დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შანსები რაც უფრო იზრდება, მით უფრო აქტუალური ხდება კითხვები - რა სცენარით შეიძლება უკრაინის ომი დასრულდეს და რა გეგმა აქვს ამისთვის ტრამპს, რომლის საარჩევნო დაპირებაში ომის თემა ერთ-ერთი პრიორიტეტულია? უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი ზელენსკისთან კიევში ჩასვლას აპირებს, მათ ამის შესახებ ტელეფონითაც ისაუბრეს. რა გეგმა დაუდეს მრჩევლებმა ტრამპს ომის დასრულებაზე და რა პროგნოზი აქვთ ანალიტიკოსებს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაიწყება, დანარჩენ უკრაინას თუ რა ბედი უნდა ეწიოს. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსები, კონფლიქტი რომც გაიყინოს, ყოველთვის გამოიყენებენ ბერკეტად იმას, რომ იტოვებენ უფლებას, განაახლონ ომი, თუ დასავლეთი მათ პირობებზე არ წავა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ტრამპს როგორ წარმოუდგენია ამერიკის სტრატეგია. თუ ისე, როგორც რვა წლის წინ, ამერიკის მთავარი მეტოქედ ისევ ჩინეთს განიხილავს და მისი დაბალანსებისთვის რუსეთთან პარტნიორობა სჭირდება, მაშინ არ არის გამორიცხული, უკრაინის სახით მივიღოთ ნეიტრალური სახის ბუფერული სახელმწიფო, რათა რუსეთთან აომონ. უკრაინას კი მუქარით დაითანხმებენ, რომ მას დახმარებას შეუწყვეტენ.
დასავლურ მედიაში კი უკვე გაჩნდა ვერსიები, თუ როგორ შეიძლება ტრამპმა ეს გააკეთოს. „პოლიტიკო“ ტრამპის ყოფილ მრჩევლებზე დაყრდნობით წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე. გარდა ამისა, „პოლიტიკოს“ თანახმად, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკება გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს. „როიტერის“ ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტრამპი იმ გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდება. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა განაცხადა, აშშ მოსკოვს აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.
მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს, უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად, „მკაფიო ხედვა“ აქვს.
ორბანი ამა წლის მარტში აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც 8 მარტს ტრამპმა ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
აშშ-დან დაბრუნებულმა ვიქტორ ორბანმა ინტერვიუ მისცა უნგრულ ტელეარხ M1-ს. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპის „მკაფიო ხედვაა“, რომ ომი აღარ დააფინანსოს და შესაბამისად, ის დასრულდება, რადგან ევროპელები ომის დაფინანსებას დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებენ.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკარინის ომთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან რთულად არის და ძნელია იმის წარმოდგენა, რა სცენარით შესაძლოა ომი დასრულდეს. მისი თქმით, არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის, ამ ეტაპზე, არც ერთი სცენარით ომის დასრულება მისაღები არ არის.
„ამ ეტაპზე რთულია საუბარი ზუსტად ვთქვათ, რა სცენარით შესაძლოა ეს ომის დასრულდეს. მშვიდობა უკარინის და რუსეთის გარეშე ვერ დამყარდება. ამას ორივე მხრიდან თანხმობა სჭირდება. გასაგებია, რომ ტრამპს სჭირდება ამაზე საუბარი წინასაარჩევნოდ და ამერიკელების გულს იგებს ამით, მაგრამ რეალურად, რა სცენარს სთავაზობს პუტინს ან ზელენსკის, რომ მათი დათანხმება შეძლოს, ჯერ არ ჩანს. დასავლეთმა პუტინს პირი უკვე მოუსინჯა და ნახა, რომ პუტინი კატეგორიულად არ თანხმდება იმ სცენარს, რომ ის 2022 წლის საზღვრებში დაბრუნდეს. ზელენსკის ბოლოდროინდელი განცახდებით კი ჩანს, რომ ის ახლანდელ მდგომარეობაზე, რაც რუსეთს ტერიტორიები აქვს დაკავებული, არ დათანხმდება. ეს უკარინაში თავად მოსახლეობაში უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც შიდა დაპირისპირების ინსპირაციაც შესაძლოა გახდეს. წარმოუდგენელია, რომ რუსეთთან შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვისაც მისაღები იქნება. მშვიდობის ფორმულის მიმართ რუსეთის და უკრაინის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
რაც შეეხება ტრამპის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ამაზე უკარინა არ წავა. შესაძლოა, ეს რუსეთს უფრო აწყობდეს და ამას თავისი მიზეზი აქვს.
