„ვფიქრობ, დასავლეთს არ სურს მეოთხე ვადით იხილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და სააკაშვილის შეწყალებაც ამ სქემაში ეწერება“

„ვფიქრობ, დასავლეთს არ სურს მეოთხე ვადით იხილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და სააკაშვილის შეწყალებაც ამ სქემაში ეწერება“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს სააკაშვილის შეწყალების საკითხი და შესაბამისი მითითებაც მისცეს, რომლის მიხედვითაც მოქმედებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება ხდება კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„მიზანმიმართულად ხდება იმის აქტუალიზაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს პოლიტპატიმარია და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ნიადაგის შემზადება ხდება მოქმედი კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან. ლობისტები თანხას იხდიან იმაში, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს ნიადაგს მოუმზადებს, რომ ამ ყველაფერზე უდიდესი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია არ იყოს გადატანილი სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უმწვავესი რეაქციები მოჰყვება. ჩვენი საზოგადოების ინტერესებით თამაშს ნუ ცდილობენ. საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან, რადგან ამას სამართლიანად მკვეთრი რეაქცია ექნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალება ქვეყანაში დეპოლარიზაციას არა თუ შეამცირებს, არამედ ამან შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა იცის, თუ რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის შეწყალებას.

„ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე წელიწადია თავისი ნება-სურვილით არ მოქმედებს, არამედ შემოსული ბრძანებებითა თუ რეკომენდაციებით. გამორიცხული არ არის, მაგრამ ზურაბიშვილი გონიერი ადამიანია და აცნობიერებს იმას, თუ რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. ის მიზანი, რაც გაცხადებულია, თითქოს სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, აბსოლუტურად არაადეკვატურია და მას არ უნდა გაუჭირდეს მისი შემკვეთის მიმცემების დარწმუნება იმაში, რომ ეს საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას და ჩვენი დასავლელი პარტნიორების თუ ლობიტების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, ეს მხოლოდ რუსეთს უნდა აწყობდეს, რომელსაც კარგი საბაბი ექნება საქართველოში მიმდინარე პროცესში ჩაერიოს. შეიწყალებს თუ არა, ამის შანსი არის 50-50-ზე, დამოკიდებულია, როდის შეიწყალებს და როგორი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებამ საბოლოოდ, შესაძლოა, ორი მხარის დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს, - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, დასავლეთის გარკვეულ ჯგუფებს არ სურთ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ვადით იქნეს არჩეული და ისინი ცდილობენ, ოპოზიციურ ფლანგზე ახალ ლიდერად ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინონ.

„საზოგადოების რეაქცია იქნება ძალიან მწვავე. ხელისუფლებას შეუძლია მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, მოახდინოს მისი მომხრეების მობილიზაცია. ამ შემთხვევაში რთული იქნება ის სიტუაციის განჭვრეტა, რა შეიძლება მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია და სააკაშვილის გამოშვება ციხიდან უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს, ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ სააკაშვილი გამოვიდეს თავისუფლებაზე. რადგან მას აქვს წაყენებული მთელი რიგი ბრალდებები, რაზეც სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული, ხელისუფლებას შეუძლია, როგორც კი სააკაშვილი „ვივამედიდან“ გამოვა, უკან დააბრუნოს არა კლინიკაში, არამედ ციხეში. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეხლა-შემოხლა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის და მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ.

ასევე, „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ გაასაჯაროებენ ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სააკაშვილის როლი 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ძალიან სენსიტიური მასალები, რამაც შეიძლება საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში, ღიად აღიარა, რომ ოპოზიციის გაერთიანების მიზანი არის დასავლეთს დაანახონ, არსებობს ალტერნატიული ძალა. როგორც ჩანს, დასავლეთში გარკვეული წრეები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რადგანაც ოპოზიციის რიგებში არ დგას ქარიზმატული ლიდერი, კიდევ ერთხელ გამოიყენონ სააკაშვილის ფაქტორი და ის მოავლიონ ოპოზიციის ახალ ლიდერად. ვგულისხმობ ოპოზიციას, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისგან გამოკვირტულ პარტიებს და მათ ორბიტაზე მოძრავ პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს. სხვა რითი უნდა აიხსნას გამუდმებული შეძახილები და რეკომენდაციები სააკაშვილის შეწყალების შესახებ?! დარწმუნებული ვარ, დახურული კომუნიკაციებიც არის ამის თაობაზე. თუ ეს არის მათი გეგმა, ალბათ, ზეწოლა გაგრძელდება. ვფიქრობ, დასავლეთს არ სურს მეოთხე ვადით იხილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და სააკაშვილის შეწყალებაც ამ სქემაში ეწერება“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში გამორიცხავს, სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის რამდენიმე საათით გარეთ გამოშვება, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ატმოსფეროს ვერ შეცვლის.

„არ მგონია, რომ ზურაბიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. იყო და არის განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ თუ მიიღებს, ჩავთვალოთ, რომ მისი პოლიტიკური წონა მკვეთრად შემცირდება.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გასამართლებული და ციხეში იჯდეს. ცალკეული პიროვნებების შეხედულებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ზურაბიშვილი ანგარიშს გაუწევს ამ პროცესს და არ შეიწყალებს. რაც სააკაშვილი ციხეშია, მას შემდეგ დგას ეს პრობლემა და არჩევნების წინ რაიმე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. სააკაშვილის რამდენიმე საათით გათავისუფლება არაფერი მოუტანს ქვეყანას. თითქმის დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

 

ლაზი რად უნდა მაგას ფიქრი, ომი ამათ არ უნდათ, ლგბტ და ვეტინგი და მაინც ენდომებათ ასეთი ხელისუფლება?
1 თვის უკან