„ევროკავშირთან პარტნიორობა საქართველოს მოსკოვისგან სრული უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს“, - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი სტატიას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აღნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი ჩარევების წინააღმდეგ მიმართული „სადაზღვევო პოლისი“.
„საქართველო და მოლდოვა ორი სახელმწიფო იყო, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს რუსეთის ზეწოლას და ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მოსკოვის კუნთების ჩვენების ტაქტიკამ შეაკავა უკრაინა და სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებისგან. საქართველო, სომხეთისა და უკრაინისგან განსხვავებით არ არის ისე დამოკიდებული რუსეთზე ენერგორესურსებისა და სავაჭრო სფეროებში. თუმცა რუსეთის ხელმძღვანელები თვლიან, რომ მათ გარკვეული ბერკეტები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, 30 ნოემბერს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ორი დღის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა კვლავ განაგრძეს მავთულხლართების გაბმა და ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ასევე ორი ადამიანი დააკავეს ხაშურში ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო.
ოფიციალური თბილისის აღიარებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, მაგრამ ისინი ისე მოიქცევიან, ვითომ პირიქით იყოს. „რა თქმა უნდა, ისინი რაღაცას გეგმავენ“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
არსებობს თუ არა პარალელები უკრაინასა და საქართველოს შორის მოცემულ სიტუაციაში, რამდენად სახიფათო იქნება გზა ევროპასთან ასოცირების დოკუმენტის პარაფირებიდან ხელმოწერამდე, რა საფრთხეები არსებობს რუსეთის მხრიდან და რა პრევენციულ ღონისძიებებს შეიძლება მიმართოს საქართველომ ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, ერთი მხრივ, არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეიძლება საქართველოსაც წაადგეს და რუსეთი ნაკლებად აგრესიული აღმოჩნდეს საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, სომხეთში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ის კავკასიის დათმობას არ აპირებს. თქვენი შეფასებით, უკრაინა და საქართველო ამ შემთხვევაში ერთიან კონტექსტში არ მოიაზრება?
- დავიწყოთ იმით, რომ უკრაინაში წყდება დღეს საქართველოს ბედიც და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო არ არის ასეთი მძიმე მოვლენების მებაირაღე პოსტსაბჭოთა სივრცეში. საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, ყოველთვის, იყო თუ არა, ამისი აუცილებლობა, პირველები ჩვენ გავრბოდით და ჩვენ ვეგებოდით „ხიშტზე“. შემდეგ ჩვენს მიერ დაღვრილი სისხლის თუ ოფლის შედეგით, გარკვეულწილად, სარგებლობდნენ სხვებიც ამ სივრცეში და გაცილებით იოლად აღწევდნენ მიზანს, დაწყებული 1989 წლის 9 აპრილიდან.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ სხვის მიერ დაღვრილი ოფლით და შრომით ჩვენც შეიძლება ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს უკრაინაზე.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ამ სიტუაციაში მსგავსება არ არსებობს...
- დიახ, აპატურაის მოსაზრებაც კი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ანალოგი არ არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორისო, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი გულდამშვიდებაც არ გვარგებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც უკრაინა აიძულეს ხელმოწერამდე ათი დღით ადრე, ჩვენც ასევე არ გვაიძულონ.
ერთია, რიტორიკა რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებასაც და სურვილიც ნამდვილად არსებობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწეროთ, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელიც შეიძლება დადგეს ერთი წლის შემდეგ, როდესაც ხელმოწერის დრო დადგება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად დანაკარგების გარეშე გავიაროთ ეს პერიოდი.
მაშინ ვისაუბროთ იმაზე, როგორ წყდება უკრაინაში საქართველოს ბედი...
- თუ უკრაინაში რუსეთმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ანუ იანუკოვიჩი შეინარჩუნა ხელისუფლებაში ისე, რომ მან არ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ძალიან გაუჭირდება იმ გზის გავლა, რომელიც პარაფირებიდან ხელმოწერამდე აქვს დარჩენილი.
პირიქით, თუ უკრაინაში იანუკოვიჩი იძულებული გახდა ხელი მოაწეროს ასიცირების ხელშკრულებას, ან თუ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები და უკვე შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ გააფორმა ეს ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში რუსეთს ნაკლები ბერკეტი დრო და რესურსი დარჩება საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რადგან ღრმად იქნება ჩაფლული უკრაინის მიმართულებით.
რაც შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, აქ რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი და ყველას აქვს არსებობის უფლება.
