ქვეყანაში ექთნების დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ ზოგიერთი კლინიკა გამართულად ვეღარ მუშაობს

ქვეყანაში ექთნების დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ ზოგიერთი კლინიკა გამართულად ვეღარ მუშაობს

საქართველოში ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტია. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში, სადაც ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავთ, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს. როგორც ჩანს, მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებამ ჯერჯერობით საქმეს ვერ უშველა.

ანგარიშის - „ჯანმრთელობის დაცვა - საქართველო 2023“ - თანახმად, ქვეყანაში ექთნების რაოდენობაა 22029. წინა წლებში ქვეყანას უფრო მეტი ექთანი ჰყავდა: 2021 წელს მათი რაოდენობა - 22078, 2020-ში კი 22126 იყო.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა. მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.

როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის. სახეზეა, ერთი მხრივ, ექიმების სიჭარბე, ხოლო, მეორე მხრივ, კადრების დეფიციტი, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ცუდად მოქმედებს.

საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ დამფუძნებელი თამარ დაუსი ადასტურებს, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, შესაძლოა, სამედიცინო ოპერაციების ჩატარების მხრივაც გაჩნდეს პრობლემა, მაგალითად, ვერ მოხერხდეს ოპერაციების დროულად ჩატარება მხოლოდ იმიტომ, რომ ექთნის მოძიება გაჭირდეს.

„ექთანი მუდმივად არის პაციენტთან და მუდმივი ურთიერთობა აქვს მასთან. ეს არის მონიტორინგი, მონაცემთა ინტერპრეტაცია, მოვლა და ა.შ. როცა ჭარბი რაოდენობით პაციენტებია, რა თქმა უნდა, ის ასპექტები, რომელიც ექთნის გადასაფარია, შეუსრულებელი რჩება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ექთანი ვერ ასწრებს და ექიმსაც არ შეუძლია მისი ჩანაცვლება, რადგან არც მის კომპეტენციაში შედის და ეს საქმიანობა ნასწავლიც არ აქვს.

ეს არის ცალკე მდგომი გამართული პროფესია, რომელსაც თავისი მიმდინარეობა და მოქმედების ჩარჩოები აქვს. საავადმყოფოებში არის ოპერაციები, რომელიც შეიძლება გადაიდოს, არ ჩატარდეს იმიტომ, რომ არ გვყავდეს ექთანი. აღარ არის საჭირო რაოდენობით ექთანი და შესაბამისად, რაღაც მომსახურება რჩება შეუსრულებელი“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ თამარ დაუსმა.

საქართველს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66,5%-ის ხელფასი 1200-ლარზე ნაკლებია, ქართველი ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია, საქართველოს რეგიონების კლინიკებს კი იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს.

100 000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;

ექიმების სიჭარბის და ექთნების სიმწირის გარდა, პრობლემაა სამედიცინო კადრების არათანაბარი განაწილებაც: თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15 000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8000 ექიმი.

ექთნების მწვავე დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემაც.

„ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ აქედან წასულ კადრს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ პროფესიით დასაქმდეს. დიდი გადინებაა სამედიცინო სექტორიდან და მნიშვნელოვანია სათანადო ნაბიჯების გადადგმა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული სამუშაოა გასატარებელი.

ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ამის გამოსწორების ერთადერთი გზაა სისტემური რეფორმა დარგში, პირველ რიგში - დაფინანსების გაზრდა, რაც მომავალშიც უნდა გადაიხედოს. 700-800 ლარი, რა დონეზეც მოხერხდა ხელფასის გაზრდა, არ არის ის მაჩვენებელი, რის გამოც შეიძლება ადამიანს საქართველოში მუშაობა მოუნდეს“, - განაცხადა ზოიძემ.

ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100 000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.

trampi მიეცით ხელფასი და იმუშავებენ
ვინც გყავდათ, კაპიკებზე რომ ამუშავებდით, იმიტომ გაგექცათ ყველა
ჩვენთან მეზობლად საცხობში ნამცხვრების გამომცხობლად 20 წლის სტაჟის მქონე ექთანი გადმოვიდა ---- ხელფასის გამო
იძახეთ ექთნები არ არიანო ...600-- ლარად აბა თქვენ იცხოვრეთ
ფანდარასტები!!!!!!!!!!!!!
8 თვის უკან