„ქართულ კერძო სკოლაშიც ასწავლიან ლგბტქ+ ელემენტებს და ვიცი ფაქტები, როდესაც აღშფოთებულ მშობლებს გადაუყვანიათ შვილები ამ სკოლებიდან“

„ქართულ კერძო სკოლაშიც ასწავლიან ლგბტქ+ ელემენტებს და ვიცი ფაქტები, როდესაც აღშფოთებულ მშობლებს გადაუყვანიათ შვილები ამ სკოლებიდან“

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მმართველი გუნდი მიმდინარე კვირაში დააინიცირებს. ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან ოპონენტები, რომლებსაც გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენი ინფორმაციით, აქ საუბარი იქნება იმაზე, როგორ უნდა აღიკვეთოს ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და მათ შორის საუბარია სანქციებზე და ჯარიმების დაწესებაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში არის ნეგატიური ტენდენციები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ნეგატიური ტენდენციებისგან დავაზღვიოთ. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტი კონსტიტუციების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს.

„მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში. იცით, რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აროფიციალური ინფორმაციით, ოპოზიცია და მასთან ასოცირებილი ა-ო, მათ შორის „თბილისი პრაიდი“ საწინააღმდეგო პროექტზე მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოება რამდენიმე დღეში დაინახავს ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოვთქვით და პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. ვნახეთ, რაც იყო ამის მიზეზი. ესეც გამოვლინდა შემდეგ ერთ-ერთი „ენჯეოს“ კორესპონდენციიდან, როგორც ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები, რა სახით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან. ნახავთ თქვენ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები.

იმ დონეზე არის ეს ყველაფერი მისული, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია თამამი განცხადებების გაკეთება, ხაზგასმა - ქალი ქალია და რომ კაცი კაცია. ამის თქმა რომ უწევს, ვხვდებით რა დონეზეა მისული დისკუსია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ აქამდე არ მივიდეთ, იმიტომ, რომ მერე იქიდან წამოსვლა რთულია. ვხედავთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და, შესაბამისად, ეს ინიციატივა გაგრძელდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რადიკალური ოპოზიცია ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა ემზადებიან შესაბამისი მოქმედებისთვის. კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება გახარიას პარტია, თუმცა როგორც ანა ბუჩუკური აცხადებს, ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა მამუკა მდინარაძე.

„რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას - პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. დღეს, იცით, მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ვინ არის ქვეყანაში? - „ოცნება“! შედით „გუგლში“, ჩაწერეთ ქართულად ლგბტ პროპაგანდა, გადადით სურათებში და თავში ამოაგდებს მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის სურათებს. იცით რატომ? ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა ეს ადამიანი. ჩემთვის ყველაზე ამორალურია, რომ დღეს „ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ისეთ ფასეულობებს და ღირებულებებს ამოეფარება ხოლმე, როგორც არის მაგალითად, ეკლესია, რელიგიური გრძნობები, ოჯახური ღირებულებები, აგერ, უკვე, ბავშვები. ეს არის სირცხვილი და ამორალურობა. აი, აქამდე დავიდა „ოცნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ანა ბუჩუკურმა.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკვე ზოგიერთ ქართულ კერძო სკოლაშიც ასწავლიან გაუკუღმართებულ სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ ელემენტებს. მისი თქმით, ამიტომ ელოდება სრულიად ნორმალური საქართველო ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის კანონის შემოღების დაგვიანება კატასტროფის ტოლფასი იქნება.

„დღეს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ კერძო სკოლაში, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მერვე კლასიდან ასევე, შემოღებულია მსგავსი სასწავლო პროგრამის ელემენტები. პირადად ვიცი ფაქტების შესახებ, როდესაც აღშფოთებულ მშობლებს გადაუყვანიათ შვილები ამ სკოლებიდან ასევე კერძო, თუმცა ტრადიციული „სულისკვეთების“ მქონე სასწავლებლებში. ამიტომ ელოდება სრულიად ნორმალური საქართველო ამ გაუკუღმართებული სამყაროს პროპაგანდა/პოპულარიზაციის ამკრძალავ კანონს. დაგვიანება - კატასტროფის ტოლფასი იქნება!“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ხშირად ჩნდება კითხვა, რამ აიძულა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ქალის“ და „კაცის“ განმარტებისაკენ მიემართა - აიძულა მათ შორის მის ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემაში შეღწეულმა აღვირახსნილობის პიკმა, რომელსაც სხვადასხვა „უფლებადამცველი“ მექანიზმებისა და რეგულაციების გამო, ქვეყანაში ვეღარ უმკლავდება. ანალიტიკოსის განცხადებით, ამიტომ ატეხა „ხალხის ძალამ“ განგაში თუნდაც „მეათერთმეტე ჟამს“ - სანამ ფატალურად სახიფათო დაგვიანების ზღვრამდე არ მიგვიყვანეს.

„სახელმძღვანელოში, რომელიც შედგენილია ლგბტქ+ საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-თან კონსულტაციის საფუძველზე, მითითებულია, რომ „გენდერული იდენტობა“ უნდა ისწავლებოდეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და ინკლუზიური გზით. ამან გაუხსნა კარი მრავალრიცხოვან აქტივისტთა ჯგუფებს, რათა შესთავაზონ თავისი სასწავლო მასალები და სემინარები სკოლებს. როგორც ირკვევა, ამ პრობლემამ უკვე შემოაბიჯა საქართველოში და კერძოდ, რამდენიმე კერძო სკოლაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ აუცილებელია კანონპროექტის მიღება და ასევე გააჩნია კანონპროექტში რა ნორმები იქნება დაწესებული სასჯელის სახით. მისი თქმით, თუ მარტო დეკლარირება იქნა, რომ ცუდია, ეს რა თქმა უნდა, არ უშველის პრობლემის არსს. მაგრამ თუკი მკაცრი სანქციები იქნა, მაშინ შეიძლება უშველოს.

„იმედი მაქვს, რომ ამ კანონპროექტით შეიცვლება ერთი - საქართველო განაცხადებს, რომ მისთვის ეს დაუშვებელია და ყველა ანალოგიურ მოვლენა, მით უმეტეს სასაკოლო ასაკის ადამიანებთან, რომლებიც სრულფასოვანი ადამიანები არიან, ოღონდ უფრო მოწყვლადი და უფრო ემორჩილებიან ნებისმიერ პროპაგანდას. ამათ დაუშვებლობას თუ გამოაცხადებს, სასაჯელი ამის თაობაზე და მერე ამოღება სასწავლო პროგრამიდან, გინდ კერძო იყოს და გინდ სახელმწიფო, იქნება კარგი, აუცილებელი და დროულიც.

კერძო აფთიაქმა რომ ნარკოტიკი გაყიდოს, პასუხს არ მოსთხოვენ? - უთავობის გამო ბევრი აფთიაქი ყიდის კიდეც ნარკოტიკს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი ლოიალურია ამ ფაქტების მიმართ. კანონს აქვს თავისი სიმკაცრის შეტანის უფლება და მით უმეტეს სასურველია მშობლებმა არა მარტო წაიყვანონ სხვა სკოლაში ბავშვები, ეს მათი პირადი პრობლემის გადაჭრაა, მაგრამ საქვეყნოდ პრობლემის გადაჭრა იქნება, რომ შეატყობინონ საერთო საზოგადოებას და ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ამ მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.