ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნირობა, ემყარება მხარეთა თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა მომგებიანი უნდა იყოს ორივე მხარისათვის და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ჩინეთის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის რაიმე საფრთხეს.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
ტრამპის გაპრეზიდენტება ჩვენთვის შეიძლება სასიკეთო გახდეს იმ თვალსაზრისით, რომ ქართულ ენჯეო სექტორს გამოეცალოს ფინანსური საყრდენი და მათი დესტრუქციასაც წერტილი დაესვას. ყველა ეს დაძაბულობა მიმართული იყო იქით, რომ პირველი - ქვეყანა ჩართულიყო უკრაინის ომში და მეორე - ჩინეთი არ შემოსულიყო რეგიონში. ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დაასრულებს უკრაინის ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიხსნება საქართველოზე ზეწოლა მეორე ფრონტში ჩართვასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, სწორედ, ამ პერიოდში საქართველომ გამოკვეთა საკუთარი ალტერნატიული განვითარების საშუალება და დიდ იმედს ამყარებს იმ პროექტებზე, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს, მათ შორის ჩინეთის მიერ ანაკლიის პორტის აშენებაზე. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისში იმის სათქმელად, რომ ანაკლიის პორტს ჩინეთს ნუ ააშენებინებთო. ანუ, აქ საქმე გვაქვს ამერიკის პოლიტიკასთან, რაც, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება. ამდენად, ამ მიმართულებით რას უნდა ველოდოთ?
დავით ზარდიაშვილი: ტრამპის პოზიცია კონკრეტულად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ხოლო მაიკლ პომპეოს იმდროინდელი პოზიცია დოგმად არ უნდა მივიჩნიოთ, რომლის გადახედვა არ შეიძლება. თუ საუბარია მთლიანად შავი ზღვის, ასევე საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი კარიბჭის როლსა და ფუნქციაზე, მისი სრულყოფილი, შეუფერხებელი რეალიზაციისათვის დიდ მოთამაშეებს შორის გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს. დღევანდელ მსოფლიოში დიდი მოთამაშეები ამ შემთხვევაში არიან აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი. ასევე, შავი ზღვის რეგიონში უმნიშვნელოვანესია თურქეთის პოზიციაც, რომელიც ფლობს ბოსფორის სრუტეს და მონტრეს კონვენციის დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია.
თუკი უკრაინის ომი დასრულდება, რასაც ტრამპი გვპირდება, ეს უნდა ნიშნავდეს რუსეთთან შავი ზღვის სტატუსზე გარკვეულ შეთანხმებასაც. დიდი ალბათობით, შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ტრამპის ადმინისტრაცია შექმნის, რაც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ძალთა ბალანისის შენარჩუნების მზადყოფნაზე მიანიშნებს, ანუ - აშშ-ს მიერ მონტრეს კონვენციის გადახედვის მცდელობა დასრულდება: შავი ზღვა კვლავ დახურული დარჩება გარდა ამ ზღვის მონაპირე სახელმწიფოებისა, სხვა ქვეყნების სამხედრო გემების განთავსებისათვის. ანაკლიის სავაჭრო, შესაძლოა, ასევე სამგზავროც, პორტი განხილული უნდა იქნეს როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი საზღვაო კარიბჭე, რომელსაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპასთან საქართველოს ფიზიკური დაახლოებისთვის.
აქ ისიც ძალზე საყურადღებოა, რომ პორტის მაჟორიტარული წილი საქართველოს სახელმწიფოს რჩება, ჩინური კომპანია კი ოდენ მინორიტარული წილის მფლობელია. მას, ინვესტიციების სანაცვლოდ მხოლოდ 49% რჩება საკუთრებაში ამ პორტისა, რაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს ნების გადამწყეტ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
ეს იქნება არა ჩინური, არამედ სწორედაც - ქართული პორტი. აქ აღსანიშნავია, რომ ამ ჩინურ კომპანიას უკვე აქვს მნიშვნელოვანი წილი მთელ რიგ, მათ შორის ევროპულ წამყვან პორტებში, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებში არც ერთ პარტნიორთან არავითარ პრობლემას არ ქმნის. ერთია გეოპოლიტიკური გადანაწილება, მეორეა ეკონომიკური თანამშრომლობა. ტრამპი ვერ წავა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ, თუნდაც იმიტომ, რომ გლობალიზაციის გამო აშშ-ს ეკონომიკაში უდიდესი ჩინური ინვესტიციებია და ასევე პირიქითაც.
