ვისზე გავა სუს-ის საგამოძიებო უწყება, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის საქმეზე? უწყება უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს სწავლობს.
პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ საფრთხეები, რაზეც სუსი საუბრობს, რეალურია, მით უმეტეს, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი აშშ-სა და სლოვაკეთში ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა დღეს იმ ეჭვებზეც ისაუბრა, რომელიც ადვოკატების მხრიდან ტერორიზმის მუხლის დამალვამ გამოიწვია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეზე გამოძიებას 2-323-ე და 315-ე, მუხლით აწარმოებს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებებიც, საქმეზე უკვე გამოიკითხა არაერთი პირი.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ საფრთხე რეალურია და ეს ყველაფერი იმ გლობალურ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ამერიკასა და ევროპაში მიდის. ახვლედიანის აზრით, ტრამპის, ფიცოს და ორბანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთმანეთთად ჯაჭვურად არის დაკავშირებული.
სუს-ი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების და ტერაქტის საქმეს იძიებს. ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მომზადებაზე. სავარაუდოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამის თქმა, ჯერ კიდევ, ღიად შეუძლებელია. რაზეა საუბარი და რამდენად შესაძლოა ეს რეალური იყოს?
- რა თქმა უნდა, ეს ამბავი რეალურია და დარწმუნებული ვარ სუს-ს ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს. ეს ყველაფერი კი ზუსტად იმ გლობალურ მოვლენებთან არის დაკავშირებიული, რაც მსოფლიოში ხდება. ეს არის ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა პირდაპირ ეთერში, ასევე ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა. გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ავტოკატასტროფა, სადაც პოლიციელი დაიღუპა. სულ ახლახან კი პრემიერმაც გაიხსენა, მის მიმართ გაფრთხილება, რომ შესაძლოა, მას ფიცოს ბედიც კი გაეზიარებინა თუკი ჭკვიანად არ იქნებოდა და არ გააკეთებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ.
ვხედავთ, რომ ტრამპის საქმის ირგვლივ ძალიან მძიმე სიტუაცია ვითარდება. სულაც არ აღმოჩნდა ის ახალგაზრდა მამაკაცი გულუბრყვილო მკვლელი და შემთხვევითი მსროლელი. სერიოზული კვალი იკვეთება სპეცსამსახურების მიზანმიმართულ გულგრილობასთან, რასაც საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომაც კი მოჰყვა. ყველაფერი ჯაჭვურად საქართველოსთანაც არის დაკავშირებული. ეს არის ყველაფერი ზუსტად იმ „გლობალური ომის“ პარტიის მიერ დაგეგმილი ქმედებები, რაზეც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია საუბრობს.
რა არის მიზეზი, რის გამცო ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია სურდათ? მიზანი რა არის ამ პოლიტიკური ძალების?
- ამ ძალებმა დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოშორების ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ მისი ფიზიკური ლიკვიდაციაა. მისი ავტორიტეტი და გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე კვლავ ძლიერი და მყარია. ისინი კარგად ხედავენ, რომ მათ აგენტოკრატიას ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მობრუნების შანსები არა აქვს. ამიტომ ივანიშვილის მოშორება ამ ფორმით გადაწყვიტეს. ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს თავს დაუხრის და ქვეყნის ინტერესებს ვინმეს ბრძანებებს გადააყოლებს. მათ ნახეს, რომ ის არის პრინციპული ადამიანი, რომელზეც არანაირი ზეწოლა არ მქომედებს. ვნახეთ უკრაინის ომის პარალელურად როგორი წნეხშია „ქართული ოცნება“. რა სიტუაციაშია ივანიშვილი, რომელსაც ფული დაუყადაღეს და ფაქტობრივად, სანქციების პირობებშია და ამ ყველაფერმა რომ ვერ გაჭრა, ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ. ეს არის ამ ყველაფრის მოტივი, რომ ამ ლიბერალებს, რომლებიც ხედავენ, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც გავლენებს კარგავენ, სხვა გზა აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ ასეთი ადამიანები თავიდან მოიშორონ.
როგორ ფიქრობთ, რა დოზით და ფორმით არიან უკარინაში მებრძოლი ქართველები ამ საქმეში ჩართულები. მოქმედებს თუ არა ასევე ქვეყნის შიგნით კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ გეგმის განმხორციელებლები შესაძლოა იყვნენ?
- ძალიან რთულია ვინმეს პირდაპირ ხელი დავადოთ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი, ამ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებთან კოორდინაციაში მოქმედებენ. ჩვენ გვახსოვს, ალბათ, სუს-ის განცხადება და ინფორმაცია აქციების დროს, როგორ აპირებდნენ ეს მებრძოლები კარავში ხელყუმბარის შეგდებას, აფეთქებას ახალგაზრდების და ამით ქაოსის შემოტანას. ეს პირდაპირ უკრაინის მაიდანის სცენარია, რომელიც არ გამოუვიდათ. ჩვენმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იმუშავეს და ეს სქემა გაიშიფრა. სამწუხაროდ, „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები არიან, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას გადავლით და ამოხოცვით ემუქრებოდნენ. ეს ადამიანები მოურიდებლად ღიად იმუქრებიან. არავის ეპარება ეჭვი, რომ ნაცრადიკალები, რომელთა მაღალჩინოსანთა დიდი ნაწილი უკრაინაშია გადაბარგებული და იქაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ, ამ ამბავში გარეულები არიან. მათ საკმაოდ დიდი ფული აქვთ იმისთვის, რომ მსგავსი სცენარი დაგეგმონ და განახორციელონ. ფაქტია, მათ აქ მოკავშირეები ჰყავთ, იქნებიან ესენი ომის ვეტერანები, ბიზნესმენები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები. სქემა დიდია და დარწმუნებული ვარ, მათში გაშიფვრა მოხდება.
ფიქრობთ, რომ ეს რისკები არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გაიზრდება და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არსებობს და არავინ იცის, პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს ან მის შემდგომ დღეებში ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას და პროცესების კიდევ უფრო რადიკალიზებას შეეცდება. მათი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება იყოს. ამის მოლოდინი არსებობს და დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ გამწვავდეს. ჩვენმა მოსახლეობამ უკვე კარგად ისწავალა, ვინ ვინ არის და რა შემთხვევაში არ უნდა გამოაყენებინოს ამ რადიკალებს თავი. ჩვენმა მოსახლეობამ მშვიდობის ფასი ყველაზე კარგად იცის, ამიტომ არავის აჰყვებიან იმ თამაშში, სადაც ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების პროვოცირება შეიძლება მოხდეს.