ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ღიად ემუქრებიან. კონგრესმენი ტომ კინი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. შესაბამისად, კინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა „უხეირო დიქტატორს“ და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - ოქტომბერში არის იმედის ადგილი საქართველოშიც და მოლდოვაშიც.
კონგრესმენის თქმით, მოუთმენლად ელის, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ქმედებებს ოქტომბრის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოქტომბერში იმედი არის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში, რადგან მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.
ამერიკელი კონგრსმენების მუქარაზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ აშშ-ში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული.
„დარწმუნებული ვარ, ვიდრე კონგრესმენმა კინმა ქართული კანონი რუსულად გამოაცხადა, ჯერ ქართული კანონი წაიკითხა ზედმიწევნით, მუხლობრივად, შემდეგ რუსული კანონი, შეადარა დეტალურად და ამის შემდეგ გააკეთა შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, მცირე ირონიაა. რეალურად, როდესაც ასეთი ორკესტრირებული შეფასებები მოვისმინეთ კონგრესში, მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.
ვიხილეთ უსამართლო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. კარგად მოგეხსენებათ, არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში. აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ მიესადაგება. ეს სამწუხაროა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელში, შესაძლოა 6 თვეშიც ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში. იქამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეროვნულ ინტერესებს აცდენილი. საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული“, - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება კონგრესმენის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა „უხეირო დიქტატორს“ და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს, პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად ეს განცხადებაა უხეირო, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები.
„ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა - ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას „ენჯეოების“ პირდაპირი მონაწილეობით და ამ პირობებში აპროტესტებ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ ვიღაცას უნდა „ენჯეოების“ ხელით რევოლუციის მესამედ მოწყობის მცდელობა. სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ნაცვლად სხვა თემებზე საუბრისას ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენა განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი საარჩევნო შედეგზე აისახოს. მაგრამ მისი თქმით, მთავარი საქმე ოპოზიციის გასაკეთებელია.
„შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა. ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გადაცემა, მაშინ, როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტი ტრამპის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მიუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.
კონგრესის წევრებმა, ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობას. სავიზო შეზღუდვებთან ერთად, აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა იქნას მიღებული მხედველობაში ის სამწუხარო გარემოება, რა ვითარებაშიც ჩატარდა ეს მოსმენები. მისი თქმით, მოსმენა ჩატარდა ამერიკაში პოლიტიკური სიტუაციის უკიდურესი კრიზისის, უპრეცედენტო საზოგადოებრივი პოლარიზაციის, საარჩევნო კამპანიაში „კუ-კლუქს-კლანის“ ტრადიციების რეანიმირებისა და დემოკრატიის დასამარების ფონზე.
„ელემენტარული ჰუმანიზმის, ჯანსაღი ორგანიზმის მიერ სნეულის მიმართ გასაჩენი გულისხმიერებისა და ქრისტიანული სათნოების ვალდებულების ფარგლებში, გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ბოდვანარევ სისულელეს, რომელსაც ობიექტური შიდა პრობლემებით გამოწვეული მიზეზებით აფრქვევდა გუშინ აშკარად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამერიკელ ფუნქციონირთა ერთი ნაწილი.
მშვიდობა გვინდა ვუსურვოთ მათ პირადად და ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური და აზროვნებითი გაჯანსაღება მათაც ეწვევა უახლოეს პერიოდში, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას მოგვცემს. რა სავალალო მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს ჩვენი პარტნიორები - ამას არანაირი აზრი არა აქვს. დაველოდოთ! ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ექსპერტის დავით ჩიხელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ვინ არის ტომ კინი? ის არის რიგითი კონგრესმენი და მისი განცხადება, ზოგადად, აშშ-ს ოფიციალურ განცხადებას არ ნიშნავს. რაც შეეხება განცხადებას, როგორც კინი ამბობს, საქართველოს ქმედება არ შეესაბამება პარტნიორის ქმედებას, ეს უკვე ორმაგი სტანდარტია.
„თუ პარტნიორულ პრიზმაში შევხედავთ, აშშ-ს ქმედება სტრატეგიული პარტნიორის ქმედების საუკეთესო მაგალითი ნამდვილად არ არის, პარტნიორები მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ერევიან. ტომ კინი საკუთარი განცხადებით უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც პარტნიორული ურთიერთობის ღია დარღვევა არის, შესაბამისად, მისგან მითითებებს და მით უფრო საყვედურს ვერ მივიღებთ. სამწუხაროდ, აშშ ღიად გამოხატავს ხელისუფლებისადმი საკუთარ უკმაყოფილებას, იმ დროს, როცა დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ ისინი ითანამშრომლებენ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს. აშშ, სამწუხაროდ, ერთმანეთისგან მიჯნავს ქართველ ხალხს და მთავრობას, რაც არაპარტნიორული და არადემოკრატიული პროცესია. როცა მსგავს არაადეკვატურ დამოკიდებულებას ვხედავთ, ჩნდება განცდა, რომ აშშ-სთვის მთავარი საკუთარი მიზნების გატარებაა, რომელიც მშვიდობას აშკარად არ გულისხმობს. მიუხედავად არაპარტნიორული რიტორიკისა, აშშ-ს გავლენა საქართველოს არჩევნებზე მინიმალური იქნება, რადგან ქართველი ხალხის ნება იმდენად მკაფიოდ იქნება გამოხატული, რომ მის გაუფასურებას ვერავინ შეძლებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.
რატომ ჰგონია ამ ბატონს, რომ თუ ამერიკის ჭკუაზე არ გვინდა სიარული, აუცილებლად რუსეთის ჭკუაზე ვივლით.
ალბათ ქალბატონმა თინამ ჩაუტანა ამბავი, ივანიშვილმა ამერიკელი ინვესტორები გაყარა ანაკლიის პორტიდანო, არადა მათი ჭაჭანება არ ყოფილა ანაკლიაში არასოდეს.
პომპეომ ჩინელების გაყრა მოითხოვა და მაშინ გაყარეს კიდეც.
ამდენი წელი, არც ამერიკა და არც ევროპა ანაკლიით არ დაინტერესებულა. რუსეთის შიშით ინვესტიციას ვერ დებენ და მართლებიც არიან, მაგრამ ვისაც არ ეშინია არც მას ავაშენებინოთ? ელექტრომობილების ქარხნის აშენება უნდოდათ ჩინელებს და ხომ მართლა გაადევნინეთ ამ მთავრობას. სულ სხვისი მომვლელ-მოსამსახურე და ხელში შემყურე უნდა ვიყოთ?
აღარ გვინდა ბატონო, თქვენს ჭკუაზე სიარული, რაც ფაბრიკა-ქარხნების გაქრობით, ხოლო სოფლის მეურნეობის, მეცნიერების და განათლების სისტემის გაპარტახებით დასრულდა.
ერთად ერთი რაც თქვენ მოამრავლეთ საქართველოში, ენჯეოები და ენჯეოშნიკებია. თქვენს მიერ, მაგათთვის გამოგზავნილი გრანტებით ქვეყანა ვერ დადგება ფეხზე. ეგენი თითონ ჭამენ მაგ გრანტებს და ხალხს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან.
ამიტომ ნუ გგონიათ, ოქტომბერში რაიმე შეიცვლება. ქართველი ხალხი მოლოტოვის კოქტეილების დამფინანსებლებს და მსროლელებს ხმას არ მისცემს და მერე არ დაიწყოთ, არიქა გააყალბესო.