„როგორც ჩანს, სააკაშვილს მკურნალმა ექიმმა ურჩია, ინაუგურაციას არ დაესწროს“

„როგორც ჩანს, სააკაშვილს მკურნალმა ექიმმა ურჩია, ინაუგურაციას არ დაესწროს“

საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართება. 17 ნოემბრის ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ნაციონალები ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებენ, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მათ მოსაწვევები არ მიუღიათ. მსგავსი პრეტენზიით პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდიაც გამოდის, რომელიც ამბობს, რომ მის მსგავსად, მოსაწვევი არც პრეზიდენტის ქვრივს მიუღია.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე კენედის ქვრივი არ დაეპატიჟათ. თუ ზვიად გასახურდია გარდაცვლილია, მისი ოჯახის წევრები, ხომ ცოცხლები არიან?“, - აცხადებს გამსახურდია.

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის საკითხებზე, for.ge უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს ესაუბრა, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

პროტესტის ნიშნად, „ნაციონალური მოძრაობისწევრები ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრებიან. უმცირესობა აღნიშნავს, რომ მათი განაწყენების მიზეზი გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია. რეალურად, მათი ბოიკოტის მიზეზი, რა შეიძლება იყოს?

- მათი პოზიცია ძალიან მიკვრის. პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები გასაგებია, მაგრამ ახლადარჩეული პრეზიდენტი მათი ლიდერისგან განსხვავებით, ზეპარტიულია. გიორგი მარგველაშვილი არცერთი პარტიის წევრი არ არის და მან რომელიმე პარტიასთან კი არ უნდა ითანამშრომლოს, არამედ სახელწმიფო უწყებებთან. პრეზიდენტის ფუნქცია სტრუქტურებთან თანამშრომლობაა და არა რომელიმე კლანთან, თუ პარტიასთან. ვფიქრობ, რომ ფუნდამეტურ შეცდომას უშვებენ. როცა თავს დებენ იმაზე, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, ასეთ მარტივ, ანბანურ შეცდომას არ უნდა უშვებდნენ.

მათ მსგავსად, ინაუგურაციას არც მოქმედი პრეზიდენტი დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშია და 17 ნოემბერს საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. მის გადაწყვეტილებას, რითი ახსნით?

- მისგან უცხოეთში გამგზავრება გასაკვირი არ იყო. როცა საზღვარგარეთ წავიდა, თქვა, რომ ინაუგურაციაზე არ დავბრუნდებიო. ეს მისი ხასიათის გამოვლინებაა. ის ელემენტარულად იმას ვერ აიტანდა, რომ სხვისი ინაუგურაცია იყოს და კონსტიტუციასთან სხვა დადგეს. როგორც ჩანს, მას მკურნალმა ექიმებმა ურჩიეს, რომ ინაუგურაციას არ დაესწროს, რადგან ამ დროს, შესაძლოა, სერიოზული, ძლიერი შეტევა ჰქონდეს.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება და მას აკაკი ბობოხიძე ურჩევს, რომ საქართველოში დროებით არ დაბრუნდეს. დეპუტატის მოსაზრებით, პირადი შურისძიების გამო, ხელისუფლებას ხელი არ რომ წაუცდეს და ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რომელიც ევრონტეგრაციის გზაზე ქვეყნის სიარულს შეაფერხებს, სჯობს, სააკაშვილი დროებით, საზღვარგარეთ იყოს...

- ეგ რისკი შეეხება როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთაც შესაძლოა ბევრ სიბოროტესთან ჰქონდეთ შეხება. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნას ყველა უნდა გაერიდოს, რადგან როცა ყველაფერი კარგად იქნება, საკუთარ ქმედებებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

რაც შეეხება მოსაწვევების გარეშე დატოვებულ, განაწყენებულ ადამიანებს. ინაუგურაციაზე, რატომ არ დაპატიჟეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახი?

- ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. ინაუგურაციის საორგანიზაციო კომიტეტი არსებობს, რომელმაც ფორმატი შეადგინა. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მოსაწვევები ყოფილ პრეზიდენტებს გაეგზავნათ და ოჯახის წევრებზე ვერაფერს მოგახსენებთ. უმრავლესობის ლიდერი ვარ, მაგრამ ინაუგურაციაზე მეუღლესთან ერთად დაპატიჟებული არ ვარ. ინაუგურაციას მხოლოდ დეპუტატები დიპლომატები და მინისტრები დაესწრებიან.

ინაუგურაციას მოქალაქეები არ დაესწრებიან, რის გამოც, საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოთქვამს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- თუ ინაუგურაციას მოქალაქეები დაესწრებოდნენ, მაშინ, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე უნდა ჩატარებულიყო. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია მოკრძალებული სტილით ჩატარდება. მართალია, ბევრი უკმაყოფილოა, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრება, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ასეთი ღონისძიება პარლამენტის შიგნით ტარდება. პომპეზური ინაუგურაცია არ იქნება.

მოკრძალებულადმოსული პრეზიდენტი, მომავალშიც მოკრძალებული იქნება?

- პრეზიდენტი ცხოვრების სტილით მოკრძალებული უნდა იყოს, თორე საქმიანობით აქტიურია საჭირო. დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი ასეთიც იქნება.