ხელისუფლებას ვერ გაურკვევია, „ზადნიში“ რატომ ჩაცვივდნენ ოპოზიციონრები და ის, რაც ადრე მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნდათ, დღეს უკვე საქართველოს გადარჩენის წინაპირობად რატომ ესახებათ.
ერთ დროს ნიკა გვარამია ეწინააღმდეგებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში და არც რუსეთთან ფრენების აღდგენას უჭერდა მხარს, დღეს კი წინასაარჩევნოდ გვარამიას გემოვნება შეეცვალა, არც რუსი ტურისტები აღიზიანებს და არც რუსეთთან ფრენის დაწყება.
სახეცვლილება განიცადა გიორგი ვაშაძემაც. თუ ერთი წლის წინ ვაშაძე ჯერ საზღვრის ჩაკეტვას, შემდეგ კი 500 ლარის დაწესებას მოითხოვდა რუსეთის თითოეული მოქალაქის შემოსვლისთვის სავიზო გადასახადის სახით და ეს ფული მიმართული უნდა ყოფილიყო დევნილების კომპენსირებისთვის, დღეს უკვე ვაშაძე როგორც რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს, ისე რუსეთთან ვაჭრობას მოწყალე თვალით უყურებს.
რამ აიძულა ოპოზიცია „რუსეთუმეს“ იარლიყი თავად მოერგო?
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია თავიდან ბოლომდე სულგაყიდულია, დღეს ერთს ამბობენ, ხვალ - მეორეს და ამის გამო სინდისის ქენჯნას არ განიცდიან.
„ჩვენი ოპოზიცია რატომღაც ფიქრობს, მიიმხროს ის ამომრჩეველი, რომელიც მათ პროდასავლურობას არ ემხრობა, რადგან ამ პროდასავლურობაში არანაირი ხეირი არ ნახეს. დასავლეთი სულ გვპირდება, აბა, ნატოში მიგიღებთ, აბა, ევროკავშირში მიგიღებთო და რეალურად მძევალი გაგვხადეს ამ დაპირების. უკრაინას რა დაემართა ნატოში მიღება-არმიღებით და ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანებით, ამასაც ყველა ხედავს. ამიტომ ჩვენი ოპოზიცია ახლა ფიქრობს, ეგებ რამენაირად ყველა სეგმენტს მოედოს, ანტირუსული განწყობა მაინცდამაინც პოპულარული რომ არ არის ჩვენს ხალხში, ეს მათ დაინახეს. ნახეს ისიც, რომ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, გლეხკაცს ღვინო, ხეხილი გააქვს რუსეთში. ამდენად, მათმა რიტორიკამ ვერ ჰპოვა პოპულარობა ქართველ ამომრჩეველში და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელნი და ყველაფრის მკადრებელნი არიან. აქეთ ვაშაძე ყოველთვის რუსეთთან სანქციების მომხრე იყო და ახლა პირიქით იძახის. იქით აქუბარდია ირწმუნება, როდის იყო, მე რომ ვითხოვდი ტექნიკის გაგზავნას უკრაინაშიო. ცდილობენ, ადრინდელი რიტორიკა გამოასწორონ, რადგან მათმა ვითომ პროდასავლურობამ და პროევროპულობამ ვერ მოიპოვა პოპულარობა ამომრჩეველში“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, როგორ აღიქვამს ოპოზიციის შეცვლილ პრორუსულ რიტორიკას დასავლეთი და ჩვენი ოპოზიციისთვის წამგებიანი ხომ არ გახდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი, განმარტავს, რომ დასავლეთიც არაერთგვაროვანია რუსეთთან მიმართებით.
ლევან ნიკოლეიშვილი იხსენებს აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს, როცა რუსეთის მიერ საქართველოზე მიტანილი იერიშის შემდეგ, 2009 წლის 9 მაისის აღლუმზე, ცალკე ამერიკელები გამოდიოდნენ, ცალკე ბრიტანელები, ფრანგები, ცალკე უკრაინელები და პუტინი გამოსახული ჰყავდათ „TIME“ -ს გარეკანზე.
„დასავლეთი დამოკიდებულია რუსეთზე, ვითომ სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, სინამდვილეში, სანქციების პარალელურად, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაზრდილი აქვთ. მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების იმპორტ-ექსპორტი გაზრდილია რუსეთთან მიმართებით. ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთში იმპორტირებული ღვინო გააქვთ, ე.ი. ყიდულობენ სხვაგან და ყიდიან. ოღონდ სარგებელი ნახონ, ყველა ქვეყანა ფიქრობს თავის სარგებელზე, დიდი ხანია, ეს უსინდისობა გამეფებულია მსოფლიოში. ჩინეთს ლანძღავდნენ, თათხავდნენ და ახლა ზელენსკი და კულება ჩინეთზე არიან დამოკიდებულნი“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს არის მორიგი ტყუილი, თითქოს ოპოზიცია პრორუსულია. ეს იმისთვის კეთდება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ პროდასავლელ ამომრჩეველში დისონანსი შეიტანონ, რათა დაფიქრდეს პროდასავლელი ამომრჩეველი, რატომ უნდა მისცეს ხმა ოპოზიციას, თუკი ოპოზიციაც პრორუსულია. ეს არის შორს გათვლილი განაცხადი, მორიგი დეზინფორმაცია და გათვლა იმაზე, როგორმე ამომრჩეველი ჩამოაშორონ ოპოზიციას.
„რასაკვირველია, გვარამიამაც თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება რუსეთთან ფრენას, ასევე, რუსი ტურისტების ჩამოსვლას, ასევე, ოპოზიციის მხრიდან სხვა განცხადებებიც გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცაა, მთავარია საგარეო პოლიტიკური კურსი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, წესით, ეს უნდა იყოს ჩვენი პოზიციის და ოპოზიციის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.
ანუ, რაა? ერთი ადგილის თამაში?
არც მაწყობ ს მისი გამარჯვება ------ მაშინ იქ ჯახი არ იქნება
არადა ყოველდრე ფანჯრიდან ვიხედები---- რა ხდება ჯახი ხო არ დაეწყოთ--- მეთქი
იქნება ... იქნება...... ძირს ნიკოლოზ მაღლა მუშა უსათოოდ იქნება....