„თან გვეუბნებიან პოლარიზაცია დაასრულეთო და თან პრეზიდენტს აწვებიან, სააკაშვილი გაათავისუფლოს, წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე“

„თან გვეუბნებიან პოლარიზაცია დაასრულეთო და თან პრეზიდენტს აწვებიან, სააკაშვილი გაათავისუფლოს, წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე“

იმყოფება თუ არა სალომე ზუაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ზღვარზე - მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს ევროპარალამენტში ნიადაგს უმზადებენ იმისთვის, რათა სააკაშვილის შეწყალება გაუადვილდეს.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კონსტიტუციის დარღვევით პრეზიდენტი ვოიაჟს აგრძელებს, რათა ლობისტურმა ჯგუფებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვონ. მათი აზრით, ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მოკავშირე იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების, როგორც ბიზნესის ტერორის და სახელმწიფოს ტერიტორიების დაკარგვის, ასევე ახალგაზრდების ჩაცხრილვის.

საქმე ეხება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დადგა დრო, ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს: „ჩვენი კითხვაა, იზიარებენ საერთო ღირებულებებს თუ ექვემდებარებიან ვიწრო ინტერესებს?“

პრეზიდენტის შერბილებული ტონი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ოპოზიიცის ნაწილში აჩენს მოლოდინს, რომ ზურაბიშვილი ეძებს ნიადაგს, რათა სააკაშვილი შეიწყალოს.

საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე დასმული კითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეპუტაციულად, ჯობდა სააკაშვილი ციხეში არ ყოფილიყო, მაგალითად, უკრაინაში დაეშვათ მისი ექსტრადაციის ნება, როგორც ამას უკრაინა ითხოვდა.

საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც, რაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე არასოდეს საუბრობს და ისიც აღნიშნა, რომ შეწყალება მისი პასუხისმგებლობაა და „მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ მიიჩნევენ, რომ არჩევნების წინ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა უკრაინის მოქალაქემ, ამაზე აღარ ამახვილებენ ყურადღებას.

„მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტ სააკაშვილი და მიეცეს შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“ - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარ ლევან ხაბეიშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით: „ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით“.

„საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ“, – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი შეწყალებას აპირებს და მძევალია მანამდე გაკეთებული აბსოლუტურად მართებული განცხადების. ახლა, როცა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს პოზიცია, მყარი დასაყრდენი სჭირდება. ეს ძალიან ცუდად ჩანს, გაშიფრულია და უმჯობესია, ამ გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავენ. რამდენიმე ევროპარლამენტარია, რომლებიც საქართველოში ოდიოზურად გამოიყურებიან. საბედნიეროდ, ეს არ ვრცელდება ყველაზე და უმრავლესობაზე. თავიანთი მოტივაცია აქვთ მათ, ვისთვისაც სააკაშვილის გულშემატკივრობა და მასთან მეგობრობა უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ქართველი ერი“, - ამბობს სარჯველაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროებით ციხიდან გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილს „გლობალური ომის“ პარტიის წარმომადგენლები ეხმარებიან. თუმცა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით, პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კარიერას საბოლოოდ ლურსმანს დააჭედებს.

„თუ ზურაბიშვილი ასეთი არაადეკვატურია და დამოკიდებულია საგარეო აქტორებზე, ეს მისი გადასაწყვეტია. უბრალოდ, იმედია ათვიცნობიერებს იმ რისკებს, რაც მის ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს. მან კარგად უნდა გაიზაროს, რომ ამით პოლიტიკურად და მორალურად ქართველი ხალხის თვალში განულდება. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ის დე ფაქტო პრეზიდენტია, არამედ იმას, რომ ის არაფრით ახლოს ქართველობასთან და ამ ქვეყნის სიყვარულთან არ არის. საკუთარი ნებით ზურაბიშვილი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. მტერსაც კი არ ვუსურვებ მის სიტუაციაში ყოფნას. ის ყოველდღიურად ისეთი პარაზიტი ხდება ქვეყნისთვის, რომ შეუძლებელია ამ ქალბატონმა სახელმწიფოს და ხალხს რამე არ ავნოს. ის უკვე საშიში ხდება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ევროპელები მოგვიწოდებენ, რომ ქვეყნაში დეპოლარიზაცია მოხდეს, ამის პარალლეურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აბაშიძე ამბობს, რომ როგორც კი მისი თუნდაც დროებით ციხიდან გამოშვება მოხდება, ქვეყანაში პროცესები გახდება რადიკალური და სააკაშვილს აქვს ის რესურსი, რომ სიტუაცია დაძაბოს.

