„აგვისტოს ომის შესახებ თითქმის ყველაფერი ნათქვამია და სააკაშვილი რას იტყვის არ აქვს მნიშვნელობა - მას უკვე სპეცკლინიკა ესაჭიროება, იმდენად მოაბეზრა თავი ყველას“

„აგვისტოს ომის შესახებ თითქმის ყველაფერი ნათქვამია და სააკაშვილი რას იტყვის არ აქვს მნიშვნელობა - მას უკვე სპეცკლინიკა ესაჭიროება, იმდენად მოაბეზრა თავი ყველას“

რატომ იკლავენ თავს ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები, რათა მიხეილ სააკაშვილი დაუსხლტეს მართლმსაჯულებას?! ამის ახსნა მრავალნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის, ლობისტური, ფულადი ინტერესები. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთ ვერსიას გვთავაზობს, რომ უცხოელ პატრონებს არ სურთ სააკაშვილის ალაპარაკება, რადგან შესაძლოა, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სიმართლე თქვას. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ შარშან სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ ალაპარაკდებოდა და მოჰყვებოდა ზუსტად იმ ამბებს, რაც უცხო ქვეყნის ძალებმა ჩაიდინეს აგვისტოს ომში, როცა თვითონ სააკაშვილიც შეაცდინეს და საქართველოსაც უბედურება მოუტანეს.

გურამ მაჭარაშვილი თვლის, რომ ამიტომაც უფრთხილდებიან სააკაშვილს, როგორც ოქროს მოწმეს და ცდილობენ ზურაბიშვილზე ზეწოლის განხორციელებას სააკაშვილის შეწყალების მიზნით. თორემ პრეზიდენტყოფილის წონა არ აინტერესებთ არც უცხოეთში, არც საქართველოში.

კიდევ რა დარჩა სათქმელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სააკაშვილს, ან ვინ უნდა შეაშინოს მხილებით? მით უმეტეს, რომ ცოცხალი აღარ არის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელსაც ცალკეული ადამიანები პერსონალურად აბრალებდნენ, რომ მაკკეინმა 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი იმდენად არაადეკვატური გახდა და იმდენ სისულელეს გადმოსცემს, რომ რაც არ უნდა თქვას, სერიოზულად არ აღიქმება საზოგადოების თვალში. გია აბაშიძის მოსაზრებით, ექსპრეზიდენტის ბოლო სისულელე ის იყო, რომ კალაშოვი თურმე რუსეთის ციხიდან იმის გამო გამოუშვეს, რომ სააკაშვილს მიხედოს.

„რა გამოდის? მთელი „ოცნების“ ძალოვანებმა ვერ მიხედეს სააკაშვილს და მხოლოდ კალაშოვი მიხედავს?! რამხელა არაადეკვატურობის დონეა. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ამის შესახებ არაერთხელ თქვეს დასავლელმა ლიდერებმა - კონდოლიზა რაისმა, ნიკოლა სარკოზიმ, პოლონეთის პოლიტიკოსმა - სიკორსკიმ, ყოფილმა ელჩებმა, მათ შორის, რიჩარდ მაილსმა, ასევე, მეთიუ ბრაიზამაც გაიხსენა, რომ სააკაშვილისთვის მიწოდებული იყო ინფორმაცია და დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნა არსებობდა, დაიკავე თავდაცვითი და არა თავდასხმითი პოზიცია. ყველაფერს თავი დავანებოთ, ტალიავინის კომისიის საფუძვლიანი დასკვნა არსებობს, რომ თბილისის მიმართ პროვოცირებას სააკაშვილმა უპასუხა ცხინვალზე საარტილერიო დარტყმით. ამდენად, აგვისტოს ომის შესახებ თითქმის ყველაფერი ნათქვამია. ახლა რაც არ უნდა თქვას სააკაშვილმა, იმდენად გასულია ადეკვატურობის ზონიდან, თუნდაც სიმართლის თქმის შემთხვევაშიც, თავისუფლად შეიძლება ამის გაუბრალოება დასავლელი „პიარშჩიკების“ მიერ. ასე რომ, სააკაშვილი ხვალ რას იტყვის, ან ზეგ, აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან მას სამოქალაქო დანიშნულების კლინიკა კი არა, უკვე სპეცკლინიკა ესაჭიროება, იმდენად მოაბეზრა თავი ყველას თავისი ბრიყვული განცხადებებით, რომ თუნდაც რეალური რამ ჰქონდეს სათქმელი, ეს მის მორიგ ბოდვად აღიქმება“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მისივე მოსაზრებით, ზუსტად „ხალხის ძალის“ ინიციატივა უნდა შესრულდეს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას მაშინდელ ღალატს. აქ საუბარი არ არის აგვისტოს ომის მოქმედების დაწყებაზე, არამედ საუბარია იმაზე, შემდეგ რა ხდებოდა, ვინ სად გარბოდა, ვინ როგორ მიატოვა კოდორი ერთი ტყვიის გასროლის გარეშე და ა.შ.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, გია აბაშიძე განმარტავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრ კობახიძის პირით უკვე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჭირო არ არის აგვისტოს ომის გამოძიება, არჩევნების მერე იყოსო. თუმცა „ხალხის ძალა“ აანონსებს, როგორც კი ზურაბიშვილი იკადრებს და დროებით გამოუშვებს სააკაშვილს ამნისტიით, „ხალხის ძალის“ ინიციატივა განხორციელდება აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. „ხალხის ძალის“ ამ სურვილის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამიტომ აქ საკითხი მარტივად არ არის. ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის გამოსვლა „ვივამედიდან“ არ სჭირდებათ მის ყოფილ თუ ამჟამინდელ თანაგუნდელებს, ამიტომაც შეიქმნა პარტია „ახალი“, ამითაც აიხსნება, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ბოლომდე დაეპატრონენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

