არჩევნების გამო ოპოზიციის მხრიდან რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობაზე და უკრაინის ომზე - ვინ ურჩია ოპოზიციას პოზიციების ცვლილება, რომლის გამოც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალას უწოდებდნენ? იგივე პროპაგანდას იმეორებდნენ დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ხელისუფლებაზე ზეწოლით ცდილობდნენ ქვეყანას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. ასევე არავის დავიწყებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ღია მოთხოვნა უკრაინის ომში ჩართვაზე, ასევე რუსეთთან აღდგენილი ფრენების გამო დასავლეთიდან ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნა.
სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების შეცვლილ რიტორიკას მოახლოვებულ არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს უკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, რუსეთთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები მხოლოდ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მოტივით შეცვალა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას კონკრეტული განცხადებებიც შეახსენა და თქვა, რომ ამ პოლიტიკოსებმა მშვიდობაზე საუბარი უცხოელი კურატორების რჩევის შემდეგ დაიწყეს.
რას ამბობდა ოპოზიცია წარსულში
ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი, 2022 წლის 26 თებერვალი:
„ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს, იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების (იგულისხმება, განცხადება, რომ საქართველო არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს) მოსმენის შემდეგ ვიგრძენით.
ნიკა მელია - 2022 წლის 25 თებერვალი: „ბოდიში უკრაინელ დებს და ძმებს, დიდი ბოდიში იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს“.
გიორგი ვაშაძე - 2023 წლის 12 მაისი: „თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვისხდეთ სახლში“.
მამუკა ხაზარაძე: - 2023 წლის 19 მაისი: „სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდება, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!“
„ახალის“ ლიდერი წარსულში გაკეთებულ განცხადებას დღეს სხვაგვარად ხსნის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი პოზიცია ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობდა და დღესაც, ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობას აღარ გამორიცხავს.
გიორგი ვაშაძე, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მომხრე იყო, დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზეც კი საუბრობს. მეტიც - ამბობს, რომ ეს მისი მიზანია.
„ლელო“, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად, სხვა შეზღუდვების ამოქმედებასაც ითხოვდა. რეგულაციები, დეტალურად, საქართველოს დაცვის აქტში აქვთ გაწერილი, რომელიც პარტიამ პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს დააინიციირა.
საკითხს, პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და ოპონენტებს უთხრა, რომ, შეცვლილი რიტორიკით, საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ.
„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. გახსოვთ, პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ასე შემდეგ. რის გამოც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, ახლა იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ.
არქივს ეს პოლიტიკური ძალები ვერ გაექცევიან. ისინი დღეს ხედავენ, როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა პრორუსულ ძალად გამოგვაცხადეს და ახლა თავად გადაწყვიტეს, „პრორუსები“ გახდნენ და შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. ეს ყველაფერი, ერთი – მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე; და მეორე – გათვლებს აკეთებენ არასწორად. ჰგონიათ, რომ შეიძლება, ხალხი მარტივად მოატყუონ და ხალხს დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია ჭაობშია, რაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„არ უნდა გააკეთო პოლიტიკოსმა ისეთი გზავნილები, რომელიც დაგაზიანებს. აბსოლუტურად დამაზიანებელია გიორგი ვაშაძისთვის, ნიკა გვარამიასთვის და სხვებისთვის ის გზავნილები, თითქოს რუსეთთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობებია საჭირო. „ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია ამას აკეთებს და ზუსტად მიჰყვება იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ქვეყანას და ხალხს წაადგება. თუმცა ეს ობსტრუქციული ძალები ახლა მიხვდნენ, რომ ეს ვითომ საარჩევნო ქულების მისაღებად იყო საჭირო.
