შეჯიბრი სააკაშვილის სიყვარულში ან სიძულვილში

შეჯიბრი სააკაშვილის სიყვარულში ან სიძულვილში

იქმნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა-2“ და შეძლებს თუ არა ძველი ენმ-ის ახლით ჩანაცვლებას, არჩევნები დაგვანახებს. ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პარტიას სახელი - „ახალი“, საარჩევნო ნომერი - 4, ლოგო - მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში ექნება. მათი მიზანი, „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, ორიენტაცია კი მხოლოდ მომავალზე აქვთ და არა წარსულზე. სამთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, მათ საზოგადოებას აცნობეს, რომ მათი ტანდემი შედგა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა.

„ჩვენ არ გეუბნებით შემოგვიერთდით, ჩვენ გეუბნებით გავერთიანდეთ“, - ეს გზავნილი მიიღო ოპოზიციამ „ახალი“-სგან.

ვინ მიიღებს „ახალის“ შეთავაზებას, ჯერ უცნობია. ანალიტიკოსები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ ორი ენმ-ის შექმნა იგეგმება - ერთი კარგის და მეორე ცუდის. თუმცა საინტერესოა ისაა, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ორი ნიკას ტანდემს რა ელექტორატის მოზიდვის იმედი აქვს. მათი აზრით, არც ერთ მათგანს, არ აქვს შანსი ენმ-ის ელექტორატის გარდა სხვა ამომრჩევლის დაინტერესების, ისიც თუ სააკაშვილი მათ მიმართ ლოიალური იქნება. ისინი ეჭვობენ, რომ „ახალს“ გაკოტრებული ნაციონალების ფესვებზე, ახალი ენმ-ის დაფუძნება უნდა, რაც რეალურად არ გამოუვათ.

„არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტია გავხდებით“, - მელია-გვარამიას გუნდს ზუსტად 8 თვე აქვს იმისთვის, ამ ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადის კონვერტაცია ამომრჩევლების განწყობაში მოახდინოს.

ორი ნიკას „ახალში“ ახალს ვერაფერს ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვარამიასა და მელიას „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირების სიმულაციური მცდელობა არადამაჯერებლად გამოიყურება. საარჩევნო ნომრის ცვლილება კი მიზნად მხოლოდ ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას წარსულში გვარამიასგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე გედევან ფოფხაძე და ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მაია კოპალეიშვილიც ესწრებოდნენ. პოლიტიკაში დაბრუნებული ძველი სახეები ამტკიცებენ, რომ ახლა გვარამია-მელიასთან მჭიდრო იდეოლოგიური კავშირი აერთიანებთ.

„ახალის“ „ნაცმოძრაობისგან“ იდეოლოგიური დაშორების არ სჯერათ საპარლამენტო ოპოზიციაში. „გირჩში“ გვარამიასა და მელიას პატიმარ სააკაშვილთან არსებული კავშირები შეახსენეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი კოლეგები პარტიის კლონირების მცდელობის გამო გააკრიტიკეს.

ანალიტირკოსი ზურაბ ქაგადიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას და ნკა გვარამიას ე.წ. ახალი პარტია, „ნაციონალურრი მოძრაობა 2“-ის შექმნის მცდელობაა. მისი აზრით, ეს არის კარგ და ცუდ ნაციონალებად დაყოფა, სადაც გასაყოფი ისევ ნომერი 5 და მიხეილ სააკაშვილი ეყოლებათ.

„ერთი დიდი თამაში მიდის, რომელიც უკვე დიდი ხანია გაშიფრულია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდიგის მცდელობა. ყველამ კარგად იცის, დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც, რომ ენმ არის განულებული პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე წლებია ხელისუფლებაში ვეღარ ბრუნდება, ვეღარც ქუჩით და ვეღარც არჩევნებით, ამიტომ დაიწყეს მისი რებრენდიგი და გადახალისება. საქმე კი ისაა, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორივე მათგანი ზურაბ ადეიშვილის ფრთის ქვეშ არიან დაზრდილები.

„ამ განულებულ ენმ-ს ბელადის ქვეყანაში ვერც დაბრუნებამ, ვერც ვითომ მომაკვდავობამ და ა.შ. უშველა და ამიტომ ცდილობენ, რომ სახე იცვალონ. თუმცა გასაყოფია მაინც ჰყვათ ამომრჩეველი, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს ე.წ. შუაშისტი და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მიმხრობას. ისევ დავა ნაციონალების 14%-ის გაყოფაზე იქნება და სააკაშვილის სიყვარულში შეჯიბრი. სხვა ნიშა და ელექტორატი ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია“, - ამბობს ქდაგიძე.

