დასავლეთის ორმაგი სტანდარტი

დასავლეთის ორმაგი სტანდარტი

სადირ ჯაფაროვმა, რომელიც მთავრობის მეთაური გახდა, განაცხადა, რომ არ გადაიხედება ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის, კანტის, სტატუსი. განცხადებიდან მეორე დღეს რავშან ჟეენბეკოვი ისევ დააპატიმრეს, ხოლო საფარ ისაკოვმა მიმალვა მოასწრო. ამ მოვლენების შემდეგ ყირგიზეთში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ყირგიზეთში პოლიტიკასა და არჩევნებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ცდილობენ გავლენის მოხდენას, ხოლო პარლამენტის სხდომა, რომელზეც ჯაფაროვმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა, დარღვევებით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საელჩოს სხვა პოზიცია ჰქონდა - კერძოდ, 4 ოქტომბერს გამართული სკანდალური საპარლამენტო არჩევნები ჯერ სამართლიანად გამოაცხადა, შემდეგ თავს იკავებდა სამთავრობო შენობებზე და ციხეებზე შტურმის შეფასებისგან.

საინტერესოა, რომ 2020 წლის მიწურულს, როდესაც ბიშკეკში არჩევნებში დამარცხებული პარტიების მომხრეთა მიტინგები დაიწყო, რაც საბოლოოდ ადმინისტრაციული შენობებისა და ატამბაევისა და სხვების საპატიმრო ადგილების შტურმით გაგრძელდა, ყირგიზეთის არენაზე გამოჩენას მიხეილ სააკაშვილიც შეეცადა - დეკემბერში იგი ყირგიზ ბიზნესმენ ჟაფარ უსენოვს შეხვდა და „მეთოდურ და ექსპერტულ დახმარებას“ დაჰპირდა ყირგიზეთის აღორძინებაში, მარგულან სეისემბაევთან ერთად, რომელიც სააკაშვილის მსგავსად დაკავშირებული იყო უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოსთან.

ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ტრადიციულ სტილში განაცხადა: „მაშინაც როდესაც ვიყავი საქართველოში და ვაშენებდი ქართულ სახელმწიფოს, მაშინაც როდესაც უკრაინაში ვატარებდი რეფორმებს, ვნახულობდი დროს რეგულარულად მედევნებინა თვალი ყირგიზეთის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის, ვიყავი ამ ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან ყირგიზეთი არის საკვანძო ფორ-პოსტი უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, ხოლო ყირგიზი ხალხი ძალიან ჰგავს ქართველ და უკრაინელ ხალხს“, თუმცა მისი ყირგიზული ფესვების მოძიება და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ვეღარ მოასწრო - სხვა დავალების გამო.

გავიხსენოთ 2021 წლის მარტში საქართველოს 23 „მეგობრის“ მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავდნენ პარლამენტის შტურმის შემდეგ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. „მისი (ნიკა მელიას) გაუთავისუფლებლობა შეუძლებელს გახდის გასული წლის არჩევნებით გამოწვეული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლას, რამაც ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ჰქვია „საქართველოს მეგობრების ღია წერილი, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით“. ზოგ „მეგობარს“ ამ წერილზე ხელმომწერთა რიცხვიდან ისე ხშირად ეჩვენება პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში, რომ უნებურად ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ესაა მისი ფარული სურვილი და რეალური მიზანი.