ტრამპი-ვენსის ტანდემმა შეიძლება დაიცვას და ალბათ, ამას გააკეთებენ, ამერიკის მრეწველობა იაფი ჩინური საქონლისგან, ამ მხრივ განახორციელონ პროტექციონისტური, ხისტი პოლიტიკა და გაზარდონ ჩინეთიდან იმპორტის საბაჟო ტარიფები, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენზე უშუალოდ არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ოპტიმისტურად შევხედოთ და ჩვენი მხივაც ვიზრუნოთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც კონსენსუსი შედგება, რადგან გეოპოლიტიკური გადანაწილების თვალსაზრისით, ე.ი. სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, უკრაინის ომამდე არსებული სტატუს კვო და ძალთა ბალანსი, ფაქტობრივად, არ იცვლება, რისი უტყუარი საბუთიც უკრაინის ომის დასრულება გახდება.
ერთმნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ტრამპის მოსვლის შემთხვევაშიც კი არ გადაუხვევს იმ კურსს, რომ ჩინეთი მისთვის არის კონკურენტი და ამიტომ, უნდა გაგრძელდეს ჩინეთის შეკავების პოლიტიკა და შეიძლება გამძაფრდეს უფრო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს გაცილებით უფრო ძლიერია ჩინეთი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ინდოეთი, ირანი და რუსეთი, ვიდრე იყო ტრამპის დროს. იგივე ბრიკსი უკვე იკრებს ძალას, ბანკიც კი შექმნეს სადაც დაახლოებით 35 მილიარდია მობილიზებული. რატომ არის ბრიკსი ასეთი საშიში ამერიკისთვის?
- შეგახსენებთ, რუსეთის მიმართ უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ხორციელდებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური შეკავების, არამედ სულაც, მისი იზოლაციის მცდელობათა მეტად ხისტი პოლიტიკა. ეს კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და სანქციებით ვერც რუსეთის შეკავება მოხერხდა, ვერც მისი ეკონომიკური დასუსტება და მეტიც, გაიზარდა ბრიკსში რუსეთის როლი, ისევე, როგორც ბრიკსის როლი მსოფლიოში.
იგივეს უნდა ველოდეთ, თუკი აშშ და დასავლეთი კონფრონტაციულ გზას დაადგება ჩინეთის მიმართ და პატიოსანი, წესებზე დამყარებული კონკურენციის ნაცვლად, ეცდება „ხელების გადაგრეხვის“ პოლიტიკით მის ეკონომიკურ შეზღუდვას. ამას გარდაუვლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯებიც და ასევე, ბრიკსის მიმართულებით ჩინეთის უფრო გააქტიურება, ჩინეთის როლის გაზრდა ამ გაერთიანებაში და დიდი ალბათობით, ასევე ბრიკსის გეოგრაფიის გაფართოება.
ამიტომ, რუსეთის მაგალითზე შეკავების და კონფრონტაციის პოლიტიკით მიღებული გამოცდილების შედეგად, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, უფრო კეთილგონივრული პოზიცია ექნება როგორც ჩინეთის, ასევე ბრიკსის მიმართაც. ეს პოლიტიკა, რასაკვირველია, კონკურენციასაც გულისხმობს და იმავდროულად, თანამშრომლობასაც. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, რასაც ყოველთვის ემხრობოდა დასავლეთი (ყოველ შემთხვევაში - სიტყვით მაინც) უპირატესობაც ხომ სწორედ ეს არის - პატიოსანი კონკურენცია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ერთად ქმნიან დოვლათსა და განვითარებას.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ თავის შიდა ბაზარს არ დაიცავს, მაგრამ ეს მოხდება წესებზე და კანონებზე დაყრდნობით, არა ძალისმიერად, რათა უფრო სამართლიანი გახდეს საერთაშორისო ვაჭრობა და მაშასადამე, შეჯიბრიც ამ ორ ზესახელმწიფოს შორის. კონფრონტაცია, მით უმეტეს - ამ კონფრონტაციის ძალისმიერი სცენარი და ესკალაცია ორივე მხარისთვის თანაბრად დამაზიანებელი იქნება, შესაძლოა, ეს უფრო დასავლეთისთვის გახდეს დამაზიანებელი, რადგან მრეწველობის და ეკონომიკური აქტივების კონსოლიდაცია ახლა, უფრო, ბრიკსში შეინიშნება, ვიდრე დასავლეთში. ასევე, ბრიკსი ფლობს უფრო მეტ ბუნებრივ რესურსებსაც, უფრო დიდი რაოდენობით იაფი მუშახელიც ჰყავს, ვიდრე, მაგ. დიდი შვიდეულის ქვეყნებს ჯამურად.
