„მატყუარა“, „თაღლითი“, „მოღალატე“, „ხალხის მძარცველი“ - ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც 3 წლის წინ მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთი პირდაპირ ეთერში ამკეს. პოლიტიკოსები მაშინ ფიზიკური დაპირისპირებისგან დაცვის სამსახურმა გადაარჩინა. მიუხედავად ამ კონფლიქტისა, პარლამენტში შესვლის სურვილით შეპყრობილმა პოლიტიკოსებმა ღირსებაც და ღირებულებებიც დაივიწყეს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ძველი წყენა წარსულს ჩააბარეს.
ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში შერიგების აუცილებლობაზე წერს. „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარძე კი ქრისტიანულ მორალზე და შენდობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
ახალი ოპოზიციური გაერთიანება მთავრობის მეთაურისთვის ირაკლი კობახიძისთვის კი იმის დასტურია, რომ ოპონენტების სიტყვა და საქმე თანხვედრაში არასდროს მოდის. კობახიძის თქმით, წარსულში რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების ერთობა ოპოზიციურ სპექტრში არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს.
ხაზარაძე-ელისაშვილის პოლიტიკურ ალიანსს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაშიც. იაგო ხვიჩია, რომელიც პოლიტიკოსებს ჩხუბის დროს დაცვის სამსახურთან ერთად აშველებდა, ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ძირითადად, დღეს მსგავსი გაერთიანებები გვხვდება. ელისაშვილი მიუღებელი და წამგებიანი ფიგურაა ეკა ბესელიასთვისაც. ახალ ალიანსს მიესალმება ნიკა გვარამია, რომელიც თავად „ლელოსთან“ გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდა.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ შეხლა- შემოხლის და დაპირისპირების დროსაც კი ჩვენს ოპოზიციას არც პრინციპები და არც ღირებულებები არ გააჩნია. მამრაძე ამბობს, რომ აქ საუბარი მხოლოდ იმაზეა, როგორ გაიპიარონ თავი და ალეკო ელისაშვილის მაგალითი ამის ყველაზე ნათელი დასტურია.
„ელისაშვილი კადრულობს ყველაფერს, ოღონდ ტელევიზით მასზე ისაუბრონ და მედიის ყურადღების ცენტრში იყოს. მთავარია ჩანდეს და არა აქვს მნიშვნელობა მდინარაძეს არასწორად, არაკაცურად მიეპარა, თუ რაც გააკეთა, არ ანაღვლებს. ამით მოახერხა ზუსტად სააკაშვილმა მოსახლეობაში პიარის დაგროვება. ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ სადმე გამოჩენილიყო და ხალხს თვალში ხშირად მოხვედროდა. ახლაც, ელისაშვილი ამის გამეორებას ცდილობს. მართალია უნიჭოდ, მაგრამ რაღაცას ხომ აკეთებს. იყოს ნეგატივი, ოღონდ ეკრანზე ჩანდნენ და ჩვენი პოლიტიკოსები აღარ დაეძებენ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინც გუშინ ერთმანეთს ლანძღავდა, დღეს ერთად ყოფნას ცდილობენ. რაც შეეხება გაერთიანებას, აქ პიარის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს იმის ფაქტორი, რომ ელისაშვილი როგორმე პარლამენტში კიდევ შევიდეს. ელისაშვილის ჩანაფიქრი ეს არის.
რაც შეეხება იმას, რაში სჭირდება „ლელოს“ ელისაშვილი, ის ცნობადი სახეა და ამით საზოგადოებას აჩვენებს, ვითომ მათ პარტიას პოლიტიკოსები უერთდებიან, თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე ისინი არიან ძლიერები და რაღაცა ახალ ფლანგს ქმნიან. ეს არის ოპოზიციურ ფლანგზე ერთიანობის ილუზიის შექმნა, თითქოს პროდასავლურობის გამო ყველა წყენას ივიწყებენ“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ხაზარაძე გიორგი გახარიას თვალთხარიას ეძახდა, გახარია კი ხაზარაძე-ჯაფარიძეს ხანდაზმულ თაღლითებს და მევახშეებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათთვის ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როცა სრულიად უპრინციპო ადამიანები და ღირსებას მოკლებული პოლიტიკოსები ერთიანდებიან.
