ცდილობს თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიცია დისტანცირებას და რატომ აღარ არის ოპოზიციურ ფლანგზე ის სულისკვეთება, რომელსაც ისინი პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაზე ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერის დროს გამოხატავდნენ? თითქმის ოპოზიციის სრული შემადგენლობა, გიორგი გახარიას გამოკლებით, ამ ქარტიას ხელს აწერს და იღებენ პასუხისმგებლობას იმ რეფორმებზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ ქარტიაშია მოცემული. ასევე, გაჩნდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გაუწევდა ლობირებას პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას და შუამავლის როლს შეასრულებდა. თუმცა, ბოლო დროს, ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფება ისე მიმდინარეობს, რომ პრეზიდენტის როლი საერთოდ არ ჩანს და ამაზე არც ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აღარ საუბრობენ. ჩნდება მოსაზრება, რომ ოპოზიცია პრეზიდენტს მაშინ იყენებს, როცა სჭირდება, ხოლო პოლიტიკურ პორცესებში მის ჩარევას ერიდებიან და დისტანცირებას ცდილობენ.
არადა ორბელიანების სასახლეში, 6 მარტს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი როლი „პროევროპული ძალების კონსოლიდაციაა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
„თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები. თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ. ახლა, სწორედ, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა შეიქმნას ერთი დოკუმენტი, რასაც ხელს მოაწერენ პოლიტიკური ძალები. ეს იქნება ერთგვარი ქოლგა, რომელსაც მე დავიჭერ და ვაპირებ დავიჭირო. მათი როლია, თვითონ ანახონ თავიანთი ასპარეზი არჩევნებისთვის. ამაში მე ვერ ჩავერევი. ეს არაა ჩემი როლი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტს ოპოზიცია იყენებს მაშინ, როცა მათ სჭირდებათ, ხოლოდ მისი ლიდერობა რეალურად არც არაფერში აწყობთ. მეორე მხრივ, ზურაბიშვილი რომ ლიდერი იყოს, მას ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
„რა ფუნქცია აქვს ამჟამად ზურაბიშვილის ლიდერობას დანარჩენი ოპოზიციისთვის, რაში შეიძლება ეს ლიდერობა გამოადგეთ? ოპოზიციაში სულაც არ ჰგონიათ, რომ ლიდერობის დეფიციტი აქვთ. პირიქით, თუ დავაკვირდებით, ყველას თავი ლიდერად მოაქვს. ჩვენ ხომ პოლიტიკური გენერლები გვყავს და არა ჯარისკაცები. ამიტომ ზურაბიშვილს ლიდერად არავინ არ დაიყენებს. როცა ამდენი ლიდერია, რაში სჭირდებათ ზურაბიშვილი?! მას, როგორც პრეზიდენტს, ამ რანგში გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პროპაგანდის სახით ისედაც იყენებენ.
ქმნიან ილუზიას, რომ აი, რადგან ის დასავლეთისთვის მისაღები ფიგურაა, მის „ქართულ ქარტიას“ და სხვა რაღაცა ინციატივებს უერთდებიან. ამას შესაძლოა დასავლეთისთვის თვალის ასახვევადაც აკეთებენ. პრინციპში, ბევრ მათგანს დასავლეთთან ურთიერთობა თავადაც არ უჭირს. მშვენივრად მიდიან და კონტაქტებიც კარგი აქვთ. ზურაბიშვილი, ალბათ, უფრო მისი სტატუსის გამოა ოპოზიციისთვის მისაღები, რომ ის პრეზიდენტია, სხვაგვარად მას როგორც ლიდერს, წინ არ დააყენებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი რომ ლიდერად ოპოზიციამ დაიყენოს, მაშინ ის ქარიზმა და ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, რაც თავის დროზე სხვა ლიდერებს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს ჰქონდა და ახლა ივანიშვილს აქვს. საყვარელიძის აზრით, ზურაბიშვილი საზოგადოების დიდ ნაწილში ვერ სარგებლობს ამხელა მხარდაჭერით. მან მხოლოდ ახლა, რამდენიმე წელში შეძლო, ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება, რადგან მანამდე ის ასე ღიად არ პოზიციონირებდა. თუმცა, მაინც ვერ შეძლო და ვერც შეძლებს იმ მხარდაჭერის მოხვეჭას, რაც ოპოზიციის ლიდერობისთვის არის საჭირო.
