„ძნელი წარმოსადგენია, იგი ექსპრეზიდენტის პასიურ როლს დასჯერდეს“

„ძნელი წარმოსადგენია, იგი ექსპრეზიდენტის პასიურ როლს დასჯერდეს“

პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანაც საბოლოოდ დასრულდა. მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიას 10-წლიანი პერიოდის განუყოფელ ნაწილად შემორჩება. ეს არც ისე მცირე დროა იმისათვის, რომ ქვეყანა მისმა ლიდერმა რაღაც მიმართულებით წაიყვანოს. რა დადებითი მომენტები, რეფორმები გატარდა მისი მმართველობის პერიოდში, რა შეეძლო და ვერ გააკეთა, რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა და წარმატება - სააკაშვილის 10-წლიანი მმართველობის პერიოდს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აფასებს.

ბატონო ზაზა, დასრულდა სააკაშვილის მმართველობა რა შეგვიძლია ვთქვათ მასზე?

- სააკაშვილის მმართველობის შეფასებასება ჯერ მაინც ძალზე რთულია. იგი ჯერაც ქართული პოლიტიკის ნაწილია და ასეთად დარჩება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი ექსპრეზიდენტის პასიურ როლს დასჯერდეს. ასეთი ტემპერამენტის ადამიანს გაუჭირდება პოლიტიკიდან წასვლა, თანც მაშინ, როდესაც მისი მდგომარეობა და ავტორიტეტი არც თუ სახარბიელოა. კაცი, რომელსაც გამოცდილი აქვს 2003–2004 წლების დიდება, ვერ დასჯერდება ქართული პოლიტიკიდან განდევნილის მდგომარეობას და აუცილებლად მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ამა თუ იმ ხარისხის გავლენას. 

ეს, ცხადია, აძნელებს მისი მმართველობის 10 წლიანი პერიოდის შეფასებას. იოლია შეაფასო ის, რაც წარსულშია გადაბარგებული და ზოგჯერ ესეც  ჭირს. დღემდე ვერ შევთანხმებულვართ გამსახურდიასა და შევარდნაძის ეპოქების შეფასებაზე და მითუმეტეს, ეს რთული იქნება სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც  უახლოესი წლების განმავლობაში  შეეცდება საინფორმაციო სივრცის მეშვეობით მუდმივ დაძაბულობაში ვყავდეთ. ამ ტიპის ლიდერები თავისი ნებით არ მიდიან და მაშინაც კი იბრძოლებენ, როდესაც ბრძოლა აბსურდულია.

უფრო კონკრეტული შეფასებები ცალკეული დარგების ექსპერტების საქმეა. ჩემი გადმოსახედიდან კი შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობაში იყო პოზიტიური პერიოდი, როდესაც მან შეძლო ჩვენს საზოგადოებაში შევარდნაძის ეპოქაში დაგროვილი ძალების გამოღვიძება, შეძლო ჩვენი ფიქრები, იმედები და უკმაყოფილება პოლიტიკურ  ძალად ექცია და ადამიანების მობილიზება მოეხდინა.  მან ისიც შეძლო, რომ ამოეცნო, თუ რისთვის იყო ჩვენი საზოგადოება მზად და რისთვის უნდა გაეხსნა გზები.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ყოფითი კორუფციის იოლი აღმოფხვრაა. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს სურდა ასე, თუმცა კი ესეც არ არის უმნიშვნელო გარემოება, მთავარია, რომ თავად ჩვენ გვქონდა ნება, არ გვეცხოვრა კორუფციით დანაგვიანებუილ გარემოში,  გვემგზავრა ნორმალურ გზებზე და ჩვენს ქუჩებში სისუფთავე ყოფილიყო. ყველაფერი ეს იოლად მოხერხდა სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას გვქონდა ამისი ნება. ზოგადად ასე ხდება: საზოგადოებაში რაღაც ნება მომწიფდება და პოლიტიკურად იმარჯვებს ის, ვინც ახერხებს, ამ ნების გამომხატველი იყოს.  ჰოდა სააკაშვილი პოლიტიკურად გამარჯვებული იყო მაშინ, როდესაც ახერხებდა ამას.

მერე ერთხელაც დადგა მომენტი, როდესაც ვიგრძენით, რომ იგი ერთი ჩვენთაგანი კი არ იყო, არამედ მავანი, ვინც ცდილობდა ჰიპერტროფირებული პაირით ვემართეთ, ვინც აღარაფრად დაგიდევდათ ჩვენს ნებას და დარწმუნებული იყო, რომ თავის გარემოცვასთან ერთად მონოპოლურად ფლობდა სახელმწიფოებრივი განვითარების საზრისს. 

ჩვენს თვალწინ ახალი კადრების მოზიდვა სრულიად ვულგარულ ეიჯიზმად იქცა, ყოფითი კორუფცია ელიტურმა ჩაანაცვლა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა მავანი ტურისტის ზერელე გემოვნებით შებათქაშებულ ქალაქებად და ქუჩებად იქცა, საიდანაც განიდევნა მათში ჩაბუდებული საუკუნოვანი სული და, თუ გნებავთ, მეტაფიზიკური მეხსიერება თუ ტკივილი.

დანაშაულთან ბრძოლა ადამიანთა დაპატიმრებითა და ციხეში წამებით სადისტურ ტკბობად მოგვევლინა, ბიზნესის ტერორიზებამ კი ისეთ მასშტაბებს მიაღწია, ერთი ჩემი ნაცნობი ბიზნესმენს უზარმაზარი ჯარიმა გამოუწერეს მხოლოდ იმის გამო, რომ შეცდომით ზედმეტი გადაუხადა სახელმწიფოს.

მოკლედ, ბევრმა ჩვენგანმა აღმოაჩინა, რომ იგი რაღაც სხვას გვიპირებდა, ვიდრე ჩვენ გვნებავდა და რომ მისი სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებას შედეგად ის თუ მოჰყვებოდა, რომ გლობალური სამყაროს ერთ–ერთ სახედაკარგულ ელემენტად ვიქცეოდით, რომელსაც საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით განხორციელებული ტოტალური სიცრუითა და ტერორით მართავდნენ.

არადა, 2003 წელს ბევრი ჩვენგანი სულ სხვა რამის ამოცნობას ცდილობდა სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი გამოუცდელობის მიზეზით მაშინვე ვერ ამოვიცანით მისი პათოლოგიური მიდრეკილება სიცრუისა და ადამიანების გაბითურებისადმი. ვერ ამოვიცანით მისი პოლიტიკური კლაუსტროფობია და მიდრეკილება, რომ გლობალურ მოთამაშედ ქცეულიყო, რისთვისაც რუსეთთან რადიკალური დაპირისპირება თავისი საგარეო პოლიტიკის სამარკო ნიშნად აქცია.

საშინაო პოლიტიკის მთავარი სამარკო ნიშანი კი აღმოჩნდა რევოლუციური შეთქმულება საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ.  სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხომ არც კი უშვებდნენ, რომ შეიძლებოდა არსებულიყო სახელმწიფოებრივი განვითარების ალტერნატიული საზრისი და დემოკრატიაზე საუბრობდნენ ისე, რომ აზრადაც არ მოსდიოდათ საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგი. ამ უკანასკნელს სრულიად ხელოვნური და ყალბი სატელევიზიო სპექტაკლები ცვლიდა. 

ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ჩიხში, რომლიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო: სააკაშვილის გასტუმრება მშვიდობიანი და შეძლებისდაგვარად სამართლიანი არჩევნების გზით. ნებისმიერი სხვა გზა იმავე წრეზე დაგვაბრუნებდა და ახლა უკვე რომელიმე ახალ სააკაშვილთან დაგვჭირდებოდა ბრძოლა.

ცხადია, ბევრი რამ განხორციელდა: ამა თუ იმ ხარისხით მოწესრიგდა ენერგეტიკა, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგებული იქნა გზები, უკან დაიხია კრიმინალურმა იდეოლოგიამ და იგი ჩვენს ახალგაზრდებზე ვეღარ ახდენს განსაკუთრებულ გავლენას; განათლების სფეროშიც ზოგი წარმატებული რეფორმა ჩატარდა და, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენი სივრციდან გაქრა ასობით უნივერსიტეტი, სრულიად დაუფარავად რომ ვაჭრობდნენ დიპლომებით.    

მხოლოდ ეს და ზოგი  სხვა რამ რომ ყოფილიყო, სააკაშვილის მმართველობას ცალსახად დადებითად შევაფასებდი. სამწუხაროდ, ასე არ იყო და ნამდვილად არ მიხარია ეს. ასე თუ ისე ნორმალურ სახელმწიფოდ ხომ მაშინ ვიქცევით, როდესაც ჩვენი მმართველებისაგან ცუდთან ერთად კარგიც გვეხსომება და როდესაც მავანი ხელისუფლის მიერ გაკეთებულ სიკეთეს მისივე შეცდომები და დანაშაულები არ გადაწონიან. 

რა შეიძლება ჩაითვალოს ამ პერიოდში არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის წარმატებულ ნაბიჯებად?

- ჩემთვის მთავარი ის პროგრესია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში იგრძნობა. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართული საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო რაციონალურია, ვიდრე თუნდაც 2003 წელს.

დღეს სააკაშვილის ტიპის ლიდერი ვეღარ შეძლებს ჩვენს გაბითურებას. კარგი აზრით „გავიცვითეთ“. სატელევიზიო–ვირტუალური ეფექტებით ჩვენი მართვა დღეს უკვე ძნელია. 

სიტყვამ მოიტანა და ივანიშვილმა საკმაოდ კარგად აუღო ამ გარემოებას ალღო და არც უცდია სააკაშვილისეული პოლიტიკური პროპაგანდის ფორმების განმეორება.  მთავარი წარმატება ისაა, რომ ჩვენ შევძელით და დავძლიეთ პოლიტიკურ ცვლილებათა რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც უბედურების გარდა არაფერი მოჰქონდა ჩვენთვის და ამ თვალსაზრისით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ყოფილ საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის გამოვირჩევით. ბალტიისპირელებს არ ვთვლი იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ გაუვლიათ საბჭოთა ცხოვრების ყველა მძიმე საფეხური.

ამით საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ იმპერიალიზმს, ვიდრე სააკაშვილის ცეცხლოვანმა რიტორიკამ.  რუსული იმპერიალიზმის ერთ–ერთ უმთავრეს იმედს ხომ სწორედ ის წარმოადგენდა და წარმოადგენს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მუდმივად არშემდგარ ქვეყნებად ჩანდნენ, რომელთაც გარე პატრონაჟის გარეშე საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ. ამ დროს აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით, თურმე, მათაც გავუსწარით. 

როდესაც სააკაშვილი აღმაშენებლის საფლავთან საპრეზიდენტო ფიცს დებდა, ცხადია არც მას და არც მის გუნდს მიზნად არ ექნებოდა, მომავალ არჩევნებში  გაყალბებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შენარჩუნება. სად იყო შეცდომები, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემდეგ უკვე თავი ვეღარ დააღწია?

- სადღაც 2005–2006 წლებში დადგა მომენტი, როდესაც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დაიჯერეს, რომ ჩვენი საზოგადოება უმწიფარობის გამო ვერასოდეს გაიგებდა იმ სიკეთეს, რომელიც მათ  მოჰქონდათ, რომ ბედნიერი მომავლისაკენ შეთქმულებითა და ძალადობით უნდა წავეყვანეთ. ამით მათ თავადვე აღიარეს, რომ აღარ განასახიერებდნენ ჩვენი საზოგადოების ნებას.

2007 წლის 7 ნოემბერს ეს მხოლოდ დადასტურდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, თურმე, რა საგანგებოდ ემზადებოდნენ ჩვენი მმართველები ჩვენივე წინააღმდეგ.  ეს იყო საბედისწერო და დრამატული დღე ყველა ჩვენგანისათვის. ამ დღეს საბოლოოდ დადასტურდა ის ტოტალური სიცრუე, რომლის ტყვეობაშიც ვიყავით მოქცეულები. ხელისუფლება აღარ ფლობდა ამ გაუცხოების დასაძლევ რესურსებს.

ამ ვითარებაში სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში გადადგა რადიკალური ნაბიჯი საიმისოდ, რომ კვლავ საყვარელ საზოგადოებრივ ლიდერად ქცეულიყო.  ყველამ ვნახეთ და გამოვცადეთ, რა მოჰყვა ამას. ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ რუსეთს ვამართლებდე. საქართველოსთან მიმართებაში რუსულ პოლიტიკას არავითარი გამართლება არა აქვს – მათ შორის არც 2008 წლის ომს.

იგი იქცეოდა და იქცევა, როგორც დამპყრობელი და  გულისამრევად ყალბი თვალთმაქცობით ცდილობს ეს ჩვენზე ზრუნვით ახსნას. წმინდა რუსული იმპერიალისტური ლოგიკაა: საუკუნეების განმავლობაში ქვეყნებს იპყრობდნენ და მათ საზოგადოებებს სპობდნენ „თავად მათი ინტერესებისთვისვე“.

საქმე შეეხება სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომას, მის ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებს,  შეცდომა კი პოლიტიკაში, როგორც ტალეირანმა თქვა, დანაშაულზე უარესია.

შევარდნაძის პრეზიდენტობის შეფასებისას ხშირად მოგვისმენია, რომ ქვეყნის კორუფციაში ჩაფლობა იყო უფრო მისი გარემოცვის დამსახურება, ვიდრე პირადად მისი. იგივე შეიძლება ვთქვათ თუ არა სააკაშვილის შესახებ, რომ მისი შეცდომები უფრო მისი გარემოცვის დამსახურება იყო - მას ჰყავდა ისეთი გავლენიანი მინისტრები, როგორებიც იყვნენ ოქრუაშვილი, შემდეგ მერაბიშვილი ადეიშვილი და ა.შ.

- შევარდნაძემ ადმინისტრაციული „შენობა“ იმ რესურსებით ააგო, რომელიც მას ეგულებოდა. ობიექტურად რომ ვთქვათ, მაშინ, 1992 წელს სხვა რესურსები არც არსებობდა ან არ ჩანდა. ძირითადად ეს იყო ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა, რომლისთვისაც ადმინისტრაციული შენობის შექმნა, ამასთანავე, საბჭოთა ყაიდის კორუფციული სისტემის შექმნას ნიშნავდა.

შევარდნაძე ფსიქოლოგიურად შეგუებული იყო ამ სისტემის არსებობას. უფრო მეტიც, ეს სისტემა მას საშუალებას აძლევდა კომპროპატებზე აგებული საკადრო პოლიტიკით ემართა ქვეყანა.  მეორეს მხრივ, ეს სისტემა თავად მასაც მძევლად აქცევდა. საგანგებო კვლევის საგანია, რამდენად შეიძლებოდა სხვაგვარად აწყობილიყო საქმე და არსებობდა თუ არა განსხვავებული საკადრო რესურსები. ჩემი აზრით, კადრები არსებობდა და მათი გამოძებნა და დასაქმება იყო საჭირო.

რაც შეეხება სააკაშვილს, ვფიქრობ, იგი უფრო მეტად იყო თავისი გარემოცვაზე დამოკიდებული, ვიდრე – შევარდნაძე. პირველ წლებში გარემოცვისაგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზე მცირე იყო. შემდგომში, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ის ფარული ომი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასა და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს შორის არსებობდა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა.

საბედისწერო იყო ჟვანიას სიკვდილი.  სანამ ის ცოიცხალი იყო, იგი არ აძლევდა სააკაშვილს საშუალებას,   ძალაუფლებას მთლიანად დაუფლებოდა. მან შექმნა კიდეც მისი საპირწონე ბურჯანაძის სახით, თუმცა  ამ უკანასკნელმა მისი სიკვდილის შემდეგ ვეღარ შეძლო, დამოუკიდებლად მოქმედება. 

შეეძლო თუ არა სააკაშვილსა და მის გუნდს შეცდომები თავიდან აეცილებინათ, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე ემართათ ქვეყანა?

- მისი ხასიათიდან გამომდინარე – არა. იგი უკვე დაუფარავად ტკბებოდა ძალაუფლებით.

რა იყო სააკაშვილის ყველაზე დიდი მუნუსი და შეცდომა?

- უკვე დავასახელე ის ორი მომენტი, რომელმაც სააკაშვილი საბოლოოდ გააუცხოვა ქართული საზოგადოებისაგან: 2007 წლის 7 ნოემბერი და 2008 წლის აგვისტო. 2011 წლის მაისი მხოლოდ ლოგიკური გაგრძელება გახლდათ.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძნელი იყო, არ დაგენახა ადამიანს, თუ როგორ უცხო სხეულად იყო ქცეული ხელისუფლება და რომ მისი თავიდან მოშორების როგორი ნება არსებობდა. ადამიანები ადექვატურ ლიდერს და პოლიტიკურ ჯგუფს ელოდნენ. ცხადია, არა ნებისმიერს, არამედ – ადექვატურს, თორემ ჩვენ ვნახეთ არაერთი ლიდერი, რომელთა მცდელობაც, სააკაშვილით უკმაყოფილებით ესარგებლათ, ჩავარდა.  

მთავარი შეცდომა მაინც მუდმივი შეთქმულება იყო საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ. ცხადია, პოლიტიკურ ცხოვრებას კეთილშობილ ქალთა პანსიონის აღზრდილები არ ქმნიან, მაგრამ არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე, თუ არ გინდა, რომ უცხო სხეულად იქცე.

რა მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც შეიძლება გააგრძელოს ახალმა ხელისუფლებამ?

- ძალზე მოკლედ ვიტყვი: მთავარი, ალბათ,  ის გამოცდილებაა, რომელიც 2003–2005 წლებში შევიძინეთ. ჩვენ თურმე ნებაც გვქონია და შეგვძლებია კიდეც სხვაგვარად ცხოვრება. მთავარია, ხელისუფლებამ გადადგას პოზიტიური ნაბიჯები. გარდა ამისა, გვრჩება იმის გამოცდილებაც, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფოს ლიდერი პირველი წარმატებების შემდეგ.

საერთოდ კი ესაა საკმაოდ დეტალური ანალიზის საგანი. ამ წლების მთავარი მემკვიდრეობა, ჩემი აზრით, ქართული საზოგადოებაა, რომელიც მკვეთრად არის შეცვლილი. ჩვენ ყველამ ძალზე დიდი გამოცდილება შევიძინეთ განვლილი ათი წლის განმავლობაში.

ყველა ჩვენი ინფანტილური იმედები და ილუზიები ისტორიამ ჩვენვე დაგვახვედრა წინ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილი ჩვენი ილუზიების პროდუქტია და მისი თავიდან მოშორება ბევრწილად ამ ილუზიებიდან გათავისუფლების სინონიმურია. დღეს ჩვენი საზოგადოება სიმწიფეში შედის. ასეთი საზოგადოების მართვა უკვე გამოცდილი და ჩვეული მეთოდებით ნებისმიერ ხელისუფალს გაუჭირდება.

სიტყვამ მოიტანა და ჩვენ გვაქვს სოციალური რესურსი, რომელსაც მკვეთრად შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება. ესაა ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც ძალზე საჭირო სოციალურ სკოლას გადიან დასავლეთში და რომლებსაც ძალზე მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევების ჩამოტანა შეუძლიათ. ვფიქრობ, აუცილებელია საგანგებო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მათ დასაბრუნებლად. ამას მხოლოდ დემოგრაფიული თვალსაზრისით არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი მათი სოციალური რაობა, თუ გნებავთ, მათი სოციალური კრეატიულობაა.

ხშირად, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მოგვისმენია, რომ მიშამ შეძლო საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ექცია - თქვენ თუ იზიარებთ მსგავს შეფასებას?

- ცხადია, ბევრი საჭირო რამ გაკეთდა. მაგრამ ამასთან ერთად ისიც ვიცით, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია მას და მის გარემოცვას ხშირად ჰოლანდიური სოფლის ერთგვარ იმიტაციად  წარმოედგინათ. 

ჩემთვის ყველაზე  ნათლად ეს სიღნაღის ცენტრის რეაბლიტაციაში გამოჩნდა. ქალაქი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული სულიერება ჰქონდა და რომლის კედლებიც ადამიანთა და თაობათა მეხსიერება იყო ჩაბუდებული,  საშუალო ყოველდღიური ტურისტის გემოვნებით იქნა შებათქაშებული.

ერთია მოდერნიზაცია და მეორე, როდესაც ტურიზმის ზერელე ესთეტიკას უქვემდებარებ შენს ტაძრებს, ქალაქებსა და ქუჩებს. ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია გატარებული ინფრასტრუქტურული რეფორმები, მაგრამ ის მეთოდები, რომლებითაც ეს რეფორმები ტარდებოდა და ხელისუფალთა უგულისყურობა საკუთარი ხალხისა და სულიერების მიმართ  შორსაა თანამედროვე სახელმწიფოს იდეალისაგან.

ამიტომაც მგონია, რომ სააკაშვილის მმართველობის მიმართ ყოველთვის გაორებული დამოკიდებულება გვექნება. განმეორებით კი ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე მისი განმეორება ვინატროთ. დღეს და უახლოესი წლების განმავლობაში თავისი ზეაქტიურობით სააკაშვილი, უმალ, ხელს შეუშლის ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას, ვიდრე ხელს შეუწყობს.