„ამ ხალხს არა აქვს არანაირი ღირსება, მორალი და თავმოყვარეობა. ჩვენს საზოგადოებაში კი სწორედ ასეთი პოლიტიკოსები არ უყვართ ყველაზე მეტად. ამ ხალხისთვის ყველაფერი ყალბია, მთავარია ის მიიღონ, რაც მათი მთავარი მიზანია. ეს კი პარლამენტში მოხვედრაა. ამიტომაც ამისთვის ერთმანეთს ხელსაც კი ჩამოართმევენ. თუმცა, ხალხისთვის ეს პოლიტიკოსები საერთოდ არანაირ ღირებულების მატარებლები არიან“, - ამბობს მამრაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დედას აგინებდნენ და ახლა ერთმანეთს ხელს ართმევენ, რა ღირებულებებზე შესაძლოა საუბარი იყოს. ქადაგიძე ამბობს, რომ ორივე მათგანს კონკრეტული მენკანტიური მიზნები ამოძრავებთ.
„ლელოს“ აქვს ამბიცია, რომ ის არის მთავარი პოლიტიკური ძალის ცენტრი და მის გარშემო ერთიანდებიან სხვა პოლიტიკური ლიდერები. ელისაშვილის და ხაზარაძის პიროვნული შეუთავსებლობა არა ერთხელ ვნახეთ. ელისაშვილი ეუბნებოდა ხაზარაძეს, რომ ის მევახშე იყო, დაპატიმრებულ ბიზნესმენებს სააკაშვილის დროს, წილებს აფორმებინებდა ვანო მერაბიშვილის დავალებით. ხაზარაძე კიდევ ეუბნებოდა რომ დაემტკიცებინა წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს არასდროს ჩამოართმევდა. არცერთმა შეასრულა პირობა და საბოლოო ჯამში ხელი მაინც ჩამოართვეს.
ეს ადამიანი ახლა იმ დონის ანტურაჟს ქმნიან, რომ წარმოუდგენელია. გასაგებია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ არჩევნებში ვერაფერს ვერ შეცვლის. ახლა იბრძვიან იმისთვის რომ სამი და ორი მანდატით მეტი აიღონ. თუმცა მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრინციპების ამ დონის ღალატი მოხდებოდა, ოღონდ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ. მართლა არ მეგონა, რომ ხაზარაძე გახარიას დაელაპარაკებოდა. ელსიაშვილი თავის მინიმალურ ავტორიტეტსაც კი ხაზს გადაუსვამდა. ანა დოლიძე მაგალითად ისეთი მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი ადამიანია, ალბათ კაპიტალიზმს სულ ამოძირკვავს და საბანკო სისტემას გააუქმებს.ამ დროს კი ბანკირებს შეეკრა ოღონდ პარლამენტში მოხვდნენ. აბა ხალხმა ამათი როგორ უნდა იწამოს და ქვეყანა როგორ უნდა ანდოს. ხალხი საკუთარ პრინციპებს ჰყიდის და ესენი ქვეყანას არ გაყიდიან? ერთხელ და ორჯერ უქნიათ ეს თუ რა გასაკვირი იქნება“,-ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციისთვის მთავარია დასავლეთმა დაინახოს, რომ ვითომ ერთიანდებიან. რაღაცა პოლიტიკური ცენტრები იქმნება და საერთოდ არ აინტერესებთ რეალურად ქართველი ხალხი მათ ამ ერთობაზე რას ფიქრობს. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში დასავლეთისთვის, რათა დახმარება და ფული მიიღონ.
იმან იმაზე ის თქვაო; თქვენს თავს მიხედეთ და თქვენი ნალაპარაკევი და ნამოქმედარი გაიხსენეთ!ანტიდისკრიმინაციული და კიდევ ასზე მეტი კანონი ევროკავშირის მითითებით არ მიიღეთ? მაშინ რატომ არ იბრაგუნებგით მჯიღს მკერდზე? არა გაქვთ თქვენ სატრაბახო წარსული და მეცოცხეებს რომ ჯობიხართ, ეს სულაც არაა თავმოსაწონები!
ანეკდოტში რომაა, კლიენტს უგემურ წვნიანს მიუტანენ კვების ობიექტში და მის კითხვაზე, სხვა არჩევანი რააო, პასუხობენ - ამ წვნიანს ან შეჭამ და ან არა. ეგ ორი არჩევანიაო.
არ გამოკეთდება ძმარი, წყალღვინის შერევით. არ გამოვა მაგიდან არაფერი. თუ არა და, აგერ ოქტომბერი და ხვალეო.