დიმიტრი ჩიქოვანი, იგორ ნარმანია, გიგი გიგიტელაშვილი, ირაკლი გაბიძაშვილი და ლევან სანიკიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოლიქარგ დავით კეზერაშვილთან ლარნაკაში, შესახვედრად გაემგზავრნენ. ტრადიციულად, კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი კვიპროსში სიძესთან შეხვედრას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ოლიგარქი ლარნაკაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა დიმიტრი ჩიქოვანიც. შეხვედრის მთავარი თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იყო. კეზერაშვილი დაფინანსების შეწყვეტით დაიმუქრა, რადგან ოლიგარქს სურს საარჩევნო კამპანია თავად აკონტროლოს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის - არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ მათ რეიტინგი მოუმატონ. რაც შეეხება კეზერაშვილთან მიმდინარე შეხვედრას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოლიგარქს მიღებული აქვს ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები, ამის სანაცვლოდ ევალება რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
„ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული. ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი, მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში.
ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. მას აქვს ასეთ დავალება, თუმცა ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის ვინა არიან რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას და მისი საარჩევნო აქტიურობა უკვე არის გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.
„დავით კეზერაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, კრიმინალზე, რომელმაც ომამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ჯარს მოპარა ხუთი მილიონი ევრო და ადამიანზე, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გარე ჩარევას ქართულ არჩევნებში. ეს აღარ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, არამედ მას შემდეგ, რაც, როგორც კრიმინალი და გასამართლებული ადამიანი, თავს აფარებს სხვა ქვეყანას, სხვა სივრცეს, ეს არის უკვე გარე ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ამიტომაც გასაკვირია, რომ დღემდე ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ ღირებულებებით, რომლებზეც ჩვენ გვესაუბრებიან ხოლმე ევროპელი ბიუროკრატები თუ დიპლომატები, დავით კეზერაშვილი უნდა გადმოცემულიყო ქართული მართლმსაჯულებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ხდება, ისევე, როგორც ეს არ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ასევე საუკეთესო პირობები ჰქონდა შექმნილი საზღვარგარეთ, ევროპაში თუ აშშ-ში და თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორც კრიმინალი.
„ასევე, ეს არ ხდება ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. კრიმინალი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს ართმევენ და მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობენ ადამიანთან, რომელმაც საქართველოში ადამიანების წამების სისტემა შექმნა და არის სიმბოლო ყველაფრისა, რაც კი ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას მართლმსაჯულებაზე. ასეთ ადამიანს ართმევენ ხელს ევროკომისრები და ასეთი ადამიანი ხანდახან ჰყავთ მაგალითად მართლმსაჯულებაში.
რაც შეეხება თავად გავლენებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მარიონეტული წარმონაქმნია, ზოგადად, ოპოზიცია, თავისი ყველა სხვადასხვა დანაყოფით. ვიცით, რომ დავით კეზერაშვილი აფინანსებს არა ერთ პარტიას, რამდენიმე პარტიას. ის აფინანსებს რამდენიმე მედიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. ზუსტად ეს აჩვენებს ოლიგარქიულ და კლანურ სტრუქტურას ოპოზიციაში, რომელიც დღემდე გრძელდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.