გია აბაშიძის აზრით, სააკაშვილი ძალიან დიდი ტვირთია ყველასთვის - საზოგადოებრივად, პიარულად, პოლიტიკურად. ამდენად, მისი გარემოცვის ჩათვლით, ყველას აწყობს, სააკაშვილი იყოს იქ, სადაც არის.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, რთულია იმის თქმა, რამდენად იცავენ უცხოელები სააკაშვილს იმის შიშით, რომ ის არ ალაპარაკდეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„რაში გამოიხატება ეს დაცვა? მართალია, ცალკეული ევროპარლამენტარები მიშას გამოშვებას ითხოვენ, მაგრამ ეს სერიოზული თხოვნა არ არის. ასე, ცალკეული ჯგუფი საქართველოშიც ითხოვს მიშას გამოშვებას, მაგრამ სერიოზული მნიშვნელობა ამას არ ენიჭება, რადგან ეს ჯგუფი სახელმწიფოს სახელით ვერ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, თავისი სახელით ითხოვენ. ანალოგიურად, მიშას ბედით დაინტერესებული ევროპარლამენტარებიც თავიანთი სახელით ითხოვენ მის გამოშვებას და არა ევროპის სახელით, რადგან არ წარმოადგენენ ძლიერ ჯგუფს. ამ პატარა ჯგუფს შეიძლება გარკვეული მოტივები ამოძრავებდეს, რომელიც პოლიტიკისგან შორსაა, შეიძლება მათ ჰქონდეთ ან ლობისტური ინტერესები, ან წარსულში არსებული კავშირები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ასკვნის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიშას ალაპარაკების დიდი შიში დასავლელ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი, ვინც იმ დროს აქტიურები იყვნენ, დღეს პოლიტიკაში აღარ არიან. ზოგადად, ის ფაქტიც რომ დადასტურდეს, თითქოს სააკაშვილი აგვისტოს ომში ევროპამ ჩაითრია, ან ამერიკამ, არც ამაზე იდარდებენ დიდად.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ავადმყოფი, შიზოფრენიკი ადამიანი იყო ადრეც და ახლა უფრო განუვითარდა შიზოფრენია. ამ ტიპის ადამიანისგან სერიოზული განცხადებები მოსალოდნელი არ არის და ვერც აგვისტოს ომის შესახებ მისი ალაპარაკება ვერ შეაშინებს დასავლელ პოლიტიკოსებს.

„უბრალოდ, დასავლეთის სახელმწიფოები სააკაშვილის ფაქტორს საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალაზე ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად იყენებენ, რათა დასავლურ ორიენტაციას როგორმე დაუბრუნონ ჩვენი ხელისუფლება. რაზე უნდა ალაპარაკდეს სააკაშვილი? მას ხომ საკუთარი პარტიის წევრები აიგნორებენ და დასცინიან? სააკაშვილი ახლა ისეთ ვითარებაშია, როგორშიც იყო ვლადიმერ ილიას ძე ლენინი 1921 წელს, როდესაც არავინ არაფრად თვლიდა, რადგან ლენინს სიფილისის ნიადაგზე დაეწყო შიზოფრენიის კონკრეტული ფორმა. სააკაშვილს რის ნიადაგზე დაეწყო შიზოფრენია, არ ვიცი. როგორც ჩანს, სააკაშვილს თანდაყოლილი შიზოფრენია სჭირს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.