კავკასიური ტურნე და ვიზიტი საქართველოში - რისთვის იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი და რა გზავნილი დაუტოვა ხელისუფლებას

კავკასიური ტურნე და ვიზიტი საქართველოში - რისთვის იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი და რა გზავნილი დაუტოვა ხელისუფლებას

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოტელბერგის კავკასიური ტურნე და ვიზიტი საქართველოში - რა გზავნილები ჩამოუტანა სტოლტენბერგმა ქართველ ხალხს და რაზე ესაუბრა დახაურულ კარს მიღმა პრემიერ ირაკლი კობახიძეს?

მოლაპარაკებაზე, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. თბილისში მყოფმა მდივანმა მოსკოვს ვალდებულებებიც შეახსენა და ხაზი გაუსვა, რომ NATO მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სტოლტენბერგმა საქართველო NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად მოიხსენია.

კიდევ ერთი თემა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და რეგიონის სტაბილურობა იყო.

ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ NATO ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად რჩება.

პრემიერ-მინისტრმა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეაზეც ისაუბრა, რაც, მისი შეფასებით, საფრთხის ქვეშაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საერთაშორისო სამართლის ერთგულება.

სტოლტენბერგი, რომელიც საქართველოში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა, თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და NATO-ში საქართველოს ელჩი დახვდნენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ გენ-მდივნის სტუმრობა ვაშინგტონის სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

NATO-ს გენერალური მდივანი, დღის მეორე ნახევარში, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. აუდიენცია ორბელიანების სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ზურაბიშვილი NATO-ს გენ-მდივანს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იქ ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა.

არის თუ არა საქართველო სამიტის დღის წესრიგში, რომ ქვეყანამ ალიანსისგან დამატებითი გარანტიები მიიღოს?

შარშან, ვილნიუსის სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოსთვის არანაირი სიახლე არ ყოფილა. უნდა ჰქონდეს თუ არა ქვეყანას ვაშინგტონის სამიტისგან რაიმე მოლოდინი? - კოთხვის საპასუხოდ, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იყო კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ უკრაინა -რუსეთის კონფლიქტის ფონზე, საქართველო ნატოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი ქვეყანაა. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერ კობახიძის ბრიფინგზე ჰქონდა მნიშვნელოვანი ფრაზა, სადაც უკრაინის ომის გარშემო საერთაშორისო სამართლის დარღვევის საფრთხეზე ისაუბრა.

„კობახიძემ, ჩემი აზრით, ბრიფინგზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ თქვა, მან ახსენა საერთაშორისო სამართლისთვის საფრთხის შექმნა და ეს რუსეთისკენ გადაგდებული კენჭი იყო. ეს მისასალმებელია, რადგან მგონია, კობახიძემ, ამ შემთხვევაში, უფრო მეტი გამბედაობა გამოიჩინა. დანარჩენი მის სიტყვებში და მესიჯებში, ძირითადად, მადლობის გამოხატვა იყო.

 ვერ ვიტყვი, რომ კობახიძის გამოსვლა ნეგატიური იყო და არ უთქვამს ის, რაც აუცილებლად სათქმელი იყო. მან მადლიერება გამოხატა და ისაუბრა იმაზე, რაც, ალბათ, საქრათველოს პოზიცია უნდა ყოფილიყო. თუმცა მეტის თქმაც შეეძლო.

შესაძლოა, კარს მიღმა უფრო შინაარსობრივი საუბარი იყო, სადაც სტოლტენბერგმა კონკრეტული საკითხები განიხილა. ეს იქნებოდა არჩევნების თემა, სასამართლო და სხვა ის საკითხები, რაც, ალბათ, ევროკავშირის 9 დათქმაშიც არის მოცემული.

რაც შეეხება სტოლტენბერგის გზავნილებს, მგონია, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, მაინც ბაქოში და ერევენში ჩასვლა იყო. ნატო ინტენსიურად მუშაობს ახლა იმაზე, რომ ბაქოსა და ერევანს შორის არსებული დაძაბულობა მოიხსნას, ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას. მან ხაზგასით აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ორი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს, მაინც ისევ აქ ვარო. საქართველოში გამოვიარე იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის მნიშვენლოვანიაო“, - ამბობს გოგილაშვილი.

მისივე თქმით, სტოლტენბერგის მესიჯში ჩანდა, რომ რეგიონში საქართველოს გარეშე ნატოს ვიზიტი ვერ ჩაივლის. გოგოლაშვილი ამბობს, რომ მან ასევე ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოებას გაუსვა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოში მისი პროგრამების მეშვეობით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს.

„მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტოლტენბერგმა დააკონკრეტა საქართველოს რა მიმართულებით გაუწევენ უფრო მეტ დახმარებას - საქართველოს ნატოს ქვეყნები სამხედრო ინჟინერიაში გაუწევენ დახმარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისი თავდაცვითი ზღუდეების ნატოს უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვა. საქართველოს შიში, რომ ხვალ ან ზეგ, ცხინვალიდან, აფხაზეთიდან რუსულმა კონტიგენტმა შემოგვიტიოს უნდა განეიტრალდეს, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ საქართველოს თავდაცვით ზღუდეებს გაარღვევენ“, - ამბობს გოგოლაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნატოს თემამ საქართველოში, ბოლო დროს, ძალიან მიინავლა, ამიტომ სტოლტენბერგის ვიზიტი თემის ხელახლა გაცოცხლების მცდელობა უფრო იყო.

„ეს იყო ნატოს გენერალური მდივნის რეგიონალური ვიზიტი. ის იყო ჯერ აზერბაიჯანში ჩამოსული, შემდეგ კი სომხეთში ჩადის. ბუნებრივია, ესეც საინტერესოა, რადგან ნატოს, ბოლო დროს, კავკასიის რეგიონი თავადაც მივიწყებული ჰქონდა და რაღაცა მეორეხარისხოვან თემად იყო. კი ბატონო, შავი ზღვის აუზი კავკასიონის რეგიონში შედის, მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ეს რეგიონი მაინც ჩაკეტილიყო.

ასევე, ალბათ, ნატოს გენერალურ მდივანმა გადაამოწმა დამატებით, ჩვენს ხელისუფლებას ნატოს შესახებ რეალურად რა მომავალი აქვს, რას აპირებენ და არის თუ არა კვლავ ეს ალიანსი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვენლოვანი. ალბათ, ეს პაკეტები, რომელზეც სოტოლტენბერგმა ისაუბრა, სიახლეს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, მათ ისედაც მივიღებდით, გინდაც გენერალური მდივანი არ ჩამოსულიყო. შემდგომ ინტეგრაციის ვარიანტი როგორი იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ესაა გაურკვეველი. საქმე ისაა, რომ მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ნატოს თემა მივიწყებული აქვს. თავად ოპოზიციაშიც კი აღარ საუბრობენ ამაზე. ამიტომ, ეს უფრო ნატოს მხრიდან გადამოწმების ვიზიტი იყო, რომ ვართ თუ არა ისევ იმ აზრზე, რასაც ნატოსთან თანაშმრომლობა ჰქვია“, - ამბობს მაისაია.

ანალიტიკოსს არა აქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. ის ელის, რომ სიტუაცია კვლავ ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.