სპექტაკლი - „ხურჩის ტერაქტი“, მეორე მოქმედება, დრამატურგი - ემა გოგოხია

სპექტაკლი - „ხურჩის ტერაქტი“, მეორე მოქმედება, დრამატურგი - ემა გოგოხია

ჟურნალისტი ემა გოგოხია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტმა „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში აღნიშნა, ისინი მისგან ე.წ. ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ. გოგოხიას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს თავად ლაშა ნაცვლიშვილი და ამბობს, რომ „აბსურდზე“ ის კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, მას ჯერ გოგიხას ბრალდებაზე განცხადება არ გაუკეთებია.

„მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვაცხადებ, რომ ჩემზე ზეწოლა განახორციელა ირაკლი ალასანიამ, ლაშა ნაცვლიშვილმა, გელა კვანტალიანმა და კახა ჩიხრაძემ. თბილისში, კონსპირაციულ ბინაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. ლაშა ნაცვლიშვილი პირდაპირ მთხოვდა, რომ მე მათ დავხმარებოდი ხურჩის ტერაქტის „გაპრავებაში“. ირაკლი ალასანიამ პირდაპირ მითხრა: ემა შენ იმ ხელისუფლებაში არასდროს ყოფილხარ დაფასებული, დაგვეხმარე შენი აღიარებითი ჩვენებით და ჩვენ შენ გაგიშვებთ მოსკოვში, სადაც გექნება ბიზნესი და იქიდან დაბრუნებულს დაგხვდება კარგი თანამდებობა“, - აცხადებს გოგოხია.

გოგოხიას თქმით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც პირად საუბარში დაადასტურა, რომ ჩვენება მსგავსი შეთანხმების საფუძველზე მისცა.

„მე მზად ვარ ამ ყველაფერზე და ყველა სხვა დეტალზე ვისაუბრო სასამართლოში. მე მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დღევანდელი ბრიფინგი არ არის შეთანხმებული იმ არხის ხელმძღვანელობასთან, რომელშიც მე ვმუშაობ და მათ ამის შესახებ გაიგეს საინფორმაციო საშუალებებიდან“, - აცხადებს ემა გოგოხია.

ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც 1999 წლიდან „რუსთავი2“–ის ჟურნალისტია, მიხეილს სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული. გოგოხიას, როგორც ჟურნალისტს, მონაწილეობა აქვს მიღებული რეგიონში მომხდარი ყველა მოვლენის გაშუქებაში და მათ შორისაა სწორედ 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარი ე.წ. ტერორისტული აქტი. მაშინ არჩევნებში მონაწილეობისათვის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან სოფელ ხურჩაში მიმავალ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, მათი ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი ავტობუსები კი დაწვეს.

დღემდე ცნობილი იყო, რომ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სეპარატისტებმა მოაწყვეს. ახალი ხელისუფლების მიერ საქმის თავიდან შესწავლის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის განსხვავებული ვერსია დადო, რითაც დასტურდება, რომ ეს იყო არა ტერაქტი, არამედ ტერაქტის ინსცენირება და იგი ქართულმა მხარემ მოაწყო. ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. მათ შორის აფხაზეთის კუდ–ის მთავარი სამმართველოს უფროსი რომან შამათავა, რომელიც ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

რამდენიმე დღის წინ შამათავასა და მასთან ერთად დაკავებულ მურღულიასთან დაკავშირებით, განცხადება სამეგრელოს გუბერნატორმა თენგიზ გუნავამაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ ამ ბრალდებით შამათავასა და მურღულიას დაკავება რუსული სპეცსამსახურების დაკვეთაა და არ გამორიცხა, რომ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი თვითონ მას, ასევე ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიასაც წაუყენონ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი შესაძლოა თენგიზ გუნავას, როგორც სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს და ყოფილ სამხარეო პროკურორს, როლანდ ახლაიას წაუყენონ. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება უკვე სწავლობს ახალაია-გუნავას შესაძლო კავშირს ამ საქმესთან. რაც შეეხება თავად ჟურნალისტ ემა გოგოხიას, თვითმხილველები ტერაქტის მოწყობაში ჟურნალისტებსაც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის ფაქტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო, მეტიც, გოგოხია ყოფილ ძალოვანებთან საკმაოდ დაახლოებული პირი.

