სწრაფი ვარდნის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დასტაბილურდა. ერთდღიანმა შოკმა გადაიარა და ახლა ყველას დადებითი მოლოდინი აქვს. ოღონდ ამისათვის საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დამშვიდება, ესკალაციის შეწყვეტა და ვითარების ნორმალიზება.
როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტმა და ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესი ზეგავლენას ახდენს ბევრ ფაქტორზე, მაგრამ კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სპეკულაციურია.
„6 თვის წინანდელთან შედარებით, საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების აქციების ფასი გაზრდილია ამ ვარდნის პირობებშიც კი, თუ კაპიტალიზაციაზეა საუბარი, 20%-ით მეტი აქვთ ბანკებს კაპიტალიზაცია დღესაც, ვიდრე ჰქონდათ 6 თვის წინ.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს მოკლევადიანი ვარდნაა, რაღაც ფაქტორების გამო, ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს აქციების ღირებულებაზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამას მოჰყვება ზრდაც, რადგან დაბალ ფასად გამოტანილი აქციები მიმზიდველია“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ვარდნა მოხდა პიკურ პერიოდში და არა წინა პერიოდში, შესაბამისად კრიზისული ფაზა ფაქტობრივად, გადავლილია.
„როდესაც ინვესტორი ინფორმაციას იღებს, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება, წარმოიქმნება უარყოფითი ფაქტორი, რაც ზემოქმედებს აქციების ფასზე. ეს იყო დროებითი ვარდნა, რამაც მოახდინა გაუფასურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში მიდის სტაბილიზაციისკენ, მალე ვნახავთ ფასის აწევასაც“ - განაცხადა ცუცქირიძემ.
დაახლოებით იგივე მოსაზრებისაა ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნას გამოეხმაურა და ფაქტი შეაფასა. მისი შეფასებით, საქართველოს საფინანსო სისტემას, ლონდონის ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნის გამო საფრთხე არ ემუქრება.
„ბუნებრივია, ყოველთვის ყველა ქვეყანაში გარკვეული ტიპის რყევა, როგორიცაა აქციები და დემონსტრაციები, გარკვეულად პანიკას იწვევს ხოლმე. ეს არის პანიკური ნაწილი, რაც დღეს საქართველოში შეიქმნა, ვინაიდან საფონდო ბირჟებზე გარკვეული ცვლილებები მუდმივად ხდება.
საფონდო ბირჟა თავისი არსით გამოირჩევა სწორედ იმ პრინციპით, რომ სტაბილურად ხდება სხვადასხვა ტიპის მერყეობა და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი. მოკლევადიან პერიოდში, ასეთი რყევა ყურადღებას იქცევს, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი პერიოდის აუცილებელი ამოცანა, თუ პანიკური აყოლა არ ხდება. სინამდვილეში მიმდინარეობს პანიკის დათესვა, თითქოს ხდება რაღაც უბედურება.
მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა, რაზეც აპელირებენ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარია მთელი ევროპის მასშტაბით. საქართველოს საფინანსო სისტემამ გაუძლო არაერთ კრიზისსა და შოკს. ეს არის მინი პანიკური შეტევა, რომელიც რისკს არ შეუქმნის საფინანსო სისტემას და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან ზუსტად. ის, რომ კომერციულ ბანკებს რამე ემუქრებოდეს, არის აბსურდის ნაწილი. დღეს საქართველოში სავალუტო რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე და საქართველო მდგრადი საფინანსო სექტორით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკა სტაბილური განვითარების რეჟიმშია, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი აქვს და ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია. ამას აღიარებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ეკონომისტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟის ობიექტური საფუძველი საქართველოს ეკონომიკაში არ არსებობს.
„ნებისმიერი ეკონომიკური მოვლენისადმი დამოკიდებულებას ორი მხარე გააჩნია: წმინდა მატერიალური და ფსიქოლოგიური. ერთია, რა ვითარებაა ეკონომიკაში და როგორ აღვიქვამთ. განსაკუთრებით ინფორმატიკის ეპოქაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლია ერთი და იგივე მოვლენა აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინონ. შესაბამისად, გაზარდონ ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ამა თუ იმ მოვლენისადმი. ანალოგიურ სიტუაციას წავაწყდით საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგიური განწყობა მოქმედებს და ეს ახდენს გავლენას ადამიანთა ქცევაზე, რაც ხშირად საკუთარი ეკონომიკის და ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. ცხადია, ასეთ სიტუაციაში, თუკი ყველა მიადგება საბანკო სისტემას, რომ თავიანთი აქტივები გაიტანონ, ამას ვერც ერთი ქვეყნის საბანკო სისტემა ვერ გაუძლებს. მნიშვნელოვანია, რომ აჟიოტაჟის ობიექტური საფუძველი საქართველოს ეკონომიკაში არ გვაქვს“, - განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტის შეფასებით, წინასწარი პროგნოზი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აჟიოტაჟი, რთულია, თუმცა ყველა პირობაა, რომ დასტაბილურდეს კურსი და ქართული აქციების ფასიც ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდეს.
„ახლა მთავარი სტაბილურობის უზრუნველყოფა, სიმშვიდე და საბანკო სისტემისადმი ნდობაა, რასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაიმე საფუძველი, რომ მოხდეს ლარის კურსის შემდგომი ვარდნა, არ არსებობს. საქართველოს საბანკო სისტემა არის მყარი და უსაფრთხო. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინდელთან შედარებით, „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე გაუფასურების აღმავალი ტრენდი შემცირდა, ესეც იძლევა გარკვეულ იმედს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება.
საქართველოს ეკონომიკას აქვს მძლავრი რესურსი, გაუმკლავდეს შოკებს, რომლისგანაც არათუ ჩვენი სავალუტო ბაზარი, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და სავალუტო ბაზრები არ არიან დაზღვეული“, - განაცხადა არჩვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.
შაგეხსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე 3 ქართული კომპანიის ფასი დაეცა. ეროვნული ბანკის განმარტებით, გაუფასურება უკავშირდება „აჟიოტაჟურ პროცესებს, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები“. კვირის ბოლოს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა - აქციების ფასი დასტაბილურდა, ხოლო ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო.