პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე - რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე

პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე - რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე

“ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას წარმოთქმული ფრაზის გამო, სადაც ზურაბიშვილმა მეორე ვადით საპრეზიდენტო კანდიდატობა არ გამორიცხა. ზურაბიშვილი კვლავ არაა წინააღმდეგი, რომ მმართველი პარტია “ქართულ ქარტიას” შუერთდეს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს წინადადება თავის არსში უპერსპექტივოა და წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან - “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”. ანალიტიკოსების თქმით, თუ ქარტიას “ოცნებაც” შეუერთდა, “მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა?” მათივე შეფასებით, ზურაბიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის ზეპარტიულია. რაც შეეხება ზურაბიშვილის შანსებს მეორე ვადაზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ოქტომბერში, შანსი აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოწინააღმდეგეები ჰყავდეს ზურაბიშვილს, რადგან თავად ოპოზიცია ლიდერების ნაკლებობას არ განიცდის. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე - რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე.

“პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია დადებითად აფასებს და თუ ზურაბიშვილი კვლავ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მიესალმებიან. პარტიების ნაწილი კი ამბობს, რომ მათგან პრეზიდენტს “აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს”. თავად პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეკრებაზე რამდენიმე გზავნილი გააჟღერა, ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები არის ეგზისტენციალური არჩევანი “რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი”. მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული მომავალი აქვს. “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”, - ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს ხმების დაცვაში, მათ შორის იმაში, რომ თუ იქნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც ტრენინგებზე დახმარება დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკოორდინაციო როლს იკისრებს და დაეხმარება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება -არჩევნებში და შემდეგ “ქართული ქარტიის” შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს - “ამას დიდი დრო უნდა”. გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ. მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს, რომ 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება “ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო”. თუმცა ამავე დროს პრეზიდენტი “ქარტიაზე” ხელმოწერასაც სთავაზობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას, რომ "ქართული ქარტია" ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. “ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაში” აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს”, - დასძენს გამოცემა.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, “ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. მისი თქმით, “პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში”. წილოსანის აზრით, “პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს” და მისთვის ”ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტისთვის...”, - წერს სტატიის ავტორი.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის შანსი იმ შემთხვევაშიც დაბალი აქვს, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მისივე თქმით, თუკი “ოცნებას” იუმორის გრძნობა აქვს, პრეზიდენტის შეთავაზება უნდა მიიღოს და “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწეროს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტის ფრაზა “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის” წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან, რომ პრემიერი “ქართულ ქარტიას” შუერთდეს და ხელი მოაწეროს. თუკი “ოცნებასაც” სთავაზობს ხელმოწერას, მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა? ქართულ პოლიტიკაში ლოგიკური წინააღმდეგობის ეტაპი არაა დაძლეული და მე მგონი არც მსოფლიო პოლიტიკაში, ყველას უყვარს აბზაცის დასაწყოსში ერთის თქმა და აბზაცის ბოლოს იმის საწინააღმდეგოსი”, - თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს მეორე ვადაზე შანსი ექნება თუ ოპოზიციამ გაიმარკვა არჩევნებში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“როცა პრეზიდენტი ევროპულ ხედვებს ახმოვანებს, იმედი აქვს, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მეორე ვადით დარჩება პოსტზე. რადგან თუ მაგალითად “ლელოსთვის” “ნაცმოძრაობის” მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში, თითქოს მაგაზეა გათვლა, რომ ყველა პარტიისთვის ასე თუ ისე მისაღები კანდიდატურა იქნება ზურაბიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, მისი წარსულიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იყოს მისაღები. მარკუს ავრელიუსს აქვს ნათქვამი რომ “ადამიანი თავის სულით და გულით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე”. პრეზიდენტმა იცის, რომ “ქართული ოცნება” “ქართულ ქარტიას” ხელს არ მოაწერს. გათვლაც ზუსტად ამაზეა, რომ მე ჩემი შევთავაზეო, რომ ზეპარტიულობაში ჩაეთვალოს, თორემ თავადაც კარგად იცის არავინ ხელს არ მოაწერს. საერთო ჯამში, პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იყო, ცდილობს, რომ გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. ჩანს, რომ პოლიტიკაში კვლავ დარჩენას აპირებს, რომ ისევ პრეზიდენტად აირჩიონ ხმოსანთა საბჭომ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

მერაბ.g მეორე ვადა არა შიბლა! ახიკე შენი ბარხანა და დეკემბერში იმ სასახლეში კი არა საქართველოში არ დაგინახო!
6 თვის უკან