დავაკვირდეთ როგორ მოხერხებულადაა მიზეზისა და შედეგის ადგილები შეცვლილი ზემოთმოყვანილ ფრაზაში: არჩევნების შემდეგ ჩიხური ვითარება შეიქმნა, რამაც ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვიაო. არადა ბრმისთვისაც კი აშკარაა, რომ სწორედ ოპოზიციის ბოიკოტმა შექმნა ჩიხური ვითარება და არა პირიქით. ალბათ, სწორედ ეს იყო ამ ბოიკოტისკენ ოპოზიციის წამქეზებელთა ჩანაფიქრიც.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის მშენებლობის პროცესი არ შეიძლება გულისხმობდეს პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებას. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციას აქვს უფლება, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოიხატოს. აქ სწორედ დროულია მეთიუ ბრაიზას, ბენ ჰოჯესს, იან კელის, დევიდ კრამერს, მაიკლ მაკფოლს, ლორა თორნტონს, კურტ ვოლკერს, გლენ ჰოვარდს და წერილზე სხვა ხელისმომწერებს შევახსენოთ, რომ რამდენი ასეული წლით პატიმრობით ემუქრებოდნენ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებისა და პრეტენზიების გამოხატვისთვის ოპოზიციურად განწყობილ დონალდ ტრამპს და რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, მათი პროტესტი ამ შემთხვევაშიც ანალოგიური პრინციპულობით და ხმამაღლა გაისმას, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტს გლენ ჰოვარდი შესაძლოა, დონალდ ტრამპს არც თვლიდეს აშშ-ს მომავლად, განსხვავებით საქართველოს მომავლად ნიკა მელიას გამოცხადებისგან:

„ახლა საქართველოში რთული მდგომარეობაა, სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პარტია აკონტროლებს. საქართველოს მომავალი მრავალპარტიული უნდა იყოს და ეს პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რათა გარე მტერს გაუწიონ წინააღმდეგობა. ნიკა საქართველოს მომავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები არიან ძლიერი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტორები“, - თუმცა, ბუნებრივია, დემოკრატიის პირობებში, ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თანაბარი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს.

საქართველოს კიდევ ერთი „დაუძინებელი მეგობარი“ ჟიგიმანტას პავილიონისიც შეუერთდა 2021 წელს პათოსს, რომ პარლამენტის შტურმის ორგანიზებისთვის ნიკა მელიას დაკავებით საქართველო ტოტალიტარიზმისკენ მიექანებაო - რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ერთ-ერთი და ყველაზე ტიტულიანი ხელმომწერი ამერიკელი სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტ მენენდესი იყო. ტიტულები ტიტულებად და ქართულმა საზოგადოებამ, ალბათ, უნდა იცოდეს, რამდენი ღირს ასეთი განცხადებები.

2023 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, რობერტ მენენდესს ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს. პროკურორები ამტკიცებენ, რომ მენენდესმა და მისმა მეუღლემ ქრთამი, მათ შორის ნაღდი ფული, ოქრო, სახლის იპოთეკის გადახდები და ძვირადღირებული მანქანა, მიიღეს, რათა მენენდესის გავლენა გამოეყენებინათ სამი ბიზნესმენის დასაცავად და ეგვიპტის სასარგებლოდ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სენატორ მენენდესს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. 2015 წელს მას ბრალი წაუყენეს მდიდარი ფლორიდელი თვალის ექიმისგან ქრთამის აღებისთვის. (რამდენიმე კვირის უკან მენენდესი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება) სრულიად ლოგიკური და მართებულია ვივარაუდოთ, რომ არც საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერაა მთლად უანგარო.

გაგრძელება იქნება.

ლევკოთეა უბრალოდ მიამიტობაა პოლიტიკოსები სრულიად გამიჯნო პირადი მატერიალური ინტერესებისგან. აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკაში მიდის ფულის, კარიერის, გავლენების გამო (შემეძლო 100% დამეწერა). დღევანდელ ე.წ. განვითარებულ მსოფლიოში, მიჭირს წარმოვიდგინო, რომ იდეის გამო იკლავდეს თავს ვინმე პოლიტიკაში მოსასვლელად.
ამ გადასახედიდან, ძალიან ბუნებრივია, რომ სტატიაში ნახსენები პოლიტიკოსები, შესაბამისი ფინანსური დაინტერესების გამო, აკეთებენ განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
რა, ქართველ პოლიტიკოსებს რომ შესთავაზონ ფული, ვთქვათ, ბანგლადეშში რომელიმე პარტიის მხარდამჭერი განცხადების გასაკეთებლად, ბევრი მათგანი იტყვის უარს ფულის აღებაზე?
4 თვის უკან