„დასავლეთშიც ესმით, რომ გადატრიალება არ გამოვა და ახლა ახალი პერსონაჟების შემოგზავნას უნდა ველოდოთ, რათა მომავლის პროცესებისთვის გავლენის აგენტები ყავდეთ“

„დასავლეთშიც ესმით, რომ გადატრიალება არ გამოვა და ახლა ახალი პერსონაჟების შემოგზავნას უნდა ველოდოთ, რათა მომავლის პროცესებისთვის გავლენის აგენტები ყავდეთ“

გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა. სუს-მა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება მიმდინარებს 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სუს-ის ინფორმაციით, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში მოწმის სტატუსით გამოიკითხა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი, რომელმაც მედიასთან საუბრისას უარყო, რომ ელიზბარ რაქვიაშვილია და უწყებაში მისვლის მიზეზად პირადი საქმე დაასახელა.

„რატომ ფიქრობთ, რომ ელიზბარი ვარ? სიები გაქვთ გადმოცემული? ჩემ პირად საქმეზე მოვედი. რა ტერორიზმი, რას ლაპარაკობთ? კარგად ბრძანდებოდეთ... არ ვარ, ჩემო მეგობარო უკრაინაში მებრძოლი. პირად საქმეზე მოვედი. არ ვარ ელიზბარი“, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა და კითხვაზე, თუ ვინ არის, აღნიშნა, რომ „რა მნიშვნელობა აქვს?!“.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საკუთარი ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი გახდნენ. გეგმავდნენ ტერორისტულ აქტს, რაც გამოიწვევდა ქვეყანაში ქაოსს და ეს უკვე ავტომატურად ნიშნავდა ქვეყნის საომარ პროცესეში ჩართვას, რაც არის გარე მოთამაშეების მთავარი მიზანი. თუმცა, სუს-ი ამ ეტაპაზე არ საუბრობს იმაზე, ვისი დავალებით მოქმემდებდნენ ქართველები და ვინ არიან საქართველოში მათი თანამზრახველები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტერორისტული აქტების საფრთხეები არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია.

„ტერორისტული აქტების მომზადება საქართველოში გასაკვირი არც არის. გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან - გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული. ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხდება - 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში“, - აცხადებს კობახიძე.

მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ევროკომისრის მხრიდან მიიღეს კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, მისივე თქმით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი და ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი.

„გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ის იყო ერთგვარი „მესენჯერი“, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სუს-ში მიმდინარე გამოძიება არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და მათი არგუმეტი ასეთია: „ხელისუფლება არჩევნებს აგებს და იწყებს ოპოზიციის დაშინებას“. ამას ამბობს ის ოპოზიცია, რომელიც თავად მართავდა ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს და საპროტესტო აქციებს იყენებდნა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის. ამისთვის გამოიყენეს კანონი „გამჭვირვალეობის შესახებ“ და უწოდეს „რუსული კანონი“. თუმცა, სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა.

შესაბამისად, ოპოზიციის გეგმამ გადაინაცვლა შემოდგომაზე. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია უკვე არჩევნების შემდეგ შეეცდება ქვეყანაში საპროტესო პროცესების აგორებას, რადგან იმედი აქვთ, რომ აშშ და დასავლეთი 26 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს. რადიკალები ემზადებიან, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯისთვის ემზადება სახელმწიფო.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ „არჩევნების დროს „მეხუთე კოლონა“ საკმაოდ რადიკალურად იმოქმედებს, მაგრამ მის მიმართ კანონიც ასევე რადიკალური იქნება.

„ხელისუფლება მონოლითური აღმოჩნდა, მისი ნავიდან მხოლოდ 5 ჩინოვნიკი გადახტა და ორი ისევ უკან დაბრუნდა. ოქტომბერ-ნოემბერში ხელისუფლებაც რომ შედრკეს, რისი ნიშნებიც არ არის, ხალხი აუცილებლად გამოვა და პროცესებზე პასუხისმგებლობას აიღებს. ვერ ვხედავ რეალისტურ სცენარს, რომლითაც „მეხუთე კოლონა“ ხელისუფლებაში მოვა.

გვესმის, რომ კოლექტიური ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა და ომში ჩვენი ჩართვა ერთი იქნება. დასავლეთშიც ესმით, რომ გადატრიალება არ გამოვა და ახლა პატრიოტულ ფლანგზე ახალი პერსონაჟების შემოგზავნას უნდა ველოდოთ, რათა მომავლის პროცესებისთვის გავლენის აგენტები ყავდეთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სუს-ის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს. მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება არაერთხელ გააკეთეს, მაგრამ საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების ნდობა რთულია.

„როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი - ჯერჯერობით ასე ჩანს. არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები - რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

„აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი.

ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას ლექსიკას აგრძელებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და ამბობს, რომ სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია და რაც ახლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის შიშის დანერგვა.

„2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ საბურავების რევოლუცია დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. ასეთი გამოძიება შარშან შემოდგომაზეც დაიწყო. სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ოპოზიციის ამ განცხადებების მიუხედავად, ფაქტია, რომ სუს-მა საკმაოდ მძიმე საქმის გამოძიებაზე ისაუბრა, რაც ნიშნავს, რომ არსებობს სათანადო ფაქტებიც და მტკიცებულებებიც, რასაც, დიდი ალბათობით, მოჰყვება პოლიტიკური გაგრძელებაც. „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ის, რაც არ გამოუვიდათ საქართველოში, ცდილობენ გააკეთონ სომხეთში. ამის მტკიცებულებაა მაგალითად ე.წ. ოდკბ-ს წევრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ნატოს საიუბილეო სამიტში, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე პენტაგონის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის გახსნა და ამერიკა-სომხეთის სამხედრო წვრთნები.

„ყველაფერი სისტემურად უნდა განვიხილოთ - ტერორისტული აქტები, კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობების სერია, აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში მუდმივი მზაობა - ფერადი რევოლუციის და მაიდანის სცენარით წარმართონ პოლიტიკური პროცესები. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მათ გეგმებში არის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს არც სახელმწიფოს, არც სპეცსამსახურებს და შსს-ს და არც საზოგადოებას. წინ გველის მძიმე პერიოდი და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ, საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

„სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, არიან ადამიანები, რომელთაც უკრაინასთან აქვს შემხებლობა, დიდი ალბათობით, გამოკითხულ პირთა წრე გაიზრდება და მათ შორის უკრაინაში მყოფი ადამიანებიც იქნებიან. ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „მორიდებული კატა ვირთხებს ათამამებს“. დიახ, ახლა მორიდების დრო არ არის, ვირთხებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს და შესაძლო დანაშაულის მომზადება-განხორციელება არავის უნდა ეპატიოს.

შესაძლოა ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ამ ბინძურ პროვოკაციას და მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, შემდეგ კი სახელმწიფოს ყველა შტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამნაშავეთა საქართველოში ექსტრადირება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა მათ მდებარეობას, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და სასჯელი სრულად მოიხადოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია გაქცეულნი და შეფარებულნი არიან უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ.

„ეს ვაჟბატონები, ისევ და ისევ, უკრაინიდან აპირებენ საქართველოში სისხლისღვრის დემონსტრირებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ სუბიექტებს საქართველოში ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. მათ არამც და არამც არ აჩერებენ გარე თუ შინა პატრონები და აგერ, უკვე მერამდენე ტერაქტს და უბედურებას აგეგმინებენ საქართველოში. ამიტომაც დროა უპირობოდ დასრულდეს მათი ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოს, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. როგორც მოვლენები აჩვენებს, დრო უკვე არ ითმენს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.