ალასანია-ადეიშვილი-მამულაშვილი - ვინ გეგმავდა ტერორისტულ აქტს?

ალასანია-ადეიშვილი-მამულაშვილი - ვინ გეგმავდა ტერორისტულ აქტს?

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. პარალელურად, მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენებებს აძლევენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მკვლელობის მომზადების ფაქტს.

for.ge-ს ინფორმაციით საქმეში არსებობს აუდიო და სატელეფონო საუბრები, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ ტერორისტული აქტის მომზადებაზე და განხორციელებაზე. ერთ-ერთი ვინც ამ სატელეფონო საუბარში ფიგურირებს, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს „ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი და თემურ ალასანია. 

კონსტანტინე ჯღამაიამ და ლაშა რუხაიამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს ჩვენება გამოძიებას. ორივე მათგანი კატეგორიულად უარყოფს მათ შემხებლობას ტერორისტულ აქტის მომზადების საქმეში და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში მათი დევნა-დაშინების პროცესი მიმდინარეობს.

თორენიკე ჩიქოვანი, რომელიც კონსტანტინე ჯღამაიას ინტერესებს იცავს, დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ საუბარი იყო მისი ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. აღსანიშანავია, რომ ამ შემთხვევაში გამოძიების მიერ გამოსაკითხი პირების ადვოკატები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი აარდიონ ტერორიზმის მუხლს და მის გარშემო საუბარს.

„საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, შინაარსობრივ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ. საქმის ირგვლივ საუბარი იყო ბატონი კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო კითხვები და კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კონსტანტინე ჯღამაიამ მიაწოდა, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა და გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ გამოძიებასთან და მან სრულად მისცა ჩვენება“, - განაცხადა თორნიკე ჩიქოვანმა.

თავად კონსტანტინე ჯღამაიამ კი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ახსოვს, რა კითხვები დაუსვეს. კითხვაზე, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მიაწოდა თუ არა ინფორმაცია გამოკითხვაზე, ჯღამაიამ განაცხადა, რომ არავის იცნობს.

„არ ვიცნობ, ხატზე შემიძლია, დავიფიცო. ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. ტერორიზმზე იყო, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხი. მე ვარ უბრალოდ, მეომარი, მეტი არაფერი. მკითხეს ჩემი გვარი-სახელი და ვუპასუხე. არ მახსოვს მეტი არაფერი... რისი ტერორიზმი კაცო?!.. ტერორიზმზე იყო შეკითხვები, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. გულახდილად გავეცი პასუხები, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, მე ვარ უბრალოდ მეომარი, მეტი არაფერი“, - აღნიშნა კონსტანტინე ჯღამაიამ.

ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე სასამართლოს ჩვენება მისცა ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ, რომელმაც მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უაზრო კითხვები იყო და სიცილის მეტი არაფერი უკეთებია. რუხაიას განცხადებით, თუ გადატრიალებას დააპირებს, დააპირებს რუსეთში, მტერთან.

„ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. როგორც ტელეკომპანია „იმედზე“ განაცხადეს, თითქოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი. რაღაც უაზრო კითხვები იყო, რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს. გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო - არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, ჩემს მტერთან“, - აღნიშნა ლაშა რუხაიამ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ რუხაიამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კითხვა სწორედ ზურაბ ადეიშვილთან მის ნაცნობობას უკავშირდებოდა. ამბობს, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი ქართველ მებრძოლებთან მისი კავშირებით დაინტერესდა. ასევე შეკითხვა შეეხებოდა მეგობრობს თუ არა ის მიშა ბატულინთან, რაზედაც მისი განცხადებით, დადებითი პასუხი გასცა.

„მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით. დიახ ადეიშვილთან დაკავშირებით იყო კითხვები - ვიცნობ თუ არა. ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი, კომუნიკაცია არასდროს მქონია. სულ ერთი და იგივე კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ლაშა რუხაიამ.

სკანდალური და ხმაურიანი საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში.

„ეს ზოგადი რისკები არსებობდა. ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა, პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, რომ საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით -  თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. საფრთხეები ისედაც არსებობდა. ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ასეთი მოზაიკა იკვრება. არის ძალიან სერიოზული, მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება წარმატებით იქნება დასრულებული. მისი თქმით, სუს-ი საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

„ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული.

რაც შეეხება იმას - თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ლიბერალური წრეები გადავიდნენ ბოლო მეთოდზე - ფიზიკურ ლიკვიდაციაზე.

„გავიხსენოთ რაც მოხდა. სცადეს ტრამპის ლიკვიდაცია, ფიცო, ორბანის კორტეჟი მოჰყავა ავტოავარიაში და დაიღუპა დაცვის წევრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაეუმქარა ევროკომისარი, რომ ფიცოს ბედი არ გაიზაიაროო. დაიღუპა ირანის პრემიერ-მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და დღეს საქართველოშიც იგივე პროცესებს ვაკვირდებით. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი, მისი ლიკვიდაციის გეგმით. ყველას გვესმის, რომ ხელისუფლების მეთაური არის ივანიშვილი და თუ მისი განეიტრალება მოხდება, მეტი ალბათობაა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს და სახელმწიფო გადატრიალება წარმატებული გახდეს. ეს რეალურია და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც არის.

იმიტომ, რომ მოვლენების ლოგიკა ასეთია - ვნახეთ ლევან ვასაძის შემთხვევა, რეალურად ის იყო მოწამლული. მას დაემართა ორი უიშვიათესი დაავადება. ამ დროს სპორტსმენი კაცია და ალოგიკური იყო ეს ყველაფერი. ამ დღეებში ლევან ვასაძემ გამოაცხადა, რომ მოწამლულია ლევან პირველი, რომელიც უნიკალურად აზროვნებს გლობალურ პოლიტიკაზე. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მთელი რიგი ადამიანებია, ზოგი მოულოდნელად „გარდაცვლილი“, ზოგმა „თავი მოიკლა“, ზოგს ესროლეს და მოკლეს.

თან ისეთი ხალხია ვინც გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების არსობრივ მდგენელზე. უფრო მეტად სუვერენული პოზიციები ეკავათ ყოველთვის, მათზე გავლენა არ ჭრიდა და ამის კლასიკური მაგალითია გურამ შარაძე, რომელიც დემონსტრაციულად მოკლეს ქუჩაში. ასეთ ხალხს იშორებენ და იშორებენ იმიტომ, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს სხვებისთვის საჭირო განვითარების გზას, თუ ამას განვითარება ჰქვია“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

მერაბ.g მოდი მაჩიელობას თავი დავანებოთ, სანამ მტკიცებულებები არ გამოჩნდება; მე სხვა რამ მაინტერესებს: რატომ გამოყარა (დაადეპორტა) უკრაინამ იქ მებრძოლ ქართველთა ნაწილი? ამასაც საიდუმლო გრიფი ადევს? ამბად ბევრს ამბობენ: რაღაც მოიპარესო. ინფორმაცია გაატარესო ...
4 თვის უკან