„ევროკავშირი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს სომხეთით, თუნდაც განსხვავებული გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე“

„ევროკავშირი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს სომხეთით, თუნდაც განსხვავებული გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე“

სომხეთი ევროკავშირს უახლოვდება და მასთან ურთიერთობებს აძლიერებს. ვიცით, რომ ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართული ოცნების ანტიევროპული განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, ევროკავშირმა კავკასიაში საქართველო შესაძლოა სომხეთით ჩაანაცვლოს. მეტიც, თუკი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვლება, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინება და ურთიერთობები აღარ გადაიხედება.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კავკასიოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს სომხეთით ჩანაცვლება ევროკავშირის მიერ არ მოხდება, თუმცა, მისი შეფასებით, ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირს სცილდება და რუსეთისკენ მიდის, სომხეთი ევროკავშირს თანდათან უახლოვდება.

ჩანაცვლების ნიშნები არ არის, უბრალოდ, როდესაც ევროკავშირმა დაიჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში მიდიოდა და მოგვცა კანდიდატობის სტატუსი, მან ასევე გაუღო კარი სომხეთს, რომელიც იმ დროისთვის უკვე ეძებდა ურთიერთობებს ევროკავშირთან. დაიწყეს აქტიურობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს - სწორედ ეს იყო ევროკავშირის მიერ იმის დადასტურება, რომ მას სამხრეთ კავკასია აინტერესებს და სომხეთსაც გაუწოდა ხელი.

ამასობაში, სამწუხაროდ, საქართველომ დაიწყო უკან სვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს არათუ ქართული ოცნების დამსახურება იყო, არამედ ქართველი და უკრაინელი ხალხის. კონსისტუტიაში უწერიათ ნატო-სა და ევროკავშირში წასვლა, თუმცა, საქმით მიდიან რუსეთში. გამოიკვეთა ჩვენი მოძრაობა რუსეთისკენ, ხოლო სომხეთის მოძრაობა რუსეთიდან ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, სომხეთს უფრო გაუჭირდება ევროკავშირში სვლა, ვიდრე საქართველოს გაუჭირდა, რადგან სომხეთი მიბმულია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, დიპლომატიურად რუსეთზე, უფრო რთული გზა ექნება გასავლელი. ამის შემდეგ, შესაძლოა თავად სომხეთმა გადაგვარჩინოს ჩვენ - სწორედ ჩვენ შევუქმეით სომხეთს პირობები, რომ დაეჯერებინა, უნდა წასულიყო ევროკავშირისკენ, დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირიდან მოდის, ხოლო სომხეთი ევროკავშირისკენ, შანსი არის, რომ ჩვენ ამ გზას დავუბრუნდეთ, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკან გაწვეული არ იქნება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ გაგრძელდება.

ევროკავშირმა თქვა, რომ შეწყდა პროცესი - ევროკავშირში წამსვლელი მატარებელი გაჩერდა. არჩევნებამდე გამორიცხულია რაიმე ნაბიჯების გადადგმა, არავითარი მოლოდინი არაა, რომ ჩვენ შევასრულებთ რომელიმე პუნქტს ან დავალებას. ყველაფერი გაჩერდება იქამდე, სანამ არ იქნება გაწვეული რუსული კანონი, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სომხეთით ვერ ჩანაცვლდება, მათ შორის არის ის ფაქტი, რომ სომხეთსა და საქართველოს განსხვავებული პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვთ. მისი შეფასებით, გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან ატმოსფერო, თითქოს ევროკავშირმა სომხეთი არჩია და საქართველო გვერდით გაწია. 

„სომხეთი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ევროკავშირისთვის, ასევე ევროკავშირი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს სომხეთით მთელი რიგი ფაქტორების გამო, თუნდაც იმის გამო, სომხეთსა და საქართველოს აქვთ განსხვავებული პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა. ამასთან, რაციონალური აზრი, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირმა საქართველო ან პრიორიტეტი მიანიჭოს რომელიმეს, ვერ დავინახე. ამით თითქოს უნდათ, რომ საქართველო რაღაცნაირად შეარცხვინონ  - ხედავთ, ევროკავშირმა სომხეთი არჩია და ჩვენ გვერდით გაგვწია.

