საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის სარჩელზე განხილვა უკვე დასრულდა და დაადგინა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. რასაკვირველია, არბიტრაჟმა მოსარჩელეს 1.5 მლრდ დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა.
„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა.
საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განცხადებები გაკეთდა მმართველ პარტიაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა.
„გაიმარჯვა სახელმწიფომ, რომელიც სამართლიანი წესებით მოქმედებს. ანაკლიის საქმე იყო თავისი შინაარსით ძალიან მარტივი, რადგან სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ ინვესტორები მოეზიდათ და პროექტი განეხორციელებინათ.
კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვა გაადვილებოდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა სიმართლე დაადგინა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე.
სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებით აბსოლუტურად მართალი იყო.
„პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განვითარების საკითხში. საბოლოოდ, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო და დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება და ამის მიუხედავად, პროექტი ვერ შესრულდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მაინც იმას ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის აშენებას ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შეუშალა.
„თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეულ სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება“, - დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აფასებენ ექსპერტებიც. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს იმ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
„პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სრული სიცრუე იყო, რომ პროექტი შეჩერდა სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეშლის გამო, რასაც ამ წლების მანძილზე ბატონი ხაზარაძე გვიმტკიცებდა. მიმდინარე წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან 2016-2020 წლებში დადგენილი ვადების არაერთგზის გადავადებისა (პროექტი 6-ჯერ გადავადდა), პროექტის დაფინანსების ვალდებულება მთლიანად ეკისრებოდა ინვესტორს, რაც მან ვერ შეძლო, ხოლო მთავრობას ხელი არ შეუშლია, არც პირდაპირ და არც ირიბად პროექტის განხორციელებისთვის!
შესაბამისად, მოთხოვნა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა და აქეთ დაეკისრა კონსორციუმს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.
წლების მანძილზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდების გამო, ბატონი ხაზარაძე წუხილს კი არ უნდა გამოხატავდეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო, პირიქით, საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს ამ ყველაფერზე, ხოლო პოლიტიკაში ამის მწარე შედეგს 26 ოქტომბერს თავად იხილავს!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
კიდევ უფრო მკვეთრი პოზიცია აქვს ექსპერტ დავით ჩიხელიძეს. მისი შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამყარა ხაზარაძის სტატუსი - თაღლითი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მან ანაკლიის პროექტთან მიმართებით ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომ მას დავის დაწყების იურიდიული და მით უფრო მორალური უფლება არ ჰქონდა.
„საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით გაამყარა მამუკა ხაზარაძის სტატუსი - თაღლითი! როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, ის სახელმწიფოს მილიარდნახევარ დოლარს ედავებოდა, ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს თვალს ადევნებდა, კარგად იცის, რომ მამუკა ხაზარაძემ ვალდებულებები ვერ შეასრულა, მას დავის დაწყების არც იურიდიული და მით უფრო მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მრავალი შეღავათი გაუკეთა, ასევე აპატია ჯარიმები და ვალდებულების შესრულების თარიღი რამდენჯერმე გადაუწია, რეალურად, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის აშენებისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე მხარეს მყოფმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა დაიწყეს.
საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება სპეკულაციების სივრცეს არ ტოვებს, გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფომ, გაიმარჯვა სახელმწიფო ინტერესებმა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ინვესტორებთან მიმართებით მაღალი სტანდარტით მოქმედებს და ყველაფერი კანონის ფარგებში ხდება, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება/გაწყვეტა. ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის მიუღებელია მომჩივანი მხარის არსებული პოზიცია, რომელიც გამტყუნების მიუხედავად, ათიათასობით სამუშაო ადგილის არშექმნაში სახელმწიფოს ადანაშაულებს, თითქოს არბიტრაჟმა სახელმწიფო გაამტყუნა. ბატონებო მიწაზე დაეშვით, ჯერ ქართულმა სასამართლომ გითხრათ, რომ თაღლითები ხართ, ახლა საერთაშორისო არბიტრაჟმა. ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ სიმართლე აღიაროთ და ვნებები დაიცხროთ, თქვენნაირი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით კი, ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ერთგვარი გაკვეთილიც და გაფრთხილება არსებული თუ პოტენციური თაღლითებისთვის საქართველოში.
„თაღლითი არის თაღლითი - ყველგან და ყოველთვის, გინდა ბანკის მფლობელი იყოს, გინდა პარტიის ლიდერი ან თუნდაც მეეზოვე. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ერთგვარი გაკვეთილიც და გაფრთხილება არსებული თუ პოტენციური თაღლითებისთვის საქართველოში!“ - დაწერა ანჯაფარიძემ.
ახლა ქვეყანას დაგვიპირა 1.5 მლრდ. დოლარის წაგლეჯა და არბიტრაჟმა გადაგვარჩინა
პოლიტიკაც ფულის წასაგლეჯად მოიფიქრა - ხელისუფლებასი თუ იქნა, ბიუჯეტს ძროზე დაიყვანს!
ახლა ქვეყანას მილიარდნახევრის წაგლეჯას