შესაძლოა თავად იანუკოვიჩი გახდეს იძულებული და ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მეორე ვარიანტია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მესამე - რომ შენარჩუნდეს დღვანდელი სტატუს-ქვო და იანუკოვიჩმა დრო მოიგოს. მეოთხე და ყველაზე მძიმე სცენარი - სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს გარედან.
თუმცა, რუსეთის ირიბი მონაწილეობის გარეშე აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის დაპირისპირებას გამოვრიცხავ - თავად რუსეთსაც ამისათვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადების მიმართვა დასჭირდება და ეს არ იქნება ერთდღიანი ან ორდღიანი ოპერაცია - თუ ამაზე წავიდა რუსეთი და რამდენად აწყობს მას დღევანდელ სიტუაციაში ამაში გახვევა, ესეც საკითხავია.
რაც შეეხება საქართველოს?
- როგორც ვთქვით, თუ პროცესები უკრაინაში დასავლური კურსის სასარგებლოდ დამთავრდა, მაშინ ჩვენ გაცილებით გაგვიიოლდება ბევრი რამ, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოზე ხელს აიღებს. ამისი დასტური იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სომხეთში ვიზიტისას, რომ ის კავკასიის დათმობას არ აპირებს. მან გარკვეულწილად დაიბევა სამხრეთ კავკასია, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები.
რა შეიძლება რუსეთმა განახორციელოს საქართველოს დასაშანტაჟებლად?
- ამ მხრივაც საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები ისმის საქართველოს ხელისუფლების და საერთოდ, პროდასავლური სპექტრის მხრიდან, რომ რუსეთს რა ბერკეტები აქვს დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ, რომ რუსეთის ბაზარი ისედაც დაკეტილი იყო ქართული პროდუქციისთვის და მისი კვლავ ჩაკეტვა დიდ ეკონომიკურ რყევებს არ გამოიწვევს, წასაღები რაც იყო, რუსეთმა უკვე წაიღო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით და ა.შ.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ვნახეთ რაც ხდებოდა შემოდგომაზე კახეთში და ვხედავთ რაც ხდება დასავლეთ საქართველოში ციტრუსთან დაკავშირებით. 20-წლიანი შიმშილის შემდეგ თუ ხალხი ეკონომიკურად მეტ-ნაკლებად წელში გაიმართება, შემდეგ ამას როგორ შეელევა, ესეც საფიქრალია. ეს თემა შესაძლოა, ერთ-ერთ ბერკეტადაც იქცეს რუსეთის ხელში.
ამის გარდა ვხედავთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ სადემარკაციო ზოლის მუდმივი გადმოწევა და შესაბამისად, მუდმივი ოკუპაცია მიმდინარეობს. სხვა პროვოკაციული მცდელობებისთვის ჯერ არ მიუმართავს რუსეთს და სოჭის ოლიმპიადამდე ამას არც უნდა ველოდეთ. თუმცა მარაგში ძალზე ბევრი რამ აქვს.
შეუძლია გამოიყენოს იგივე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის თემები, ირანის როლის მზარდი აქტივობის გათვალისწინებნით. სამეგრელოში უცნაური და ყოვლად ალოგიკური ინიციატივები, მართალია ძალიან მცირე ჯგუფის, მაგრამ მაინც. აღარაფერს ვამბობ რელიგიათაშორის დაპირისპირებაზე - აჭარაც შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ტიპის დაპირისპირებისთვის, სადაც ბოლო წლის განმავლობაში ათასობით ახლადგამოჩეკილი საქართველოს მოქალაქე მივიღეთ და ა.შ. ეს არის პოტენციური თემები,რომელიც რუსეთმა თავის სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
მე არ ვამბობ, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად გააქტიურდება, თუმცა ეს არის პოტენციური საფრთხის გამოწვევები საქართველოს წინააღმდეგ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ინტენსიური და აქტიური საინფორმაციო ნაკადი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია საკმაოდ კვალიფიციურად შემოედინება საქართველოში და რომლის მიზანია, ყოველგვარი პროდასავლურის მიმართ საზოგადოების იმედგაცრუების დამკვიდრება. რაც არც თუ უშედეგოდ მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება რუსეთის მიმართ მოლოდინების ზრდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ამოქმედებული საქართველოს წინააღმდეგ.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს პრევენციისთვის?