ექსპერტი მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საეჭვოა გოგოხიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდო იყოს. „არ ვიცი, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა, მაგრამ არ მგონია 4 ადამიანი და მით უმეტეს ლაშა ნაცვლიშვილი ან ირაკლი ალასანია შეხვედროდა ემა გოგოხიას იმისთვის, რომ ამ თემაზე ელაპარაკათ“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

რაც შეეხება უშუალოდ ხურჩის ტერაქტის საკითხს, არეშიძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი შემთხვევა ხელოვნურად დადგმული იყო და ამაზე თავდაპირველად გავრცელებული დაუმონტაჟებელი კადრებიც ნათლად მეტყველებს, რომლებშიც ჟურნალისტების და ადგილზე მყოფი ადამიანების რეპლიკებიც მოხვდა.

„მე მაშინვე ვიცოდი, რომ ეს დადგმული იყო. ჯერ ერთი, რომ ვუყურებდი ამ კადრებს, მაშივე ჩანდა, მაგრამ თვითონ ადგილობრივი ჟურნალისტებისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, როგორ დადგეს მთელი ეს ღონისძიება. ჯერ კიდევ მაშინ სასაცილოდ არ ყოფნიდა სამეგრელოში დისლოცირებულ ჟურნალისტთა კორპუსს ეს ამბავი. არ ვიცი, ზუსტად ვისგან მოდიოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ თბილისში მე იმათგან ჩამომივიდა. მოგეხსენებათ, თავის დროზე ამ სფეროს წარმომადგნლებთან აქტიური კონტაქტები მქონდა. გარდა ამისა, როდესაც მე მომეცა საშუალება თვითონ ორიგინალი მენახა, იქ ისმის ადამიანების სიტყვები - „დამთავრდა გადაღება?“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

„დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია ემა გოგოხიას გაცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს.

„ხვალ ემა გოგოხიამ ისევ რომ გამართოს პრესკონფერენცია და თქვას, რომ ალასანია, ნაცვლიშვილი, კვანტალიანი და ჩიხრაძე კი არა, თავად ბიძინა ივანიშვილმა დამიბარა კონსპერაცნიულ ბინაში და მითხრა: ემა ოღონ ეს ხურჩის ინციდენტი ქართველებს გადააბრალე და მთელ ჩემს ქონებას შენზე გადავაფორმებო, მისგან არ გამიკვირდება. ემა გოგოხიას ნათქვამზე ან ასეთი კომენტარი უნდა გააკეთო, ან საერთოდ არ უნდა თქვა არაფერი“, - ამბობს მიქაია.

რაც შეეხება ხურჩის ინციდენტს, მიქაია ამბობს, რომ შამათვა დირექტივას ღებულობდა თავად მიხეილ სააკაშვილისგან და ამ ე.წ. სპეცოპერაციაში პირდაპირ ჩართული იყვნენ მამა-შვილი ახალაიები და თენგიზ გუნავა.

„რომა შამათავა არაა ის ფიგურა, რომელმაც ამხელა ავანტურა დადგას გუნავას, როლანდ ახალაიას და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა მიქაია.

სამეგრელოში მომუშავე ჟუნრალისტი ნანა ფაჟავა გამოძიებამ უკვე დაკითხა, ის for.ge-სთან საუბრისას იმ დეტალებზე საუბროს, როგორ ხვდებოდა ემა გოგოხია ინციდენტის ადგილას ყველაზე პირველი, ან ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ნანა, რა მოხდა 21 მაისს ხურჩაში რეალურად, ეს ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო?

ნანა ფაჟავა: მაშინ წარმოვადგენდი ადამიანის უფლება ცენტრს, ასევე რადიო „იმედის“ კორესპონდენტი ვიყავი სამეგრელო ზემო-სვანეთში. 21 მაისს „ადამინაის უფლებათა ცენტრიდან“ 45 კაციანი ჯგუფი იყო ჩამოსული, მათ შორის იყო უჩა ნანუაშვილი, ყველანი გადანაწილებული ვიყავით სხვადასხვა უბნებზე. შემთხვევით ავღმოჩნდი ხურჩაში, როდესაც ქალაქის ცენტრიდან გადიოდა სამედეცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახურები, მათ კვალს მივყევი და ადგილზე ინციდენტიდან 15 წუთში მივედი. დაახლოებით 150 მეტრში ბუჩქებიდან ამოდიოდა კვამლი, ადგილობრივი მცხოვრებლები პანიკაში იყვნენ. ადმინისრაციული საზღვრის მიმართულებით სახნძრო სამაშველო მანქანები და პოლიციის პიკაპები გადაადგილდებოდნენ. დიქტოფონით ვიყავი, ადგილობრივებმა მაშინ მეგრულად მითხრეს რაც მოხდა და ეს ჩანაწერები დღესაც მაქვს.

რა გითხრეს?

- ის, რომ ეს იყო პროვოკაცია. სანამ ავტობუსებს ააფეთქებდნენ, მანამდე ადგილობრივ მოსახლეობას გვთხოვდნენ, რომ გავსულვიყავით სტადიონისკენო.

ვინ გვთხოვდაო, რას ამბობდნენ?

-  ჟურნალისტები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.

ვინ იყვნენ ეს ჟურნალისტები?

- ემა გოგოხია, ნატო ბერულავა და ირაკლი ლაგვილავა, გვეუბნებოდნენ, სტადიონისკენ გადით, სულ ცოტახანი დაგვჭირდება ამ ყველაფრისთვისო. ერთმა მითხრა, რომ ხურჩის სკოლის პედაგოგები წაიყვანეს იმ ადგილისკენო. შემდეგ როგორც აღმოჩნდა ნანი ქარდავა და კიდევ რამდენიმე პედაგოგი გადმოდიოდა იქიდან. როგორც ჩანს, ესეც შეთანხმებული იყო. ნანი ქარდავას სთხოვეს, რომ გადმოეყვანა პედაგოგები ხმის მისაცემად, მაგრამ აქ რა ელოდებოდა, ვფიქრობ, რომ მან არ იცოდა.

ეს ის ნანი ქარდავაა რომელიც დაიჭრა და მეგრულად საუბროს, ეს რა მიქენი ბიჭო, მართლა დავიჭერიო?

- დიახ, და რომელიც ნაბაკევის გამგებელს ზაალ ელიავას, რომელიც ქართველების მიერ იყო დანიშნული, ეუბნება, რომ ზაალ მკვდარი ვარ და ამისთვის გადმომიყვანეთო?! თვითონ ეს ნანი ქარდავა აფხაზების მიერ იყო დანიშნული სკოლის დირექტორად. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რადიო „იმედის“ პირდაპირ ჩართვაზე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო ქართველი ჟურნალისტების, ხელისუფლების და ძალოვანების მხრიდან. იცით, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პირველი შემთხვევა არ იყო და ამ ყველაფერთან მუდმივად ასოცირდებოდა გოგოხია და ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ იყო.

რასთან ასოცირდებოდა, დეზინფორმაციასთან?

- „ტელეიმედში“ ვმუშაობდი და მუდმივად მიწევდა „რუსთავი 2“-ს ეთერით გასული სიუჟეტის უარყოფა. გოგოხიას ტყუილები ერთი საათის დაგვიანებით „იმედის“ ეთერით ბათილდებოდა. პირევლად მე გავახმოვანე ეს ამბავი და მერე უკვე რადიო „თავისუფლებამ“ გადმოსცა, რომ ეს იყო პროვოკაცია. იცით, რომ შემდეგ უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადო დასკვნა, რომ ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო ქართული მხარის მიერ. ამ ჩართვის დროს ვნახე როგორ გამოვიდნენ აფეთქების ადგილიდან სამხედრო მანქანები და მასთან ერთად, გამოვიდნენ ემა გოგოხია და ნატო ბერულავაც. მეტსაც გეტყვით, „რუსთავი 2“-ის შტატივი და ყუმბარმტყორცნი გვერდი-გვერდ იდო. კადრში ჩანს როგორ ასწორებს გოგოხიას ოპერატორი კონჯარია შტატივს და ემზადება მეორე ავტობუსის აფეთქების გადასაღებად.

თქვენ არ გქონდათ მცდელობა, რომ მისულიყავით იმ ადგილას საიდანაც გოგოხია და ბერულავა გამოვიდნენ?