საარჩევნო რეიტინგის მიღებას ვერ შეძლებენ, რადგან ქართულ საზოგადოებაში ეს ხალხი უკვე დიდი ხანია არასერიოზულად განიხილება. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართულ პოლიტიკას, ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება. სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს და გვაქვს პოლიტიკური შაპიტო, რასაც ამ ადამიანების მაიმუნობა ჰქვია. ნაცების რეჟიმის ჯალათებიც ამ რიტორიკით ალაპარაკდენ, როცა ქვეყნის ომში ჩართვას პირდაპირ ითხოვდნენ. ჩვენს ხალხს ბომბების და ხოცვა-ჟლეტვისთვის იმეტებდნენ. ეს ყველას კარგად ახსოვს და ქართული საზოგადოების თვალში კიდევ უფრო უნამუსო და უთავმოყავრეო პოლიტიკოსებად იქცნენ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის ე.წ. მესიჯბოქსებს ომთან დაკავშირებით, დაინახეს, რომ ხალხი არასდროს მიიღებდა და ომის თემა პირიქით, ოპოზიციის პრობლემად იქცა. ამიტომ ახლა იძულებულები არიან მრჩევლების დავალებით, ეს რიტორიკა შეცვალონ.
„გავიხსენოთ ამ ადამიანების განცხადებები და ის მოწოდებები, რასაც ეწ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამბობდნენ, თურმე უკრაინაში მშვიდობის მოთხოვნა და ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა, რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო საუბრობს, ოკუპაციის აღიარება ყოფილა. რას ვხედავთ, ახლა, თავად ზელენსკი და მისი სგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩადიან და მშვიდობის დამყარებას ცდილობენ. იმ დროს, როცა საერთოდ გაურკვეველია, რა ხდება უკრაინის განაწილების თვალსაზრისით. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა ამ პროცესის განაწილება ხდება და არა სამშვიდობო მოლაპარაკება. აგრესორი რუსეთი ყირიმს ისევ დაიტოვებს და უბრალოდ, ზელენსკისთან ითანამშრომლებს ე.წ. საზღვრებზე. ეს კი უკრაინელი ხალხისთვის საშინელებაა. ახლა ხომ ყველა მიხვდა რა პოლიტიკას აწარმოებდა „ქართული ოცნება“? რაში არ გახვია და არ გასწირა ჩვენი მოსახლეობა? ამიტომ, ახლა ამ პროპაგანდას ჩაეჭიდნენ, რომელიც უკვე არაფერში აღარ გამოადგებათ“,-ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ რასაც არ უნდა საუბრობდეს ახლა ოპოზიცია, მოსახლეობას ასეთი წინააღმდეგობრივი განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან არ მოსწონს და მიუღებელია.
„დღეს თუ ერთს ამბობს და ხვალ მეორეს, ამომრჩევლის თვალში ასეთი პოლიტიკოსი ნდობას კარგავს. უწინ თუ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ რუსები გასაყრელები არიან, სანქციები უნდა დავუწესოთ რუსებსო, რითაც ჩვენი ქვეყანა დაზარალდებოდა, მერე უმტკიცებდი ხალხს, რომ უნდა ეომათ, რადგან უკრაინელები ომობდნენ და ჩვენ ვიღაცების თვალში მშიშრები არ გამოვჩენილიყავით, მერე კი ამ ყველაფერს სრულიად რადიაკლურად ცვლი, რომელი ამომრჩევლის თვალში იქნება ასეთი ოპოზიცია სანდო? დღეს თუ ერთს ამბობს, ხვალ რატომ არ შეცვლის ისევ პოზიციას? იქნებ, რომ აირჩიონ ოპოზიცია და ომი მართლა გამოუცხადონ რუსეთს? რა გარანტიაა? ან ვისი დავალებით იცვლის ეს ხალხი ამ პოზიციებს? გამორიცხულია, რომ თავად რუსები აძლევდნენ მსგავს დირექტივებს? რაო, ერთხელ და ორჯერ იყო ეს ხალხი კრემლთან კომუნიკაციაში შემჩნეულები? განა, მიშა და მისი ხელისუფლება ასე არ თამაშობდა კრემლთან? როცა უნდოდა დასავლეთის მითითებით მოქმედებდა, როცა აღარ უნდოდა - რუსეთის. ამიტომ ამ ოპოზიციისგან უკვე გასაკვირი არაფერია. დღეს არჩევნებია უკვე და დაინახეს „ოცნებას“ ხალხი ამ რიტორიკაში წაჰყვა, მისი პრაგმატული პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა, მისაღებია. ამიტომ დასხდნენ ახლა ამ ნარატივზე, მაგრამ მოტყუვდნენ, რადგან ხალხს უკვე სასაცილოდ აღარ ჰყოფნის“, - ამბობს საყვარელიძე.
მალადეც ავტორს