თუმცა, ზოგადად, აქ არის პრაგმატული მიდგომა: სომხეთში არის მთავრობა, რომლის ქცევა მოსწონს ევროკავშირს, ისევე, როგორც მოსწონს ხელისუფლების ქცევა მოლდოვაში. კმაყოფილი არიან ფაშინიანის ხისტი დამოკიდებულებით რუსეთთან მიმართებაში და დებიან, სომხეთი რუსეთისგან დისტანცირდება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ამით რუსეთის პოზიციები კავკასიაში სუსტდება და, რადგან ამას სომხეთი ხელს უწყობს, რატომაც არა! - ამის სანაცვლოდ უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები გახსნა, - თქვა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, მხარეთა შორის ურთიერთობების დალაგება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და როგორ ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. 

იმისათვის, რომ ურთიერთობა დათბეს, საჭიროა მთელი რიგი მიზეზგარემოებები, რომ ეს მოცემულება დადგეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და მეორე - როგორ ჩატარდება არჩევნები საქართელოში და ვინ გაიმარჯვებს. თუ ქართულმა ოცნებამ არჩევნები ისე ჩაატარა, რომ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ქართული ოცნება დარჩება გამარჯვებული, მათ მოუწევთ ოცნებასთან ურთიერთობა, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ლაზი სწორია, სომხეთით საქრთველოს ჩანაცვლება არ გამოვა, მაგრამ ჩვენს ჯინაზე შეიძლება ერთ წელიწადში მიიღონ კავშირში.
ისე ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ მიიღეს, ხომ ყვავის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მოსახლეობის ნაწილი ჩვენსავით გაქცეულია ემიგრაციაში, დარჩენილები კი, მათი გამოგზავნილი ფულით, ბელარუსიდან ეზიდება სურსათ-სანოვაგეს.
4 თვის უკან
მერაბ.g ფაქტია საქართველო რუსეთისკენ მიდისო ბრძანებს ზაქარეიშვილი; რაში გამოიხარება ეს? რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებით?მასთან მეომარი უკრაინა რუსეთთან ვაჭრობით თვეში 4-ჯერ მეტს იღებს, ვიდრე ჩვ3ენ წელიწადში(!) ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვთ რუსეთში ლიტვას და ლატვიას(?) ჰოლანდიამ გაზარდა ალმასებით ვაჭრობა ...
ჩინეთთან ერთიერთობა?ეს ურთიერთობა სავაჭროა და ჩვენ თუ მივისწრაფით რომ როგორმე ის წელიწადში 4 მლრდ იყოს, აშშ-ს ვაჭრობის წლიური ბრუნვა ჩინეთთან თითქმის 1 ტრილიონია(!)
თვე არ გავა ჩინეთში გერმანელი, ფრანგი, უკრაუნელი უმაღლესი პირები არ ჩავიდნენ
ანაკლიის პორტ? 7 წელია შენდება, ჩაედო ამერიკას ან სხვას ინვესტიცია, დაუშალა ვინმემ? არა, პორტის აშენება და ჩვენი მოძლიერება არ უნდა არც ამერიკას და არც ევროპას, რომ მონურ მდგომარეობაში გვამყოფონ!
რომელ სანქციას არ შევუერთდით რუსის წინააღმდეგ? რომელ რეზოლუციას არ მოვაწერეთ ხელი?
აბა რატომ ამბობენ, რომ იქთ ვიხრებით? "რუსი, რუსული"...
პასუხი მარტივია - იმიტომ რომ ომში არ ჩავერთეთ! იმიტომ რომ შეპასუხებას ვბედავთ და შეკითხვები დავსვით!
გამჭვირვალობის კანონი მონობის დასასრულის დასაწყისია: გაგონილა?არ მოიკითხო მე შენს ქვეყანაში ვის რამდენს და რა მიზნით ვუგზავნიო!
გაძეძგილია მსოფლიო ისტორიის ყველა ეპოქა მსგავსი ტიპის აგენტების ძრომიალით; ბნელა?
4 თვის უკან