მაშინ, როცა ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებაში მხილებულ, უკრაინაში მოკალათებულ კრიმინალთა საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი აშშ-ს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მისი ლეგიონის 300 წევრის წინააღმდეგ საქართველოში დევნა მიმდინარეობს. მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, სავარაუდოდ, ამერიკა სანქციებს დაუწესებს საქართველოს ხელისუფლებას.
პარალელურად, სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რისი მცდელობისთვისაც გამოკითხვაზე დაიბარეს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. სხვათა შორის, უკრაინის ომის დაწყებიდან სულ მცირე ხანში უკრაინაში მებრძოლი ცალკეული ადამიანების, მათ შორის, „ქართული ლეგიონის“ წევრების მხრიდანაც გაისმა მუქარა, რომ უკრაინის შემდეგ საქართველოშიც შემოვიდოდნენ ტანკებით და ე.წ. რუსულ რეჟიმს მოაშორებდნენ.
მამუკა მამულაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებებითაა ცნობილი, ამბობს, რომ მას მოლოდინი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლება „ქართული ლეგიონის“ დევნას დაიწყებდა, რადგან რუსეთმა მამულაშვილის „ლეგიონის“ 300-მდე წევრი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას გამორიცხავს, რომ უკრაინაში მებრძოლ ბიჭებს საქართველოში დევნიდნენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდეც გადადგამდა ამ ნაბიჯს.
გია აბაშიძის განმარტებით, აქ პოლიტიკური განცხადებები, სპეკულაციები და ინსინუაციები გვერდზე უნდა გადაიდოს და თავისი სიტყვა უნდა თქვას სუს-ის გამოძიებამ. დანაშაულში ვინც გამოვლინდება, არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენელი იქნება, თუ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაში მცხოვრები ან სხვა ქვეყანაში გაქცეული ნაციონალების ყოფილი ჩინოსანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გამოძიებამ თქვას თავისი სათქმელი.
„ქართული ოცნება“ არ აპირებს უკრაინაში მებრძოლი თანამემამულეები უკანონოდ გამოაცხადოს, მმართველ გუნდს ეს რომ სდომოდა, აქამდე გააკეთებდა. ასეთ სულელურ ნაბიჯს „ქართული ოცნება“ არასდროს არ გადადგამს. ვისაც უნდა, იბრძოლოს უკრაინაში, ეს მისი პასუხისმგებლობის საქმეა და არა სახელმწიფოს საქმე, მაგრამ მინდა შევახსენო მამულაშვილსა და ოპონენტებს, ღმერთმა დაიფაროს და კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რომ დაიღუპოს უკრაინაში, მათი გარდაცვლილი სხვა კოლეგების მსგავსად, სამხედრო პატივით იქნება დაკრძალული საქართველოს მიწა- წყალზე, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომელთა მებრძოლებიც იბრძვიან უკრაინაში და მერე მათი გადამსვენებელი, დამკრძალავი და მომკითხავი არავინ არ არის საკუთარ სამშობლოში სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოს სახელმწიფო კი ამას აკეთებს. ამიტომაც ბინძური სპეკულაციაა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ აცხადებს „ქართულ ლეგიონს“, ეს სიბინძურეა, რაც ახასიათებს „ნაცმოძრაობას“, მის განშტოებებს, სამხედრო ფორმიან თუ სამოქალაქო ფორმიან სპიკერებს. ამავე დროს, უკრაინაში მებრძოლი იქნება, თუ სხვა ქვეყნის არარეგულარულ არმიაში მებრძოლი ქართველი, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა ქვეყნის ომში მონაწილეობა, დამსახურებები, ჩინები არაფერს ნიშნავს, თუკი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, ძნელია იმის მტკიცება, რომ საქართველოში შეთქმულების მცდელობაში უკრაინის ხელისუფლების ხელწერა იგრძნობა, უბრალოდ, უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკები თუკი არიან ამ საქმეში ჩართულნი, ამას გამოძიება დაადგენს, ფაქტია, რომ, ზოგადად, უკრაინა არ გადმოგვცემს დანაშაულში ეჭვმიტანილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბ ადეიშვილი და დავით ლორთქიფანიძე მაღალჩინოსნებად მუშაობენ უკრაინის ხელისუფლებაში და ზელენსკის ხელისუფლება იგნორს უკეთებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას მათ ექსტრადირებაზე. ეს არის პრობლემა, მაგრამ თუ ამ ზემოხსენებულ საქმეში გამოჩნდება სხვა მოქმედი თუ ყოფილი ჩინოსნების ბრალეულობა, სტანდარტულად გაიგზავნება მოთხოვნა მათი გადმოცემის თაობაზე, რაც ზელენსკის ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა.
გია აბაშიძის მოსაზრებით, სამყაროში მუდმივი არაფერია, ყველაფერი იცვლება, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დამნაშავე აგებს პასუხს და ჩაჯდება საქართველოს ციხეში ჩვენი კანონმდებლობის დარღვევის გამო, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, მამუკა მამულაშვილის განცხადებიდან შევიტყვეთ ის, რომ ამერიკელები აფარებენ ხელს საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს. თორემ რა შუაშია, რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას დაუწესებს სანქციებს იმისთვის, რომ საქართველოში ვიღაცები ამზადებდნენ ტერაქტს და სუსმა ეს ადამიანები გამოავლინა?!
„ასეთი რამ შუა საუკუნეებშიც არ ხდებოდა, ქართველი მოღალატეებიც კი ამას არ აკეთებდნენ და არც ირანის და არც ოსმალეთის მხრიდან ასეთი განცხადებები არ კეთდებოდა. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. რა შუაშია ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც აქ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტებია, რომ საქართველოში უნდა მომხდარიყო ტერაქტი და ამას ახორციელებდნენ უკრაინაში მებრძოლი ცალკეული პირები. რა შუაშია აქ „ქართული ლეგიონის“ 300 მეომარი?! ესენი გლობალური ომის პარტიის წევრები არიან, რომლებსაც ძველად საერთაშორისო იმპერიალიზმის წარმომადგენლებს ეძახდნენ. იბრძოლონ ქართველმა მეომრებმა უკრაინაში, არავინ არ დევნის მათ, არავის აუკრძალავს მათთვის ბრძოლა, პირიქით, ღმერთმა გაანათლოს ისინი, ვინც უკრაინაში ომის დროს დაიღუპნენ, ეს ადამიანები ძალიან დიდი პატივით დაკრძალეს საქართველოში. უკრაინაში მებრძოლ ბიჭებს პატივს სცემენ საქართველოში და უგზავნიან საკვებს და საჭირო ნივთებს, მაგრამ თუ ვინმე გათავხედდება, უკრაინიდან შემოვა და საკუთარ სამშობლოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დაუწყებს ბრძოლას, რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს. გლობალური ძალების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებული კანონისთვის რომელიღაცა ქვეყანა გვიწესებს სანქციებს, ამის მერე რა უნდა გაგვიკვირდეს. ვიმედოვნებთ, ნოემბრის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვლება“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge- სთან საუბრისას.