ბრიკსის იდეა არის ის, რომ მის მონაწილე ქვეყნებს შეეძლებათ საკუთარი ვალუტით ვაჭრობა. ცხადია, თუ დოლაზე არ იქნება ვაჭრობა და აზიის მთელი მონაკვეთი გამოეცალა ამერიკულ დოლარს, ამერიკის ეკონომიკას კარგი დღეები არ ელის. შესაბამისად, ამერიკისთვის საფრთხე არა მხოლოდ ჩინეთი იქნება, არამედ მთლიანად ბრიკსი. აქედან გამომდინარე, რამდენად შეძლებს ტრამპი ხელი შეუშალოს ამ პროექტს?
- აქაც საკითხს ორი მახრე აქვს: თუ აშშ შეეცდება ხელოვნურად შეინარჩუნოს დოლარის დომინაცია, მით უმეტეს - ძალისმიერი საშუალებებით (რისი მაგალითიც იყო რუსეთისათვის მისი სავალუტო აქტივების გაყინვა ბელგიის ბანკში და შემდგომ წარუმატებელი მცდელობა ამ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისა) ეცდება ბრეტონ-ვუდსის სისტემის დაცვას, დოლარი უფრო მეტად დაკარგავს ნდობას და იგი ვეღარ შეასრულებს მსოფლიო სავალუტო რეზერვის როლს. აშშ-ს ეკონომიკისთვის კი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა კონკურენტუნარიანი ვალუტების ბაზარზე წარმატება, არამედ დოლარის შეუზღუდავი ემისიის გამო ინფლაციის და ვალების დიდი სისწრაფით ზრდა. აშშ-ს სახელმწიფო ვალი უკვე 35 ტრილიონია, ხოლო მთლიანი ვალი რაც აშშ-შია, 216 ტრილიონი! ეს წარმოუდგენელი მოცულობებია.
მარტო სახელმწიფო ვალის მომსახურებას წელიწადში ერთი ტრილიონი, ხოლო აშშ-ს ეკონომიკაში არსებული ვალების მომსახურებას ჯამურად - 6-7 ტრილიონი დოლარი სჭირდება. ეს კი ქვეყნის მშპ-ს მესამედზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის მესამედი ვალის პროცენტების გადასახადებში მიდის, ხოლო თავად ვალი არათუ მცირდება, არამედ კატასტროფულ ზრდას განაგრძობს. თუ ეს საშინაო ვითარება, ე.წ. ფინანსიალიზმი, რაც ვალების შეუქცევადი ზრდის ფონზე მეგა ფინანსური კორპორაციების უზომო გაბერვას (მაგ. „ბლექ როკის“ კაპიტალის ექსპონენტური ზრდა, როცა 5 მილიონიდან 15 წელიწადში მისი კაპიტალი 10 ტრილიონამდე, ე.ი. ორი მილიონჯერ(!) გაიზარდა) ვითარება არ დაიძლია, ბრიკსთან, სადაც მსგავსი რამ არ შეინიშნება, ეკონომიკურ და ვერც ფინანსურ კონკურენციას აშშ და მისი დოლარი ვეღარ გაუძლებს.
ლაპარაკი არის იმაზეც, რომ ტრამპი, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ დაასრულებს ამ ომს, უკრაინაში უკვე შეგუებული არიან, რომ ტერიტორიები უნდა დათმონ რუსეთის სასაგებლოდ. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ თუ ამ ვერსიას გავყვებით, ამერიკა რატომ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთს დაუთმოს უკრაინის ტერიტორიები?