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მოხდეს ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვა და სწორედ ამ პოლიტიკური ძალის გარშემო პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ქადაგიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ მისი აზრით, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას აქვს.

„ძალიან ბევრია დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ასევე გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი არ არის. ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტიის თამაში, სადაც სააკაშვილსაც სხვები აძლევენ მითითებებს. ახლა სადღაც გადაწყდა, რომ ეს გაუბედურებული „ნაციონალური მოძრაობა“, ვიღაცა ახლით უნდა ჩანაცვლდეს. ამიტომ, დიდწილად ვისკენ იქნება საბოლოოდ სააკაშვილის პოზიციების გადახრა, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. თუკი სხვა პატარა პარტიები ამ ტანდემის გარშემო გაერთიანდებიან, ისინიც ჩვეულებრივად ნაციონალების ქოლგის ქვეშ მყოფ პარტიებად მოინათლებიან. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მე არც იმ სცენარს გამოვრიცხავ, რომ ყველა ერთდროულად ისევ ენმ-მა შეისრუტოს, თუკი ეს საჭირო გახდება და მათი პატრონები უბრძანებენ. მათი დამფინანსებელიც და პატრონი ე.წ. გლბალური ომის პარტია, რომელმაც აღარ იცის ნაციონალებს რა მოუხერხოს და ამიტომ ახლის შექმნა გადაწყვიტა“, - ამბობს ქადაგიძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვინც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება, რომელთანაც ასოცირდება მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ შეძლებენ. მამარაძე ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ სააკაშვილმა 2020 წელს ნახევარ მილიონამდე ხმა აიღო. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ნაციონალურ ჯგუფში ვინ იქნება რამის ხელმძღვანელი, თუ იქ სააკაშვილის სახელი არ იქნება დაკავშირებული, არაფერს აზრი არა აქვს.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს კვლავ ჰყავს ე.წ. პირადი მრევლი, რომლის მთავარ ამოსავალ წერტილს, ვის გვერდით იდგება მიხეილ სააკაშვილი, აქვს მნიშვნელობა და სხვა არაფერს. ამიტომ გვარამია-მელია კი არა, ვინც არ უნდა გაერთიანდნენ, ნულს მივუმატოთ ნული იქნება. თუ მათთან სააკაშვილი არ იქნება დაკავშირებული, მათი პოლიტიკური ფასი 2024 წელს არაფერი არ იქნება. არ ვიცი ვინ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას, მაგრამ საქმე ისაა, რომ მელიას და გვარამიას ვინც არ უნდა შეუერთდეს და რა პირადი რეიტინგიც არ უნდა ჰქონდეს, საქართველოში არჩევნებმა აჩვენა, რომ პირად რეიტინგს არ აქვს მნიშვნელობა.

ვიღაცას თუ „ლელო“ მოსწონს, მას არ მოსწონს მელია ან გვარამია. ამიტომ თუკი მათ ხაზარაძე და ჯაფარიძე შეუერთდებათ, მათზე გაბრაზებული ამომრჩეველი მხარს „ლელოსაც“ აღარ დაუჭერს. ეს უკვე ნაცადი და აპრობირებული და გაანალიზებული ამბავია“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, 2024 წელს როგორ დალაგდება პოლიტიკური მოზაიკა, რთული სათქმელია, რადგან მამრაძე ელის, რომ ძველ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არჩევნებამდე კიდევ იფეთქებს. ის არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიების გამო მიხეილ სააკაშვილსა და მერაბიშვილ-კეზერაშვილს შორის, დაპირისპირება გამწვავდეს.

„სააკაშვილი ვის მხარეს დაიკავებს გადამწყვეტი ეს იქნება. შესაბამისად, მოვლენების და სცენარის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებას ველი. მელია და გვარამია გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილი სადაც იქნება, იმ პარტიას ვერ ჩაძირავენ. პირიქით, მათთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა სათუო იქნება, თუ სააკაშვილი მათ დისკრედიტაციას დაიწყებს“,- ამბობს მამრაძე.

ლევკოთეა მელია ამომრჩეველთან შეხვედრებზე ივლის, გვარამია კი ტელესტუდიური მოხმარების ლიდერი იქნება პარტიაში. გვარამიას ამომრჩეველთან არ მიესვლება. წესით, არც მელიას მიესვლება, მაგრამ უფრო ამტანია და რომ წაუთაქებენ, ნაკლებად ეტკინება. გვარამია კი უფრო ნაზია და სწყინს, როცა შეურაცხყოფას აყენებენ.
1 თვის უკან