- ალბათ, ის, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი მიძღვნილი ამ თემებისადმი - ანუ როგორ გავიაროთ უდანაკარგოდ გზა პარაფირებიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე - რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების, ისე იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც პროდასავლური კურსი გააჩნიათ, ასევე - ექსპერტული საზოგადოების და შესაბამისი ინსტიტუტების კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს ერთგვარი რისკებისა თუ საფრთხეების კატალოგი და ამ საფრთხეების განეიტრალების და პრევენციის მექანიზმები. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამოვკვეთოთ რაში, რა დოზით და როდის დაგვჭირდება ამერიკის შეერრთებული შტატებისა და ევროპის დახმარება, რა ფორმის უნდა იყოს ეს დახმარება და რას ველით მათგან.
კონკრეტულად რა ტიპის მხარდაჭერაზე უნდა იყოს ლაპარაკი?
- მათგან რა არის მოსალოდნელი, ამას არ უნდა დაველოდოთ - რა ტიპის დახმარება გვჭირდება მათგან, ეს თავად ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და ძალზე კონკრეტულად უნდა წავუყენოთ მათ ეს მოთხოვნები. ასევე კონკრეტული პასუხები უნდა მივიღოთ მათგანაც - არა შეშფოთება-აღშფოთება, არამედ კონკრეტული პასუხი, რა კონკრეტულ შემთხვევაში რა კონკრეტული დახმარების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იმედი, რომ შემდეგ პირისპირ არ დავრჩეთ რუსეთთან.
არის ხელშესახები მიზეზი, რატომაც უნდა მოვიქცეთ ასე?
- უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა, რა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ამერიკა და ევროპა რუსეთთან მიმართებაში. მათ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს შესაბამისი ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების მოძიება, რომელიც უკრაინას სჭირდებოდა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის გასანეიტრალებლად - მეტ-ნაკლებად რომ შეერბილებინა ის დარტყმა, რომელიც უკრაინას მიადგებოდა რუსეთის ენერგორესურსების შეწყვეტისა და რუსული ბაზრის ჩაკეტვით.
ამის შესახებ უკრაინა კარგახანია აფრთხილებდა ევროკავშირსაც და ამერიკასაც. თუმცა დასავლეთი ამას სათანადო ყურადღებას არ უთმობდა და თავის მხრივ, უკრაინისგან გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა.
გასაგებია, რომ ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ მეორეა, პოლიტიკურად რა უფრო უღირდა ევროკავშირს უკრაინის დაკარგვა და რუსეთის მორიგი გამარჯვება თუ გარკვეულ დათმობებზე წასვლა იგივე უკრაინასთან.
მხოლოდ ბოლო დღეებში, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, დაიწყო დასავლეთმა რესურსების ძიება.
იგივე რომ არ მოხდეს საქართველოსთან მიმართებაშიც, ძალიან მკვეთრად უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული მოთხოვნათა ჩვენი პაკეტი და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე.
კონკრეტულად რა შეიძლება მოვითხოვოთ დასავლეთისგან?
- ამ ეტაპზე, რაც ჩანს, ეს არის ის, რომ დაჩქარდეს ტექნიკური დეტალების გადაწყვეტა ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდში და რაც უფრო დაუახლოვდება ეს პერიოდი სოჭის ოლიმპიადის დასასრულს, მით ნაკლები რისკისა და დარტყმის წინაშე აღმოჩნდება როგორც საქართველო, ასევე მოლდოვა.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - უკვე ვახსენე ანტიდასავლური საინფორმაციო ნაკადი, რომელსაც არაფერი არ ეწინააღმდეგება - ესეც სასწრაფოდ მისახედი თემაა და სწორედ ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსებით უნდა მოხდეს ეს.
ბოლო თვეებია გვესმის, რა ცუდია ევროკავშირი, რომ ეს ყოფილა ჰომოსექსუალიზმის დაცვა, რომ ევროკავშირთან ასოცირება ჩვენ არანაირ ეკონომიკურ წინსვლას არ მოგვიტანს და ა.შ.
საპირისპირო საინფორმაციო მწყობრი პოლიტიკა და ნაკადი ჩვენ არ გვაქვს არც სახელმწიფო და არც სამოქალაქო საზოგადოების დონეზე. საჭიროა, დეტალურად ავუხსნათ ადამიანებს, რას ნიშნავს ჩვენთვის დასავლური კურსი, რა არის მთავარი ღირებულება ასოცირების პარაფირების და ხელმოწერის, ევროინტეგრაციის; ეს ყველაფერი რას მოუტანს მას დადებითს და რა დროში.
არ ვამბობ, რომ ვინმეს თვალში ნაცარი უნდა შეაყარონ, პირიქით, უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ბევრი არაფრის მომტანი არ იყოს, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შენარჩუნებისა.
