„ფოფხაძეს გვარამიასთან პირადი მეგობრობა აკავშირებს - რაც შეეხება „ოცნების“ ყოფილი წევრების მიკედლებას, არ მგონია, ბევრი მსურველი მოიძებნოს, თუმცა, გამორიცხული არაფერია“

„ფოფხაძეს გვარამიასთან პირადი მეგობრობა აკავშირებს - რაც შეეხება „ოცნების“ ყოფილი წევრების მიკედლებას, არ მგონია, ბევრი მსურველი მოიძებნოს, თუმცა, გამორიცხული არაფერია“

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ ერთიანი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, სახელწოდებით „ახალი“. გვარამიას მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით ვიგებთ, რომ მის გუნდს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე შეუერთდა. ამის ფონზე, ანალიტიკურ წრეებში ჩნდება მოსაზრება, რომ გვარამიას გუნდს შესაძლოა შეუერთდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის ყოფილი და განაწყენებული წევრებიც. თუ რა პერსპექტივა აქვს ახალ პარტიას და ვინ შეიძლება შეუერთდეს მას, ამის შესახებ For.ge ანალიტიკოსებს გაესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს სხვადასხვა მხრიდან მოიზიდოს ამომრჩეველი და ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენაც ამის ფიქრის შესაძლებლობას აჩენს. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, გედევან ფოფხაძემ დიდი ალბათობით, ვერ იპოვა რაიმე საერთო სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და გვარამიას ახალ პარტიას „მიეკედლა“.

„მე შემიძლია შევაფასო ეს პარტია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მორიგი განშტოება ისე, როგორც სხვა, რამდენიმე პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოვიდნენ. თუმცა, მგონია, რომ ის პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც ამ პარტიის ლიდერს აქვს, ჩვენს ამომრჩეველს აფიქრებინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ფრონტი გაშალოს და სხვადასხვა მხრიდან შეძლოს ელექტორატის მოკრეფა. გვარამია-მელიას პარტია, რომელიც საზოგადოების წინაშე წარდგა „ახალის“ სახით, როგორც ჩანს, მაინც შეეცდება, რომ გაემიჯნოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, მაგრამ სამომავლოდ ამ პარტიის დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

ჩვენს ტურბულენტურ, პოლიტიკურ გარემოში აბსოლუტურად არაფრის გამორიცხვა არ არის შესაძლებელი. სადაც გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის თავგადაკლულ მომხრედ მოგვევლინა, არ გამიკვირდება, „ოცნებაზე“ განაწყენებული ვიღაც ადამიანი, იმისათვის რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე იტივტივოს, შეუერთდეს გვარამიას პარტიას. გედევან ფოფხაძის შეერთებას უფრო იმით ავხსნიდი, რომ მას ნიკა გვარამიას მიმართ პირადი მეგობრობა და დამოკიდებულება აკავშირებს. ამასთან, შესაძლოა სხვა პარტიებთან ვერ იპოვა საერთო ენა და იმისათვის, რომ თამაშში დარჩეს, გადაწყვიტა მიკდლებოდა გვარამიას პარტიას. რაც შეეხება „ოცნების“ ყოფილი წევრების მიკედლებას, არ მგონია, რომ ბევრი მსურველი მოიძებნოს, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება არ არის გამორიცხული. მისი თქმით, გვარამია-მელიას ახალი პარტია ნეიტრალურ ამომრჩეველზე იმუშავებს.

„ოცნების“ ყოფილი წევრები უკვე ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ სიაში. არ არის გამორიცხული, რომ გვარამია-მელიამ იმუშაოს ნეიტრალური ტიპის ამომრჩეველზე, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობის არის. აქ შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ „ოცნების“ ელექტორატის წარმომადგენლები, არამედ „ოცნებისაც“. გედევან ფოფხაძის მოწვევა შესაძლოა ამ მიზანს ისახავდეს, რომ ნეიტრალური და გულგატეხილი ელექტორატის გადმობირებაზე იზრუნოს.

შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიაროს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ბედი და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ პოლიტიკური არჩევნები. ამომრჩეველმაც უკვე დაკარგა „ქართული ოცნების“ მიმართ რაიმე ინტერესი. „ოცნებაში“ არის შიდა კლანური და ფრაქციული დაპირისპირება. მიხეილ სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ამას კიდევ უფრო მეტად ადასტურებს და ვფიქრობ, ეს დაპირისპირება უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ახალი პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ ისაუბრეს.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ვიცით ბრძოლა; ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას; ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას; ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიას თქმით, მათ შორის მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

„რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის შესაძლებლობას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი - ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრობისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, მათი საარჩევნო ნომერი იქნება 4. გასულ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ნომერი 4 ეკუთვნოდა მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ - პარტიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით შექმნილი კოალიციით მოხვდა 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში.

 

 

 

ლევკოთეა ვახტანგ მაისაიამ - ძაბირაძე რომ მარტო არ იჯდეს ტყემალზე და არ მოიწყონოს, მეც მივუჯდებიო.
ანუ, ოცნებაზე გულგატეხილი ამომრჩეველი, ფოფხაძის გამო, ამ გაერთიანებას მისცემს ხმას?
1 თვის უკან
თომა ეს, ძაბირაძე მალე ხუხაშვილის გადასწრებს სისულელების რფქვევაში!
1 თვის უკან