- შევეცადე, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მივხვდი, რომ ვერ ვიქნებოდი უსაფრთხოდ. მაშინ ვნახე იქ, შორიდან, ზაზა გოროზია და თენგიზ გუნავაც. ხურჩის ტერიტორიაზე შემხვდა სასწრაფო დახამრების ბრიგადა, რომელსაც დაჭრილი ნანი ქარდავა გადაჰყავდა. მესამე დღეს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ ეს იყო ქართული მხარის მიერ პროვოცირებული ტერაქტი. დეფაქტო მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ იმ ადგილზე, სადაც სროლები მოხდა (ეს არის ის ღელე, რომელიც ჰყოფს ადმინისტრაციულ საზღვარს), აღმოჩენილიაო ზამო გაბედავას მობილური ტელეფონი, რომელიც დაზვრევის სამსახურის თანამშრომელი იყო. ნახეს შემავალი და გამავალი ზარები. სატელეფო კავშირი ხდებოდა რომა შამათავასთან, ზურაბ ლოგუასთან და გია ბარამიასთან, ესენი უშიშროების თანამშრომლები იყვნენ. ვახო კომახიძემ მთხოვა, რომ მისი ფილმისთვის ის ადგილები მენახებინა, სადაც ეს ამბავი მოხდა. იმ სახლშიც ვიყავით სადაც დაჭრილი ნანი ქარდავა იყო. ძალიან ბევრი მასრები ეყარა იმ ეზოში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხურჩის „ტერაქტს“ წინ უსწრებდა განმუხურის ინციდენტი. ემა გოგოხია იწევდა რუსი სამხედროებისკენ და გიგი უგულავა ცდილობდა მის შეჩერებას... გოგოხია თანამონაწილე იყო ძალოვანებთან ერთად მსგავსი ინციდენტების დადგმაში და განხორციელებაში?

- ამის ძალიან ბევრი ფაქტია. განმუხურის ინციდენტს რაც შეეხება, მაშინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ განმუხურის ინციდენტი მილიონ ნახევარი დაუჯდა საქართველოს ხელისუფლებას. მაშინ იყო ამის მტკიცებულება, მათ შორის ის დაზარალებულები, რომელიც თითქოსდა რუსებმა სცემეს. სააკაშვილის ჩამოსვლას იქ ელოდებოდა ჩაბანი, ის კადრებიც ძალიან არარელაურია, როგორ ტუქსავდა სააკაშვილი რუს ჯარისკაცებს. მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, უნარიაში, სადაც დისლოცირებული იყო სამშვიდობოები, თქვეს, რომ მთვრალი რუსი ჯარისკაცები შეესივნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ააწიოკესო და ეს სიუჟეტი მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა. სხვა ჟურნალისტები იქ არ იყვნენ და შემდეგ მალხაზ ბასილაიამ, რომელიც მაშინ ტელეკომპანია „მზეში“ მუშაობდა, ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ ემა გოგოხიამ დაურეკა რომა შამათავას და უთხრა, რომ სჭირდებოდა ერთი ტანკი და 4 რუსი ჯარისკაცის ფორმა. თვითონ ამბობდა ბასილაია, რომ აიყვანეს ქერა ბიჭები, რომლებიც რუსებს ჩამოგავდნენ და ესენი გამოიყენესო.

დააკონკრეტა რისთვის გამოიყენესო?

- თითოქდა ნასვამები იყვნენ და აწიოკებდნენ მოსახლეობასო, ეს კადრები შორიდან გადაიღეს და ასე გაკეთდა ის რეპორტაჟი. ასე მოხდა განმუხური. ასეთი ფაქტები იყო ბევრი. ძალიან ბევრი კითხვებია იგივე წალენჯიხის გამგებლის დაღუპვასთან დაკავშირებით. ჟურლანისტები დილის 5 საათზე იყვნენ უკვე იქ და გადაღებული ჰქონდათ ის ადგილი, სადაც მოხდა ეს უბედურება. ემა გოგოხიამ და ბერულავამ გია ხარჩილავას და გამგებელ მებონიას ხელმეორედ სთხოვეს ჩასვლა მკვლელობის ადგილზე. იქ როგორ აღმოჩნდნენ და საიდან ისროლეს, ეს საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. ყოველ შემთვევაში ოჯახი დღემდე აკეთებს განცხადებას, რომ ეს იყო პროვოცირებული. გოგოხიას ჩვევად ჰქონდა და მოთხოვნილებაც ჰქონდა, რომ ყველა ხელისუფლებასთან ურთიერთობები დაემყარებინა სხვადასხვა ხერხებით.

