18 ივნისს ისტორიული დღეა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ მატჩს ჩაატარებს თურქეთის ნაკრებთან. რა განწყობით ხვდებიან ამ საფეხბურთო ზეიმს და როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების შანსებს, ამის შესახებ ქართველ კომენტატორებს ტატო ბაციკაძეს, დიმა ობოლაძესა და გიორგი კალატოზს ვესაუბრეთ.
ტატო ბაციკაძე:
- მოლოდინები გვაქვს იმის, რომ ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. მინიმუმ სამი თამაშით უნდა ვისიამოვნოთ. როგორი შედეგი იქნება, მაგას კი აქვს მნიშვნელობა, მაგრმ ამ შემთხვევაში, ეს მეორე ადგილზეა. მთავარია, რომ ამდენი წელი რაც გვინდოდა ეგ უკვე მოხდა. თუნდაც ბოლო, მონტეგენროსთან ჩატარებული თამაშიდან გამომდინარე, ძალიან კარგად გამოჩნდა, რამდენად კარგი განწყობა და გარემოა გუნდში, ასევე, რამდენად თავდაჯერებულები არიან. ეს კარგად აისახება გუნდის თამაშზე. თურქეთთანაც და ჩეხეთთანაც თავისუფლად შეგვიძლია დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ. მეორეს მხრივ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, შეიძლება ძალიან დიდი იმედი გქონდეს ამა თუ იმ თამაშის წინ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდეს და წააგო. ამას ვერასდროს განსაზღვრავ იმიტომ, რომ შენი კარგი თამაში და განწყობა არ არის ხოლმე საკმარისი, მეორე მხარეს მეტოქე დგას და იმას თავისი მიზნები აქვს.
თუმცა საბოლოო ჯამში, განწყობა, რა თქმა უნდა, არის ოპტიმისტური - თან რაც მთავარია, შესაძლებლობის ფარგლებში ობტიმისტური. იმას არ ვამბობ, რომ უნდა ჩავიდეთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა რომ შესაძლებელია, ამაში დარწმუნებული ვარ.
გუნდი მშვენიერ ფორმაშია. "ნაპოლის" საქმე კარგად არ მიდიოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მაინც საუკეთესო იყო გუნდში, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია, სეზონის ბოლოს გოლი გოლზე გაჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს საოცარი სეზონი ჰქონდა. ზუკა დავითაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ ბოლოს ბევრი გოლი გაიტანეს. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ყველამ, სათითაოდ, თითქოს ისე კარგად დაამთხვიეს სეზონის ეს ნაწილი, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ ფორმაში არიან და ეს ყველაფერი გვმატებს ოპტიმიზმს. ვხედავ, ინდივიდუალურად ბიჭები როგორ ფორმაში არიან და პლიუს ამას გუნდიც ძალიან კარგად თამაშობს - დამაჯერებლად. მონტენეგროსთან ასე დამაჯერებლად მოგება მარტივი არ არის და ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოვახერხეთ.
დიმა ობოლაძე:
- ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ძალიან დიდი გამარჯვება. ეს თაობა სანიოლთან ერთად ისტორიში შევიდა. ის, რომ უკვე ვართ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან მაგარია. რაც შეეხება მოლოდინებს - თურქეთის თამაშიც ვნახეთ და ჩვენებსაც. თუ იქნება ერთიანობა, მობილიზება და დისციპლინა, როგორიც ჰქონდათ საბერძნეთთან და ლუქსემბურგთან, მე ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა მიუღწეველი ნამდვილად არ არის. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და რაც უფრო მეტი გვაქვს, მეტი გვინდა, ობიექტურად ასეც უნდა იყოს.
წინა ხაზი გვყავს ძალიან მაგარი. ყურადღებით უნდა ვიყოთ უკან, რომ ბევრი მომენტები არ შეგვიქმნან, ჩვენ კი მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მე ვფიქრობ, რომ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით ეს ბიჭები ისტორიაში კიდევ ერთ ფურცელს დაწერენ. თუ ასე არ მოხდა, მაინც, ყველა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ბიჭებს, მე ძალიან ვამაყობ მათით და ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვით. თუმცა, ეს ჯგუფი არ არის დაუძლეველი ბარიერი. შეიძლება სხვა სპეციალისტები უცხოეთში სხვანაირად ფიქრობენ და ფავორიტებში არ ვართ, მაგრამ ეს ლოგიკურია - დებიუტანტები ვართ. წლების განმავლობაში სტადიონზე იმ შეგრძნებით მივდიოდით, რომ წავაგებდით, ახლა ეს შეიცვალა. ამხანაგური შეხვედრა ისეთ გუნდთან, როგორიც მონტენეგროა, მარტივად მოვიგეთ - წლების წინ ეს საოცნებო იყო. ეს თაობა სხვანაირია, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამბიცია გვაქვს. ისეთ გუნდებს ვხვდებით, ვისთანაც თანაბრად შეგვიძლია თამაში. ძალიან მინდა და ველოდები ჩვენს გუნდს მერვედფინალში.
გიორგი კალატოზი:
- მხოლოდ დადებითი მოლოდინები , თან დასაკარგი ჩვენს ნაკრებს არაფერი არ აქვს. შესაბამისად, წნეხი ნაკლებია. ამხანაგურმა თამაშმაც აჩვენა, რომ წნეხი ნაკლები იყო და ლაღად თამაშობდნენ. ევროპის ჩემპიონატი არის დღესასწაული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის და ქართველები ამას სულ ველოდებოდით. ახლა გვაქვს შესაძლებლობა ამ ზეიმში საკუთარ გუნდს ვუგულშემატკივოთ და უბარალოდ, სიამოვნება მივიღოთ იმით, რომ ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს. შედეგი უკვე მეორე ხარისხოვანია. მეორე მხრივ, ძალიან თავისუფლად შეიძლება ჯგუფიდან გავიდეთ. კარგი ნაკრები გვყავს, ჯგუფიც არ არის განსაკუთრებით საშიში ჩვენთვის, თან სამი გუნდი გადის - ეს ყველაფერი მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები არ ვართ, მგონია, რომ საქართველოს ნაკრები ბევრისთვის სიურპრიზი იქნება.
სპორტში, რა თქმა უნდა, გუნდურობა აუცილებელია, მაგრამ ძალიან მნიშვვნელოვანია ისიც, რომ გყავდეს სახელოვანი ლიდერები. ჩვენ ეხლა გვყავს ასეთი ფეხბურთეკლები - კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე. ჩვენ სულ გვეუბნებოდნენ - თქვენი ფეხბურთელები კარგ ჩემპიონატებში ვერ თამაშობენ და რისი ამბიცია გაქვთ. ეხლა ეს ყველაფერი შიცვალა და ბევრად კარგი ნაკრებია ამ კუთხითაც, რომ ბიჭები ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ შეგვიძლია თუქეთისა და ჩეხეთის დამარცხება. პორტუგალიასთან, რა თქმა უნდა, აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ კაცმა არ იცის, იქაც რა მოხდება. მთავარი რაც იყო, უკვე გავაკეთეთ. ბიჭებმა თამასა გაარღვიეს და აწიეს.