ოპოზიცია მოსახლეობას არწმუნებს, რომ თუ მათ აირჩევენ, მაშინ ევროატლანტიკურ ოჯახში მიღება გარანტირებული გვექნება. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობა დაბრუნდება, ევროკავშირიც და ნატოც უკან დაგვრჩება და ქვეყანა უმალვე ომში იქნება ჩართული.
პრემიერი ირკალი კობახიძე ამბობს: „26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“.
რაც შეეხება ოპოზიციას, მან წინასაარჩევნოდ, კამპანიის პერიოდში რიტორიკაც კი შეცვლა. ორი წლის წინ რადიკალური ოპოზიცია მმართველ გუნდს პრორუსულ ძალად აცხადებდა იმის გამო, რომ საქართველო სანქციებს არ მიუერთდა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა, დღეს კი თავად საუბრობს რუსეთთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობაზე.
მმართველი გუნდისთვის მათი მხრიდან რიტორიკის შეცვლა აღიარებაა, ვინაიდან უყურებენ კვლევებს და ხედავენ, რომ ხელისუფლებას გასული ორი წლის განმავლობაში გატარებული პრაგმატული პოლიტიკის გამო, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ახლა მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვს გასაკეთებელი.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.
„თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს, პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ არჩევა არის, პირიქით, აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ლოგიკურ თანმიმდევრობას და დამაჯერებლობას აქვს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ გზავნილი ომსა და მშვიდობაზე, უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ოპოზიციის რუსეთთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკა.
„ჩვენი ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და პოლიტიკაში ადრე თუ უფრო მარტივად იჯერებდა რაღაცებს ახლა ბევრ რაღაცას აკვირდება. ოპოზიციის საუბარი, რომელიც მათ უკრაინის ომთან და რუსეთთან მიმართებაში შეცვალეს, ნაკლებად დამაჯერებელია. ხალხი ხვდება, რომ ეს წინასაარჩევნოდ შეცვლილი რიტორიკაა, ან კიდევ კოკნკრეტული დავალებაა თავად კრემლიდან. არაერთი ოპოზიციონერია რუსეთთან და რუსებთან მჭიდრო კომუნიკაციაში. ამიტომ, ვინ არის დაზღვეული იმაში, რომ ეს ხალხი ამ განცახდებას მიზანმიმართულად, კრემლის დაკვეთით არ აკეთებს? გვახსოვს რომ ოპოზიცია მუდმივად საუბრობდა „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებააო და ამის მტკიცებულებად სწორედ რუსეთთან აღდგენილი ფრენები, ვაჭრობა მოჰყავდათ. ახლა კი რიტორიკა შეცვალეს, ამას კი ყველაზე მეტად წინასაარჩევნოდ „ოცნება“ გამოიყენებს და მათ წინააღმდეგვე შეაბრუნებს. ანუ გამოდის, რომ ამით ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა აღიარეს და ადრე იმ ნარატივით მტყუანები საკუთარი თავი გამოიყვანეს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ ამ ორწელიწადნახევარში დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის გადატარება, მიუხედავად დასავლეთიდან წამოსული ზეწოლისა, რუსეთთან შეუძლია.
„ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია მმართველ გუნდს იმისთვის, რომ სწორედ ეს პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ ტურბულენტობაში მაინც შეძლო და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ეს მოსახლეობამ კარგად დაინახა. გვახსოვს განცახდებები ამერიკიდანაც და დასავლელი ბევრი ანალიტიკოსისგანაც, რომ საქართველო შესაძლოა ომში ჩართული აღმოჩენილიყო. ვნახეთ ამის პროვოცირების მცდელობაც. ამიტომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, ბევრად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის, ვიდრე ოპოზიციის. ის რაც უკვე ნახეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა, რომელიც საეჭვოა ვისგან მოდის და რის გამო შეცვალეს“,-ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ორი მნიშვნელოვანი ხაზი აქვს. ერთი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არსებობს, თუკი ისინი არ გაიმარჯვებენ და მეორე, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა გარდაუვალია.
„რა თქმა უნდა, ამ თემებს იმიტომ იყენებს მმართველი გუნდი, რომ მოსახლეობის რაღაცა ნაწილზე ეს ჭრის. ოპოზიციის არასწორი მესიჯების და არათანმიმდევრული განცახდებების ფონზე, ხელისუფლება რომ ამას გამოიყენებს, ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ომის თემა ჩვენს მოსახლეობაზე მოქმედებს, მით უმეტეს რეგიონში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და ფეთქებადსაშიშ გარემოში ვიმყოფებით. თუმცა ოპოზიცია უშვებს შეცდომას, როდესაც ხელისუფლებას ამ თემას მანიპულაციისთვის უთმობს. მათ ორი წლის წინ ძალიან არასწორი ნაბიჯები გადადგეს, რის გამოც ომის თემა ხელისუფლებისთვის პროპაგანდის საშუალება გახდა.
თუმცა არც ეხლა იტკიებენ თავს იმაზე, რომ მოსახლეობას აუხსნან, რატომ აღარ არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება. მაშინ, როცა მთელი დასავლეთი ცდილობს იმას, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რაღაცა კონსენსუსამდე მივიდნენ და იპოვონ ფორმულა როგორ დაასრულონ, აქ ომის ხელახლა წამოწყება ვის რაში უნდა აწყობდეს? იმის მაგივრად, რომ ოპოზიციამ ეს ახსნას, ამ თემას ხელისუფლებას უთმობს. ასევე, მცდარია მათი შცვლილი რიტორიკაც რუსეთთან მიმართებაში, რადგან აქაც არ ხსნიან კონკრეტულად რა შეიცვალა იმისთვის, რომ რიტორიკა შეცვალეს. რუსეთი შეიცვალა? პუტინი აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი, თუ რა მოხდა ასეთი, რომ ახლა ფრენებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით სხვა პოზიციები აქვთ?“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.