რადიკალურმა ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაასაჩივრა. ისინი პირველ ეტაპზე კანონის შეჩერებას ითხოვენ. მანამდე აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობოებმა და პრეზიდენტმა გაასაჩივრეს. უკვე ცნობილია, რომ სამივე სარჩელი ერთად განიხილება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეუძლებელია გამჭვირვალობა არაკონსტიტუციური იყოს.
რატომ მიმართავენ რადიკალი ოპოზიციონრები და არასამთავრობოები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გასაუქმებლად?! ცხადია, მათ წინასწარ იციან, რომ არათუ საკონსტიტუციო, არამედ ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო ვერ გარისკავს და ვერ იტყვის, რომ ყველა ქვეყანაში შეიძლება მოქმედებდეს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, საქართველოს გარდა. ასეთი დასკვნა რომც დადოს სასამართლომ, ეს უკვე ორმაგი სტანდარტი იქნება.
უბრალოდ, არასამთავრობოებს იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციოს შემდეგ სტრასბურგში წაიღებენ საქმეს, სადაც ადეიშვილის კადრების ეიმედებათ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, არასამთავრობოებს სჭირდებათ ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ მერე საქმე სტრასბურგში წაიღონ, იქ ადეიშვილის კადრების- წოწორიას და კიდევ ზოგიერთი ლობისტის დახმარებით, ეგებ, რაიმე „გააიმასქნონ“, თუმცა ყველამ კარგად იცის, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში რაც დაიჭირეს.
რაც შეეხება 7 საქმეზე მსჯავრდებულ ადეიშვილს, სააკაშვილის რეჟიმის ამ ერთ-ერთ დასაყრდენს, იგი პერიოდულად, სტრასბურგში უკრაინის სახელით მართავს შეხვედრებს, ევროსასამართლოს იურისტ ნათია ჯაფარიძესთან ერთად. სხვათა შორის, თბილისში მდებარე ევროსაბჭოს ოფისი ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს.
ამ სამიოდე თვის წინ ადეიშვილი ჰააგაშიც გამოჩნდა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდს მისი დაკავების მოთხოვნით მიმართა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრებას პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან შეუძლებელია, სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა ცუდია.
შეიძლება თუ არა დაიშვას ასეთი პრეცედენტი, თუნდაც სტრასბურგის ან საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ გამჭვირვალობა თურმე მხოლოდ საქართველოსთვისაა დაუშვებელი?! რას შეცვლის სტრასბურგში გამოჩენილი ადეიშვილის აჩრდილი?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი სასამართლოა და იქ მთლიანი ქართული კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე გამოიტანენ ვერდიქტს და არა ზოგადად, კარგია თუ არა გამჭვირვალობა.
ანალიტიკოსის აზრით, ცხადია, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ მიღებული იმიტომაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ითვლება, რომ გამჭვირვალობა კარგია, ოღონდ ერთი დათქმით - გამჭვირვალობა თურმე მხოლოდ მათთვისაა კარგი, ჩვენ კი თითს გვიქნევენ, აქაოდა, უნდა მიუთითოთ, ქართული გამჭვირვალობის კანონით რომელ ქვეყნებზე ნადირობთო.
„საბოლოოდ სტრასბურგში ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რომ გამჭვირვალობა საქართველოსთვის დასაშვებია, ან არ არის დასაშვები, მაგრამ რა ვერდიქტიც უნდათ, ის გამოიტანონ და შეიტანონ, ეს მაინც საქართველოს გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ არ უნდა ავყვეთ „ნაციონალებს“, ეს მათი მცდელობაა, რომ ეს სტილი დაამკვიდრონ, აქაოდა, დასავლეთი რასაც იტყვის, ყველაფერი თურმე სწორი ყოფილა. მერე თვითონ გაიქცევიან, ლობისტების საშუალებით დასავლეთში საქმეს ჩააწყობენ და დასავლეთს აყვირებენ იმას, რაც თვითონ აწყობთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრება აბსოლუტურად უპერსპექტივო საქმეა.
„გაუგებარია, კონსტიტუციის რომელ მუხლთან შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ეს კანონი?! საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის კანონს როცა იხილავდნენ, უშუალოდ კანონის განხილვაში არ შევიდა ეს ხალხი. იმიტომ არ შევიდნენ განხილვაში, რომ მუხლი არ არსებობს ამ კანონში, რომელიც ვინმეს რაიმეში ზღუდავდეს. ანუ შემზღუდავი ნორმა არ არსებობს კანონში. ამიტომაც სადავო საკითხი რა შეიძლება იყოს, ეს არის აბსურდი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის პერსპექტივა ნულია“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება სტრასბურგს, ნანა კაკაბაძის განმარტებით, ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც განიხილავს ევროკონვენციით გათვალისწინებული მუხლების დარღვევას. ამდენად გაუგებარია, სტრასბურგმა როგორ უნდა განიხილოს კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევა ამ კანონით?! წელიწადზე მეტია, ლამის სახელმწიფო გადატრიალება მიმდინარეობს ამ კანონის ირგვლივ რადიკალების მხრიდან და ერთი არგუმენტიც ვერ მოიტანეს, რომ თურმე ადამიანის უფლებები ილახება.
„თუკი გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს სტრასბურგში ადეიშვილის იმედი აქვთ და, თუ ადეიშვილი დაეხმარება კიდეც, ეს ნიშნავს, რომ კორუმპირებული გამხდარა ევროპული სასამართლო. თუ სტრასბურგმა ქრთამი აიღო ამ საქმეში, ამაზე უკვე მე ვერ გავცემ პასუხს. მთელი დედამიწაც რომ აიღოს ადეიშვილმა და აჩუქოს სტრასბურგის მოსამართლეს, რაღაც ხომ უნდა ჩაიწეროს სტრასბურგის გადაწყვეტილებაში? ცარიელ ფურცელს ხომ ვერ გამოაგზავნიან? სულაც კორუმპირებული სასამართლო რომ იყოს, იმ კორუფციასაც ხომ სჭირდება რაღაც არგუმენტი?!“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.