ამერიკამ კეზერაშვილს ვიზაზე უარი უთხრა 212 მუხლის საფუძველზე, რაც ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს

ამერიკამ კეზერაშვილს ვიზაზე უარი უთხრა 212 მუხლის საფუძველზე, რაც ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს

აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლს დაეყრდნო.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა. დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე „ბი ბი სის“ გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, „ბატონ ოფშორთან“, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან მიდიოდა.

ბრალდებას, რომ თაღლითური სქემით ითვისებდა ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს, არ ადასტურებს კეზერაშვილი და აღნიშნავს, რომ არაფერი აქვს საერთო Milton Group-თან ან „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან, თუმცა სკანდალური გამოძიების შემდეგ კეზერაშვილმა დიდ ბრიტანეთის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა და თავი კვიპროსს შეაფარა. მიუხედავად გამოძიებისა, კეზერაშვილის ე.წ. ქოლცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას როგორც ევროპის ქვეყნებაში, ასევე უკრაინაში და ყაზახეთში, მათ შორის საქართველოშიც.

„მისტერ ოფშორი“ - ამ სახელით მოიხსენიეს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „მილიარდების თაღლითები, რომლებიც თქვენს დანაზოგს იპარავენ“. დავით კეზერაშვილს ფინანსურ დანაშაულებსა და ფულის გათეთრებას საქართველოშიც ედავებიან. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს უწყების სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აქვს წარდგენილი. პროკურატურა თავდაცვის ექსმინისტრს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის მიღებას, ასევე მითვისება-გაფლანგვას სხვა საქმეებზეც ედავება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დავით კეზერაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებენ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ აშშ-ის უარი უკავშირდება ე.წ. ქოლცენტრების საერთაშორისო სკანდალს. „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, სადაც პენსიონერებს მანიპულაციებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები. ქადაგიშვილის თქმით, მითითება ფულის გათეთრებაზეა, რაც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სამართალდარღვევათა დანაშაულად ითვლება.

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის, ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო ძალიან ინტენსიურად არის ჩართული, სწორედ იძიებს და ედავება დავით კეზერაშვილს უკანონო გზით ფულის გამოძალვას და შემდეგ ამ ფულის გათეთრებას და გამოყენებას. კონკრეტულად, ეს საკითხი ცნობილია, როგორც „პენსიონერების ძარცვა“. აქედან გამომდინარე, ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო.

ეტყობა, უკვე სამართლებრივი საფუძვლები ამ საკითხზე საკმაოდ გამოკვეთილია გამოძიების პირობებში და ვფიქრობ აშშ-ს მხარემ აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არმიცემა „ქოლცენტრების“ საქმეს უკავშირდებოდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, კეზერაშვილის შესახებ მთელი მსოფლიო გაცილებით მეტს გაიგებს.

„კეზერაშვილისთვის ვიზა რატომ უნდა მიეცათ? დაახლოებით ერთი წლის წინ ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს კომისია შევქმნათ და გამოვიძიოთ, გარწმუნებთ, კეზერაშვილზე ჩვენი ქვეყანაც და მთელი მსოფლიოც გაცილებით მეტს გაიგებს, ვიდრე აქამდე გავიგეთ. კეზერაშვილს ხელს ნუ აფარებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, „ქართული ოცნება“ კეზერაშვილს ხელს რატომ აფარებს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კვიპროსში გადასახლებულმა ოლიგარქმა კეზერაშვილმა დაფინანსება შეუმცირა „ნაციონალურ მოძრაობას“. გარდა ამისა, სწორედ ფინანსური კრიზისის მოტივით დახურა ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები. არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ „ფორმულა“ იძულებით შვებულებაზე გადის. რაც შეეხება თავად კეზერაშვილს, არსებული ინფორმაციით, კვიპროსი მისთვის უსაფრთხო სულაც არაა. გარდა ამისა, ბრიტანული გამოძიება სულ უფრო უახლოვდება კეზერაშვილს, შესაბამისად, მოსალოდნელი სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით, იგი შეეცადა თავი ამჯერად აშშ-ისთვის შეეფარებინა, თუმცა უშედეგოდ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილს, სავარაუდოდ, შეეშალა და როგორც საქართველოში ხელიდან დაუსხლტა სასჯელს, ეგონა, რომ ამ შემთხვევაშიც იგივეს გააკეთებდა.

„მაგრამ მას შეეშალა იმ წრეებთან, ვისთანაც გაერთიანებული იყო და, სავარაუდოდ, აქ საუბარი არის გარკვეულ ანგარისწორებაზე, რომელიც შესაძლებელია მის მიმართ განხორცილედეს. ზოგადად, მისთვის არც ამერიკა არაა უსაფრთხო, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუდმივად გააკეთოს ხმაურიანი განცხადება და იყოს დღის სინათლეზე. ამით პირად უსაფრთხოებას იცავს და იხანგრძლივებს იმ პერიოდს, როდესაც შესაძალებელია მასზე ანგარისწორება მოახდინონ იმ ძალებმა, ვისთანაც ერთად აწარმოებდა ამ ბიზნესს და ანგარიშვალდებულება ჰქონდა. შესაბამისად, ეს ანგარიშვალდებულება დაირღვა, რამაც შესაძლებელია მას შეუქმნას პრობლემა და დევნის საფუძველი გახდა. გასაგებია, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემალა, მაგრამ უფრო უარეს ჩიხში აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ის თავს ვერ დააღწევს, მათ შორის ამერიკაში წასვლითაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, კეზერაშვილი ჩაიჭრა მის პატრონებთან, რატომაც უარი ეთქვა აშშ-ის ვიზაზე. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კეზერაშვილი აუცილებლად წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე.

„რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი, სამართალი ურმით მიდის, მაგრამ ბოლომდე მაინც მივაო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმისა, რომ პირველი - აშშ-ში ვითრება იცვლება და ხელისუფლებაში მოდის ტრმაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განუკითხაობა, რომელიც ამ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანაში მიმდინარეობს, დასრულდება და ვიღაცებმა კრიმინალ კეზერაშვილის მიმართ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს.

მეორე ვერსია მაქვს ასეთი - კეზერაშვილი, ალბათ, ჩაიჭრა ვიღაცებთან. ჩაიჭრა იქ, მის პატრონებთან, მარტო ვერ იმოქმედებდა, ეს გამორიცხულია. მას ჰყავს პატრონები ოკეანის გაღმა და გამოღმა. როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა პატრონებთან ჩაიჭრა და ამ ჩაჭრის შედეგია ის, რომ აშშ-მა უთხრა ფუკა! - ანუ ვიზა არ მისცა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და მე ველოდები, რომ, ადრე თუ გვიან, თავად კეზერაშვილი აუცილებლად წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.