„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიება პანკისის ხეობაში მცხოვრებ 6 პირზე გავიდა. ასევე ერთ-ერთი ეროვნებით ჩეჩენზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. სუს-მა მიმდინარე საქმეზე დაახლოებით 16 პირი დაკითხა. სუს-ში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.
ტერორისტული აქტის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების საქმეზე გამოკითხვები სუს-ში გრძელდება. ეროვნებით ჩეჩენმა, მაგომედ იჟიევმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის, გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს, სუს-იდან გამოსულმა კი მედიის კითხვებს თავი აარიდა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
„რაც შეეხება სუს-ში დაბარების მიზეზს, რომ შემეკითხებიან, მაშინ გავიგებ. საქართველოში ვცხოვრობ. ბიზნესმენი არ ვარ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ“, - განაცხადა მაგომედ იჟიევმა, რომელმაც უკომენტაროდ დატოვა კითხვა - აქვს თუ არა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან რაიმე ტიპის კავშირი, მით უმეტეს მეგობრული.
უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია კიდევ ერთმა მოწმემ - ზვიად აჭიშვილმა. ის საგამოძიებო მოქმედებაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. ირწმუნებოდა, რომ სუს-ში პირად საქმეზე იმყოფებოდა, მისი ვერსიის გადამოწმების შემდეგ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიას დაუდასტურა, რომ აჭიშვილი ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოიკითხა.
„პირად საქმეზე ვარ, საბუთები მაქვს წასაღები. რა სახელმწიფოს გადატრიალების საქმე, ჩემ პირად საქმეზე ვარ, თავი დამანებეთ“, - განაცხადა ზვიად აჭიშვილმა.
რამაზ ქავთარაშვილი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოჰკითხეს. მოწმემ უარყო მისი კავშირი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და, ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების საქმესთან, თუმცა თავი აარიდა კითხვას - აქვს თუ არა კონტაქტი უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.
„არაფერი ვიცი. არ ვიცი რა კითხვებს დამისვამენ. არ ვიცი, რაზე დამიბარეს, საერთოდ არაფერი ვიცი, როგორ გითხრათ“, - განაცხადა რამაზ ქავთარაშვილმა.
გამოსაკითხთა სიაში ბიზნესმენები დღესაც მოხვდნენ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მედიის ინფორმაციით, სუს-ში ზვიად იმედაშვილი გამოიკითხა. რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, მოწმეს არ დაუკონკრეტებია. თბილისის პარალელურად მოწმეთა დაკითხვა დაიწო ბათუმში. სუს-ის შენობაში გამომძიებლის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა ავთანდილ სურმანიძე. მოწმემ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი უარყო. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკითხული მოწმეები უარყოფენ მათ კავშირის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის ორგანიზების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეში, მაგრამ კითხვაზე - რა კავშირი აქვთ უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთ, ყველა დაკითხული ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტულ პირთა გამოკითხვები გრძელდება და, როგორც ჩანს, სია საკმაოდ ვრცელია. არაოფიცილური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე წევრიც.
თუმცა, სუს-ში მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობა არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ასლან აბაშიძის ბოდვაში გადავარდა - ასლან აბაშიძე 90-იანი წლებიდან მოყოლებული თბილისში არ ჩამოდიოდა, რადგან ეგონა, რომ თბილისში მას ააფეთქებდნენ, ხოლო აჭარაში გაძლიერებული დაცვით დადიოდა, რადგან ეშინოდა, იქაც არ მოეკლათ. გოცირიძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება რიგით მე-12 სერიაა და ამ შემთხვევაში ერთმანეთშია შერეული ბოდვა, ტყუილი და ვირეშმაკობა.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“, ამ არჩევნების ჩატარება სურთ ლოზუნგით - „ბიძინას გვიკლავენ“. „ქართული ოცნება“ უზნეო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ ეშვება. დასავლელი მეგობრების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ სიცრუეა გლობალური ომის პარტიისა და ომში ჩათრევის შესახებ რიტორიკა, რასაც „ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებს, მაინც გრძელდება. ამას აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ დაემატა, რომ თურმე ვიღაცები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს აწყობენ. ასეთ რამეს მხოლოდ ავტორიტარული, ავადმყოფი რეჟიმის წარმომადგენლები იგონებენ! „ქართული ოცნება“ ქვეყნის მომავლისათვის ძალიან საშიში ძალაა - ის უნდა დამარცხდეს. ეს უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი სამ თვეში მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს. სამ თვეში უხეირო, კომიკური და მოღალატეობრივი რეჟიმი დასრულდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. მანჯგალაძის ლოგიკა ასეთია - „ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა. სისულელეა ხალხო, ბოდვაა. ერთი მილიონი ადამიანი არის ქვეყნიდან გაქცეული, კიდევ ნახევარ მილიონზე მეტი აპირებს წასვლას. სჯობს, ამ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ, რომ საქართველო არ დაიცალოს, ვიდრე ბიძინას რა დაესიზმრა გუშინ საღამოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი რესურსი აქვს, რომ ასეთ გეგმებს დაუპირისპირდეს. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პირდაპირი ძალისხმევა იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც საქართველომ არ გააკეთა და სწორედ ამიტომ, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან.
„როგორც საერთაშორისო კონტექსტის, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს, რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც.
შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო კონტექსტის, ადგილობრივი და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის ფაქტების პრევენციისთვის.
რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება ასეთი ინტერესი ჰქონდეს, თქვენ ხედავთ, ვის აქვს, ზოგადად, არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. პირდაპირი ძალისხმევა იყო იმისათვის, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმის საქმეს იძიებს, რომ არა უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.
„გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ ყველას როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე - ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ხომ ვიცით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. ნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. საქართველო კინაღამ ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ამ ოპოზიციისგან ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ისინი რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ! ის ფურცელი, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, ქვეყნის ღალატის, სხვა ჯგუფების და გარე ძალები ინტერესში დგომის ხელწერილი, ამ ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვთ. ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი, შებოჭვა და წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ ეს ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი იმისთვის, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.