ნაციონალები ისევ როზნერს ჩამოეკიდნენ, როზნერი - პოპულიზმს და ვერ აცნობიერებენ, რომ ისევ 2011-ში მიექანებიან 

ნაციონალები ისევ როზნერს ჩამოეკიდნენ, როზნერი - პოპულიზმს და ვერ აცნობიერებენ, რომ ისევ 2011-ში მიექანებიან 

სტრატეგია, რომელიც ამერიკელმა პიარკონსულტანტმა ჯერემი როზნერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუწერა - ფასების პოპულისტური კამპანია და მიგრაციის თემა, ახალ ფაზაში შევიდა. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ენმ-ისთვის უკვე კარგად ნაცნობი პიარ-კონსულტანტი, რომელიც მათ ასევე 2012 წლის არჩევნების სტრატეგიის დაგეგმვაში ეხმარებოდა, ახლაც მაშინდელივით, მარცხს განიცდის.

ლევან ხაბეიშვილის პიარ-კონსულტანტის გეგმა გაიშიფრა და ყველაფერი ნათელი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ პროდუქტის ფასებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პიარ სტრატეგიის ნაწილია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი აქტუალური თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ნაციონალები უარყოფენ და ხაბეიშვილი ამბობს, რომ არ იცის ვინ არის როზნერი, წყაროს ინფორმაციით, ენმ-ში უკვე დაბეჭდილი აქვთ დასარიგებლად გამზადებული გაზეთები, სარეკლამო ბუკლეტები, ბანერები და ა.შ. რომელიც კახეთსა და თბილისში უნდა დაარიგონ. ხოლო ამ გეგმის მიზანი, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ნაციონალებისგან ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივის გადაფარვაა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივის მხარდაჭერისგან თავის დაღწევას ამ ფორმით ცდილობს. „ოცნებაში“ ოპონენტებს ისიც შეახსენეს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

ნებისმიერ შეკითხვას პიარ-ტექნოლოგის ინსტრუქციის მიხედვით პასუხობენ ასევე „სტრატეგია აღმაშენებელშიც“. ისინი 13 მარტს შეხვდნენ უკმაყოფილო ტასქის მძღოლებს, სადაც ასევე საწვავზე მაღალი ფასი გააპროტესტეს.

საინტერესო ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ ტაქტიკას და გზავნილებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ მათივე კოლეგები. მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიის ცვლილებაზე „ახალის“ დამფუძნებელმა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ ეთერში ისაუბრა. ნიკა გვარამიამ სააკაშვილის გუნდი ნათელაშვილის ლეიბორისტებს შეადარა. ხაბეიშვილის დაპირებები პოპულისტურად გამოიყურება „გირჩისთვისაც“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ე.წ. როზნერის გეგმა, რომლსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება, ძალიან სასაცილოა და ამ გეგმით თუ აპირებს ენმ არჩევნების მოგებას, კი ბატონო, ხელს არავინ შეუშლით.

„ყველა კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილს ამდენი შესაძლებლობა არა აქვს, რომ თავად დაგეგმოს და ილაპარაკოს ის, რასაც ლაპარაკობს. ვხედავთ მთავარ აქცენტებს ეკონომიკაზე აკეთებენ, რადგან სხვა ყველა თემა ხელიდან აქვთ გამოცლილი. ფასებზე საუბრობენ და ემიგრაციაზე. თითქოს ენმ-ს ხელისუფლების დროს, ორივე პრობლემა მოგვარებული იყო. ხაბეიშვილი რასაც ლაპარაკობს, ის მაინც გადაამოწმოს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რამდენი იყო ეკონომიკური ზრდა და ახლა რამდენჯერ არის გაზრდილი. თუნდაც პენსიები და ხელფასები ახლა რამდენით არის მომატებული.

ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მათი პიარ-სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ მას ეკონომისტები და სპეციალისტები გაუბათილებენ. ალბათ ამ დღეებში ახალი მესიჯბოქსი ჯანდაცვის სისტემაზე ექნებათ. არადა სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ ბინას არ გაყიდდი და ბანკიდან ვალებს არ გამოიტანდი, ვერ გადარჩებოდი. ხალხი იმით იღუპებოდა, რომ ოპერაციის ფული არ ჰქონა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამიტომ ამ პოპულიზმს მართლა ღიმილით უნდა უსმინოს კაცმა, ვეთანხმები გვარამიას, რომ ნაციონალები ლეიბორისტებს დაემსგავსნენ და მათი მესიჯბოქსებით დადიან“,-ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, მთავარი ისაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებებს საზოგადოება რამდენად იჯერებს და ამით შეძლებენ თუ არა „ომის პარტიის“ სახელის მოშორებას. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ხალხს მათ მიმართ იმდენად არ აქვს ნდობა, რაც არ უნდა დაპირდნენ, მათი ერთი სიტყვისაც არავის სჯერა. ამ პოპულიზმით ისევ სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის ცვლილება რიგი მიზეზებით არის განპირეობებული და პირველ რიგში, ეს ეხება მათთვის საკამოდ უხერხული თემის წამოჭრას, როგორიც ქვეყანაში გარყვნილების კამპანიის, პროპაგანდის აკრძალვის კანონის შემუშავებაა.