„თავის დროზე, ლიდერობისთვის პოლიტიკაში ოჯახის წევრები იმეტებდნენ ერთმანეთს და ჩვენს ოპოზიციაში ხალხს იმხელა ამბიციები აქვს, ზურაბიშვილს წინ ვინ გაუშვებს.
„შესაძლოა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი აწყობდეთ კიდეც და ის ამ პოზიციაზე კვლავაც ოპოზიციისთვის მოიაზრებოდეს, მაგრამ ჯერ ამისთვის ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნები უნდა მოიგოს. სხვაგვარად, ზურაბიშვილის კანდიდატად დასახელებას რა აზრი აქვს. ნუ, შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით, იფიქრონ, რომ საჭირო იყოს, მაგრამ ხმების მხრივ ამ წყალწაღებულ ოპოზიციას მაინც ვერაფერში დაეხმარება. ისევ და ისევ, იქიდან გამომდინარე, რომ მას ხალხში ამხელა მხარდაჭერა არ აქვს“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფუნქცია ამ ეტაპზე სხვა მეტი ვერაფერი იქნება, რაც ახლა არის. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტია და მას უნდა თუ არა, ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება უწევს, ამიტომ ოპოზიციისთვის ამაზე მეტს ვერაფერს გააკეთებს.
„ოპოზიციაში გადაჯგუფებები მიდის და ეს წმინდა პარტიული თემებია, ამიტომ ზურაბიშვილის ამ პროცესებში ჩარევის არეალს ვერ ვხედავ. რა შემთხვევაში შეიძლება მან იმაზე მეტი როლი შეასრულოს, რასაც ახლა აკეთებს?! ზურაბიშვილმა თავისი პოზიციით და, ზოგადად, დასავლეთთან მიმართებაში პოზიციებით, ოპოზიციას, კი, ბატონო, დაეხმარა, მაგრამ ამაზე მეტს მართლა ვერაფერს იზამს. სწორედ იმას აკეთებს, რისი საშუალება პრეზიდენტის რანგში აქვს. რაღაცა ეტაპზე, შესაძლოა, ოპოზიციაში ურთიერთობების მარეგულირებელი გახდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს რეგულაციები საჭირო არ არის. რაც შეეხება გახარია „ლელოს“ გაერთიანებას და აქ ზურაბიშვილის როლს, მგონია, მაინც ამ ორმა ძალამ უნდა შეძლოს საერთო ენის გამონახვა. სხვაგვარად ზურაბიშვილი ამ ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ვერ გახდება. მაშინ პრეზდენტობიდან უნდა გადადგეს, რაც ასევე დაგვიანებულია. ამიტომ, მე პრეზიდენტის როლს იმაზე მეტს, რასაც ახლა აკეთებს, ვერ ვხედავ. ეს გადაჯგუფებები უნდა დასრულდეს და ოპოზიციამ საბოლოო სახე უნდა მიიღოს. თუკი ოპოზიციურ ფლანგზე არ იქნება 3 პოლიტიკური ძალა და უფრო მეტად გაიშლებიან, მაშინ „ოცნება“ 20%-მდე და კიდევ მეტ ხმას აიღებს. შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულად განვითარდეს და 30%-იც კი აიღოს და ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთ დარჩეს. პრეზიდენტი ამაში მათ ვერ დაეხმარება, თუ გადაწყვეტილებები თავად არ მიიღეს“,-ამბობს ძაბირაძე.