გოგოხია ამბობს, რომ ირაკლი ალასანიამ, ლაშა ნაცვლიშვილმა, გელა კვანტალიანმა და კახა ჩიხრაძემ თბილისში, კონსპირაციულ ბინაში მიიყვნეს, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პირდაპირ მთხოვდა რომ მე მათ დავხმარებოდი ხურჩის ტერაქტის გაპრავებაშიო“. რამდენად სარწმუნოა მისი განცხადება?

- ამის თვითონაც არ სჯერა და ეტყობოდა კიდეც. იმიტომ, რომ თუ ეს ყველაფერი, როგორც თვითონ ამბობს, ხდებოდა შამათავას დაკავებამდე, მაშინ აქამდე რატომ დუმდა? როდესაც ამბობს გოგოხია, რომ არ მახოვს ნაცვლიშვილმა თუ ალასანიამ მითხრა, რომ ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობსო, სწორედ გოგოხია ფიქრობს როგორც ჩანს თავის გადარჩენაზე. არ შეიძლება ერთი ჟურნალისტი ყოველთვის პირველი იყოს შემთხვევის ადგილზე, ან რამდენიმე წუთით თუ საათით ადრე, ეს შეუძლებელია. რომა შამათავას და ემა გოგოხიას ახლო ურთიერთობა ყველასათვის ცნობილია, მათ შორის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება გოგოხიას მიერ დასახელებულ პირებს, ამბობენ, რომ კახა ჩიხრაძესთან მას არჩევნების პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდა...

- კახა ჩიხრაძე როგორც ვიცი წესიერი ადამიანია, სამხედრო პოლიციის უფროსია, ირაკლი ალასანიას ბავშვობის მეგობარია. თქვეს, რომ მასთან სახლში ხშირად მიდიოდაო. საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა თუ, რას, არ ვიცი. საეჭვოდ მომეჩვენა ასევე ის, რომ რუსეთში შესთავაზეს გადასვლა. ემა გოგოხია სულ ამბობდა, რომ რუსები გოგოხიას თავის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ. აგვისტოს ომის დროს, გოგოხია თურქეთში იყო გადასული. უფრო რეალური იქნებოდა თურქეთი რომ ეთქვა, ეტყობა დაიბნა. თურქეთში გოგოხია 5-6 წელი ცხოვრობდა, იქ მუშაობდა და არა ჟურნალისტიკაში. რუსეთში წასვლა და მერე მას თანამდებობას სთავაზობდნენ... ნუ, ეს დაუჯერებელია, სპეციალისტადაც კი გაუჭირდება მას მუშაობა.

რაც შეეხება რომა შამათავას, როგორ ფიქრობ გოგოხიამ ეს განცხადება მის გადასარჩენად გააკეთა?

- თავის გადასარჩენად გააკეთა. ეს არის მისი მორიგი სპექტაკლი. რაც შეეხება შამათავას, ის ბრალდებული იყო ადამიანის მკვლელობაში და გირაოთი გაუშვეს. მე როგორც ვიცი, შამათავას მოკლულის 5 ათასი ლარი ემართა, ბინა იყიდა მისგან და ეს თანხა არ გადაუხადა. ეს ადამიანი ანაკლიაში ჭაობში დახვრიტეს და ჩააგდეს. მანამდე შამათავა შევარდნაძის პერიოდში იყო აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას როლანდ ახალაიასა და თენგიზ გუნავას წინააღმდეგ. როგორ ფიქრობ, მათთან შეუთანხმებლად რომა შამათავა და ემა გოგოხია ამ ფაქტს დაგეგმავდნენ?

- ძირითადი დეტალები გოგოხიას მეიერ იქნებოდა დაგეგმილი. ცხადია, იქ იქნებოდა ახალაიებიც და გუნავაც. მათ გარეშე ამხელა ოპერაციას ესენი ვერ დაგეგმავდნენ. ყოველ შემთხვევაში იდეის ავტორები ისინი იქნებოდნენ, ესენი კი შემსრულებლები და დამგეგმავები.