„ზელენსკიმ კარგად იცის, რომ ომის გაყინვა რუსეთისთვის ახალი ძალის მოკრების საშუალება იქნება. ამით ევროპის მოდუნება მოხდება, რაც ლოგიკურია დახმარების შემცირებას და შეჩერებას გამოიწვევს. ომი თუ შეწყდა, ამ დახმარებას ევროპაც და ამერიკაც შეწყვეტს. რუსეთი კი აუცილებლად უკან შემობრუნდება, რადგან პუტინს უკვე ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და მას დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს. რუსეთს სამშვიდობო ძალად შუაში ვინ ჩაუდგება? ამიტომ გამოვრიცხავ, რომ პროცესის გაყინვის შესაძლებლობა არსებობდეს.
ეს იქნება, ალბათ, ახალი რკინის ფარდა და ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მის მიღმა არ მოვხდეთ. თუ რუსეთში რაიმე სერიოზული რყევები არ მოხდა, პუტინი ამ პოზიციების დამთმობი არ არის. ახლა მთავარია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მოხდეს შეთანხმება, სად გატარდება ახალი რკინის ფარდა, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. რუსეთს ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოცდილი აქვს და მშვენივრად იცის როგორ მართოს სიტუცია. ის ამისთვის ემზადება და უკრაინა შესაძლოა ბუფერულ ქვეყნადაც კი იქცეს. რუსებს, ბუნებრივია, მთელი უკრაინის ტერიტორია უნდათ. შემდეგ კი გაფართოვება სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის დაბრუნებაზე გაუჩნდება პრეტენზიები. ამიტომ უკრაინა რაც უფრო მეტს დაუთმობს და დასავლეთიც ამაზე დათანხმდება, რუსეთს მადა მით უფორ მეტად გაეზრდება და არავინ იცის, ამ მადაში მოვყვებით თუ არა“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიც ამ ეტაპზე უკრაინის ომში რაიმე გარდატეხას არ ელის. მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რთული წარმოსადგენია რა სცენარით შეიძლება ომი დასრულდეს, როცა არც ერთი მხარე პოზიციებს არ თმობს.
„ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ ბაიდენის მხარდაჭერის გამო ტრამპს ზელენსკი მაინც და მაინც გულზე არ ეხატება და თავისი ანგარიში აქვს მასთან გასასწორებელი. ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ომის ირგვლივ პროცესების განვითარება დამოკიდებული. აქ ჩინეთის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს და უკრაინის ომის ბედი, შესაძლოა, საერთოდ ყველას დაავიწყდეს, თუკი ის ტაივანზე პრეტენზიებს წამოაყენებს და კონფლიქტი დაიწყება. გააჩნია ტრამპის პოზიციონირებას ჩინეთთან მიმართებაში. თუ ჩინეთთან ვერ დალაგდა, შესაძლოა, სიტუაცია ისე აირიოს, რომ უკრაინა საერთოდ ყველას დაავიწყდეს. ტრამპის მოსვლა ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
თუკი ის 8 წლის წინანდელივით ჩინეთს ისევ მთავარ მეტოქედ აღიქვამს, მაშინ მის დასაბალანსებლად ისევ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას გამოიყენებს. აქ კი უკრაინა ეწირება.
ამიტომ, მე არ ვიცი და ვერც ვფიქრობ, რა სცენარზე შესაძლოა საუბარი იყოს. რუსეთი ერთი, რასაც დასთანხმდება, ალბათ, 4-ვე რეგიონის გადაცემა იქნება, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს. პუტინი სხვა არაფერზე არ წავა, ეს დარწმუნებით ვიცი. ამხელა ომი და ამ მასშტაბის დაპირისპირება მთელ დასავლეთთან მას სხვა არაფრად არ უღირს. ამიტომ სიტუაცია ძალიან დრამატულად შეიძლება პირიქით, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განვითარდეს. რაც შეეხება საქართველოს, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მას ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებდა. ახლა, მგონია, პოლიტიკა დიდად არ შეიცვლება და რაღაცა ახალი მოლოდინები მე პირადად არ მაქვს“, - ამბობს მაისაია.