„საქართველოში პოლიტიკური პროცესების გასამწვავებლად ცეცხლზე ნავთს ასხამენ. მათი ორმაგი სტანდარტი და თამაში უკვე ძალიან ხილულია. თან გვეუბნებიან ქვეყანაში პოლარიზაცია დაასრულეთო და თან პრეზიდენტს აწვებიან, სააკაშვილი გაათავისუფლოს. წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე, რა დამოკიდებულება არსებობს ხალხში სააკაშვილის მიმართ. ვერ თვლიან, არ ვიცი ამას აკეთებენ სპეციალურად თუ ასე აწყობთ, სააკაშვილის, თუნდაც, დროებით, გარეთ გამოსვლა, ქართულ საზოგადოებას ერთმანეთს დააპირისპირებს.

ის ვინც მერყევია და „ოცნებას“ ჯერ მხარს არ უჭერს, როგორც კი სააკაშვილს გარეთ დაინახავს, მაშინვე მხარს მმართველ გუნდს დაუჭერს, ისევე, როგორც ეს ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის დღეს მოხდა. ადგილი აქვს პოლიტიკურ ბეცობას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამწვავების მიზანმიმართულ ქმედებას. თუმცა ეს პროცესები წარმატებით ვერ დასრულდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოში მუდმივი დესტაბილიზაცია და დაპირისპირება იყოს“, - ამბობს აბაშიძე.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ფოტიგას მიერ ჩასწორებული რეზოლუცია იმის ნათელი მაგალითია, რომ ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ძალიან დავალებულები არიან. გვენეტაძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ სააკაშვილი პრიქით, ამ დაწოლას ევროპარლამენტარებზე ახდენს, რადგან პირი თუ მოაღო, მათ ძვირად დაუჯდებათ.

„როგორ შეიძლება მთელი ევროპა ფოტიგა, კუბილიუსი და კრამონი იყოს. ევროპაშიც არიან ჯანსაღი ძალები და დიდი იმედი მაქვს, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიწმინდება ამ ხალხისგან. ეს ადამიანები არიან ზუსტად, რომლებიც ქართველებს, სააკაშვილის გამოშვების და დაცვის გამო, ევროკავშირს აძულებენ. თეთრზე საუბრობენ, რომ შავია და ქართველმა ხალხმა დიდი ხანია უკვე გაარჩია ვინ რა ფერის არის და სიმართლე სადაა. სად იყო ეს ხალხი მაშინ, როცა სააკაშვილი ქართველ ხალხს აწამებდა და ტერორში ჰყავდა?! ეთანხმება კი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მის შეწყალებას?

სალომე ზურაბიშვილს დავალება აქვს მიცემული, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, თუმცა ძალიან უნიჭოდ აკეთებს. უფორ მეტიც, მას სამშობლოს განცდა არ აქვს. ახლა ცდილობენ, როგორმე მოულამაზონ ველი და ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება გაუმარტივონ. წარმოდგენა არ აქვთ, ამან მოსახლეობაში რა რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს. ეს იქნება ზურაბიშვილის დასასრული, როგორც პოლიტიკოსის და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის. ზურაბიშვილი ქართული სახელმწიფოს სხეულზე ზედმეტი წარმონაქმნი გახდა. ამიტომ ეს მარაზმი უნდა დასრულდეს. მას საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი და ის არის ქართული სახელმწმიფოს სირცხვილი“,-ამბობს გვენეტაძე.

quji გასაგებია, რომ სააკაშვილის ხროვა აქედან და იქიდან ყველაფერს აკეთებს მის დასახსნელად, მაგრამ ვერ გავიგე, პასუხის გამცემი არავინაა, რომ სიმართლე მიიტანოს იმ ევროპარლამენტში? ჩვენ რომ გვიხსნით ასე და ისეო, ვიცით,ბატონო, ვიცით. სადაც საჭიროა, იქ მიაწვდინეთ ხმა
2 თვის უკან