- ეს დათმობა ხდება რუსეთის მიერ უკრაინაში მიღწეული უდავო სამხედრო უპირატესობის მიზეზით და არა იმის გამო, რომ რუსეთი ტერიტორიების სანაცვლოდ რამეს დათმობს. ომის გაგრძელება უწინარესად, უკრაინისათვის და ასევე აშშ-სა და ევროპისთვის უკვე სრულიად უპერსპექტივოა. უკრაინა ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს და უარესი - მეტს დაკარგავს. უზარმაზარი მსხვერპლი, ნგრევა და ქაოსი მხოლოდ გაიზრდება და რაიმე შედეგი ჰორიზონტზეც არ ჩანს. ასევე, აშშ-ს და ევროპის მეტი და მეტი რესურსი ფუჭად გაიფლანგება ამ ომში და ეს უაღრესად დამაზიანებელი იქნება მთელ მსოფლიოში მათი პრესტიჟისა და რეალური გავლენისთვის.
როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი არაერთგზის ხაზგასმით აღნიშნავს, მათ შორის - მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს, ის ფაქტი, რომ აშშ-ს ეკონომიკა და მისი ფინანსური რესურსები სულ ცოტა, ათჯერ მაინც აღემატება რუსეთისას, აშშ-მ ვერ მოახერხა იარაღის და საბრძლო მასალების, მაგ. 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების იმავე ტემპით ზრდა, როგორც რუსეთმა. რა რაოდენობის ჭურვებსაც აშშ უშვებს ერთ თვეში (დაახლოებით 30 ათასს), იმას რუსეთი ერთ დღეში უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უამრავ ფულს იღებს, ეს ფული წარმოების ზრდაში არ ბანდდება, არამედ მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებული შეკვეთის ფასს ზრდის.
ჭურვების წარმოება მხოლოდ 50%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მათი შესყიდვის ფასი - ორჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში სამჯერაც. იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტი, რაც ომის წარმოებისთვის დამღუპველია, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მომგებიანი, რადგან იზრდება მოთხოვნა და ავტომატურად ფასიც, შეინიშნება არა მხოლოდ ჭურვებში, არამედ ტყვია-წამალსა, საარტილერიო დანადგარების, სხვა სამხედრო ტექნიკის, ტანკსაწინააღმდგო თუ საჰაერო თავდაცვითი სისტემების, რაკეტების და სხვ. და ა.შ. წარმოებაშიც.
სანამ აშშ-ს მრეწველობა არ გადაეწყობა და არ უპასუხებს ევროპაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ომის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, სამხედრო წარმატებაზე საუბარი მხოლოდ უსაფუძვლო სპეკულაციებია და ვერანაირი ფინანსური დახმარება ამ მძიმე ფაქტს - რუსეთთან იარაღის წარმოებაში შექმნილ მძიმე ჩამორჩენას, ისევე როგორც უკრაინის ცოცხალი ძალის კატასტროფული განადგურების სამხედრო-პოლიტიკურ შედგებს, ვერ შეცვლის. ომს იარაღი და ჯარისკაცი იგებს და არა ფული. ასეთია ვენსის პოზიცია და ეს კეთილგონივრული პოზიციაა. ომი, სადაც მარცხი გარდაუვალია, უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ სრული კატასტროფა მოხდება და უნდა შეჩერდეს უკრაინისათვის რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით - შეუძლებელია, ამას არ დაეთანხმო.
როგორ ფიქრობთ, უკრაინას გასწირავენ, რუსეთს ყველაფერს მისცემენ, რომ უფრო მყარად იგრძნოს თავი შავ ზღვაზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკას ექნება რუსეთის გადმობირების მცდელობა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენონ? და თუ ეს დასაშვებია, რუსეთი რამდენად დათანხმდება ამას, მით უმეტეს, რომ პუტინმა ბევრჯერ მიიღო ამერიკისგან პირობა, რომ ნატოს გაფართოება არ მოხდებოდა, მაგრამ - მოხდა. კოსოვოს აღიარება, უარი ნატოში და ევროკავშირში რუსეთის გაწევრიანებაზე - ეს ყველაფერი იყო და საბოლოო ჯამში, ჯერ იყო ომი საქართველოში და მერე უკვე უკრაინაში. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, ანუ ეს ორი დიდი მოთამაშე ისევ რაღაცებს გადაინაწილებენ და ჩვენ ისევ თამაშგარეთ მდგომარეობაში ავღმოჩნდებით?
- დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რა პირობებზე შედგება შეთანხმება. ერთი რამ ცხადია, ევროპაში და მსოფლიოში არსებულმა უსაფრთხოების სისტემამ, მათ შორის ნატომ ვერ იმუშავა და გამანადგურებელი აგრესიული ომებისგან ვერ იხსნა ვერც საქართველო და ვერც უკრაინა. კარგი იქნება, თუ მხარეები დაიწყებენ ხანგრძლივ და უაღრესად შრომატევად პროცესს, რათა მოხდეს ევროპაში, ევრაზიის კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების უფრო სამართლიანი და ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება. უკრაინის არნახულმა ტრაგედიამ 21-ე საუკუნეში დაგვანახა, რომ ნატო გადაიქცა „ექსკლუზიურ“ პრივილეგიად, რაც მხოლოდ მასში შემავალი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უსაფრთხოება საყოველთაო უნდა იყოს და არ შეიძლება, რომ ვინმეს ექსკლუზიურ უსაფრხოებას ინკლუზიურად ეწირებოდნენ სხვები. მაგალითად, დაუშვებელია და ეს უნდა შეწყდეს, რომ უკრაინა და საქართველო დიდი მოთამაშეების უსაფრთხოებამ შეიწიროს. დიახ, უსაფრთხოება განუყოფელია და ეს უნდა უზურნველყოს ახალმა სისტემამ, რაც უნდა შეიქმნას და კარგი იქნება, თუკი უკრაინის ომიდან ამ დასკვნას გამოიტანენ წამყვანი სახელმწიფოები და მთლიანად კაცობრიობაც.
ყველაზე მნიშვნელოვანი - ხბოს აღტყინებით შევყურებთ ჩინეთის რეგიონში შემოსვლას და რასაც ვისმენთ, თუ ეს განხორციელდება, კარგი იქნება, მაგრამ ისევ რომელიმე გაერთიანებაში ხომ არ შევდივართ, მაგალითად ბრიკსში, სადაც რუსეთის გვედით ავღმოჩნდებით, რომელიც ვიცით, რაც არის. პლუს ჩინეთი, რომელიც უცნაური მოწყობის სახელმწიფოა. ანუ კითხვა იმაში მდგომარეობს - არსებობს თუ არა რაიმე საფრთხეები და ავწონეთ თუ არა პლიუს-მისუსები?
- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნირობა, ხელმოწერილი შეთანხმებების შესაბამისად, ემყარება მხარეთა თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. ეს თანამშრომლობა მომგებიანი უნდა იყოს ორივე მხარისათვის და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ჩინეთის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის რაიმე საფრთხეს.
ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ გაუგებარია, რაში სჭირდება საბჭოთა კავშირიდან გამოსულ ქვეყანას რაღაცა გაერთიანებაში წავიდეს ჩინეთთან და რუსეთთან ერთად? მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა რაც არის ჰკითხონ მის მეზობელ ქვეყნებს - ვიეტნამს, ტაივანს. რამდენად მყარია ჩვენთვის ეს არგუმენტი ცალკე საკითხია, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ საფრთხე გველოდება, რა იგულისხმება ამ საფრთხეში?
- საქართველოს საგარეო ორინეტაცია ურყევია. ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც სავსებით რეალურია, თუკი განვითარების არსებულ ტემპს შევინარჩუნებთ. რაც შეეხება ნატოს, აქ - სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა მოგვიწევს, რადგან ჯერ უცნობია, რა როლი ექნება ნატოს უსაფრთხოების ახალ სისტემაში, რომლის შექმნაც უკრაინის ომის დასრულების შემდგომ აუცილებელი გახდება. რასაკვირველია, ევროკავშირთან დაახლოება არ გამორიცხავს სხვა გაერთიანებებთან, მათ შორის - თუნდაც ბრიკსთანაც, აგრეთვე - სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთხელსაყრელ თანამშომლობას - პირიქით.
საქართველოს მხოლოდ გააძლიერებს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, რაც შესაძლებელია ბევრ ქვეყანასა და იმგვარ გაერთიანებასთან, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირიც, თავის მხრივ, უთუოდ დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარ რიგებში ძლიერი, საიმედო პარტნიორის, რომელიც ევროკავშირსაც გააძლიერებს და მის განვითარებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
არც მაწყობ ს მისი გამარჯვება ------ მაშინ იქ ჯახი არ იქნება
არადა ყოველდრე ფანჯრიდან ვიხედები---- რა ხდება ჯახი ხო არ დაეწყოთ--- მეთქი
იქნება ... იქნება...ველოდები ველოდები...