„ეს არის ჩვენი ლიბერალური პოლიტიკური ფლანგისთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქნელი, რადგან დიდ ყურადღებას სწორედ ლიბერალური პოლიტიკის ერთგულებას ანიჭებენ. ზოგადად, ლიბერალური ქვეყნის საელჩოებისგან „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ ამ კანონპროქტთან დაკავშირებითაც ხმას ვერ იღებენ. შესაბამისად, როზნერმა უპოვა გამოსავალი და ყურადღების გადატანას სოციალურ თემებზე ცდილობენ. როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის შიგნით კარგავს ლეგიტიმაციას, არ აქვს ამომრჩევლის მხრიდან მხარდაჭერა, ბუნებრივია, ის არის შიდა ელექტორატით და მხარდაჭერით გაკოტრებული.

იმისათვის, რომ პოლიტიკური რუკიდან საერთოდ არ წაიშალოს, საერთაშორისო ლეგიტიმაციას ებღაუჭებიან. ამიტომ „ნაციოანლური მოძრაობა“, ვითომ არაფერი, ამ კანონპროექტზე გვერდის ავლის მიზნით, დაკავებულია ისეთი პოპულისტური თემებით, რომელზეც აქცენტი თუ ვინმემ არ უნდა გააკეთოს, ეს ნაციონალები არიან“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, როზნერი „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ძალიან აბსურდული მესიჯებით გამოირჩეოდა და მუდამ ცდილობდა სოციალური თემებით მაშინდელი ხელისუფლების პიარ-კამპანია ეწარმოებინა.

„მკითხველს შევახსენებ, რომ როცა 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიანი ამბები მოხდა, სწორედ როზნერი იყო იმ პიარ-კამპანიის დამგეგმავი, რომელიც ამ ამბიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობდა. რეალურად დღეს ასეთი ვითარებაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  სოციალური თემატიკა წინა პლანზე როგორც არ უნდა წამოწიოს, იმდენი უბედურება აქვთ, თუნდაც ამ სოციალური თემების მიმართულებით ჩადენილი, რომ არავის მათი არ სჯერა. სულ მარგალიტები, რომ დაყარონ და ისეთი დაპირებები გასცენ, მათი მარგალიტი არავის არ უნდა.

ნაციონალები საუბრობენ იმაზე, რომ ვითომ ქვეყანაში ფასები გაიზარდა. ძალიან კარგად ახსნა მდინარაძემ, რომ ფასები ამ 11 წლის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა, რადგან ინფლაცია იყო და „ნაციონლური მოძრაობის“ დროს კი წელიწადში ფასების ზრდა 8% იყო. ენმ თამაშობს იმას, თითქოს არავის ახსოვდა მათი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა. 2010- 2011 წლებში, საქართველოში იყო კატასტროფული ფასების ზრდა, რომ მისი გაჩერება ვერ ხდებოდა. იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული, კატასტროფა ფასები ღირდა. კომუნალური გადასახადები კი სულ მცირე 10-ჯერ გაძვირდა. ამიტომ სოციალური თემა არის ძალიან სახიფათო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ცხვირ-პირში კარგი შემხვედრი მუშტი მოხვდება“, - ამბობს ახვლედიანი.

მისვე თქმით, ამ გაძვირებების მიზეზი იყო არა მხოლოდ ის, რომ ინფლაციის პროცესი იყო და გარემო ფაქტორები მოქმედებდნენ, არამედ პირველი იყო ის მონოპოლური მდგომარეობა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგიერთ მეგობარ ბიზნესკომპანიებს აყენებდა და როგორ ფასსაც უნდოდათ, ისეთს ადებდნენ პროდუქტებს, შესაბამისად, როცა ძალიან გაძვირდებოდა პროდუქტები, ბიზნესმენებს აღარც კი შემოჰქონდათ.
„გამოდის მასხარა ხაბეიშვილი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, თურმე საქართველოში შაქარი 4.50-ლარი გამხდარა. როცა თურქეთში თურმე 4-ლარამდე ღირს. არადა გუშინ ვიყავი მაღაზიაში, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოტანილი შაქარი 2.50 ღირდა. 2011 წელს რომ ეკონომიკური მდგომარეობა სხვა იყო მთელს მსოფლიოში და ეხლა სხვაა, ეს ვინმეს უკვირს? ეს ინფლაცია საქართველოზეც ხომ ისახება. თურქეთში თუ რაღაცა ცოტათი იაფია, გასათვალისწინებელია ის, რომ თურქეთში 70%-იანი ინფლაციაა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ინფლაციისგან. სოფლის მეურნეობა 80-მილიონიან თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე სუბსიდირებული დარგია. ამიტომ საქართველოს და თურქეთის სიტუაციის შედარება ცრუპენტელობა და პოპულიზმია“, - ამბობს ახვლედიანი.