უნდა ითქვას ისიც, რომ კი ბატონო, რუსეთმა დღეს გაუწია სომხეთს ენერგეტიკული შეღავათები, მაგრამ გავიხსენოთ ისიც, როგორ ზეწოლას ახდენდა და როგორ გაუზარდა თავის დროზე გაზის ფასი, როდესაც 400$-ს ახდევინებდა და გავერანებული იყო სომხეთის ეკონომიკა.
აგერ უკვე რამდენი წელია, რაც სომხეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთისთვის, მაგრამ აქამდე რატომ არ დაეხმარა? რატომ არ დაეხმარა ეკონომიკის აღორძინებაში? როდესაც რუსეთი თავისას მიაღწევს და გააერთიანებს იმ ქვეყნებს, რომელიც მას სჭირდება საბაჟო კავშირის შექმნისთვის, ისეთსავე კაბალურ პირობებში აღმოჩნდება ყველა, როგორც იყო სომხეთი ამდენი წლის განმავლობაში.
დღეს იძულებული გახდა რუსეთი, სხვა ქვეყნებისთვის მადის აღსაძვრელად გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა და სომხეთს გაზის საფასური გაუნახევრა, სხვა პრეფერენციებსაც ჰპირდება მისი საბაჟო კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია.
სწორედ ეს უნდა იყოს ამ საინფორმაციო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ამას არ აკეთებს სახელმწიფო და არც გააკეთებს - ერთი მხრივ, ის იძახის, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება უნდა, ხოლო მეორე მხრივ პროპაგანდას რომ ეწეოდეს, რა ცუდია რუსეთი, ეს არაფრით არ გამოვა.
ეს სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, სწორედ ამერიკისა და ევროკავშირის დაფინანსებითა და მათი პროფესიული რჩევით უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქტები ან ჰომოსექსუალობის თუ ლესბოსელობის პროპაგანდაში ჩაყრილი ფული. ეს უნდა იყოს ქართული ტრადიციებისა და ქართული ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით.
რაც ხდება ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძალიან ჰგავს გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას სუპერბირთვულ სახელმწიფოთა შორის. თითქოს უნდა შეცვლილიყო ევროპის გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური საზღვრები, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთი. ასეთ შემთხვევაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, რას მიიღებს რუსეთი და რას დასავლეთი? რა ფაქტორებია ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი?
- დღეს ფაქტობრივად მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცის გადანაწილების მეორე ეტაპი რუსეთსა და დასავლრთს შორის. პირველი ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და დასრულდა ერთი მხრივ, დსთ-ს შექმნით, მეორე მხრივ - ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
მას შემდეგ ორივე მხარემ გარკვეული ტაიმაუტი აიღო, თუმცა ამ ტაიმაუტით უფრო უკეთ ისარგებლა რუსეთმა, ის გაძლიერდა, შედარებით დასუსტდა დასავლური ფრთა. მანამდე რუსეთი მსგავს რამეს ვერ გაბედავდა, თუმცა მანამდე დასავლეთიც არ იყო მზად, რომ გადანაწილების ახალ ეტაპზე გადასულიყო.
რითი დასრულდება ეს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, რას მოითხოვს რუსეთი ირანისა და სირიის საკითხებში მხარდაჭერის სანაცვლოდ - ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემაა.
არ არის დღევანდელი მსოფლიო ისე მოწყობილი, რომ ერთი საკითხი წყდებოდეს ლოკალურად სხვა მისივე მნიშვნელობის საკითხებისგან მოწყვეტით. ამ ერთობლიობაზეა დამოკიდებული, როგორ გადანაწილდება ეს ინტერესები.
არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინასთან მიმართებაში აშშ-სა და ევროკავშირის პასიურობა გამოწვეული იყო იმით, რომ მათ სჭირდებოდათ რუსეთის მხარდაჭერა ირანისა და სირიის საკითხებში და რუსეთი ზედმეტად არ გააღიზიანეს უკრაინის თემით.
სამაგიეროდ, თავად უკრაინაში ააგორეს პროცესები და ახლა ეტყვიან რუსეთს, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს არის უკრაინელი ხალხის მოთხოვნა და გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი ხალხის ნებაა ევროკავშირთან დაახლოება.
შეიძლება დასავლეთმა ორი კურდღელი დაიჭიროს - სირიისა და ირანის თემაზე რუსეთისგან მხარდაჭერა მიიღო და ახლა ამ მიმართულებით აპირებს მისთვის სასურველი შედეგის მიღებას. როგორ გადანაწილდება გავლენის სფეროები, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები.