ამერიკის ინტერესები უკრაინიდან ინდოეთი - წყნარი ოკეანის აუზში ინაცვლებს - სამიზნე ჩინეთი ხდება?

ამერიკის ინტერესები უკრაინიდან ინდოეთი - წყნარი ოკეანის აუზში ინაცვლებს - სამიზნე ჩინეთი ხდება?

რუსეთ-უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა სირიის 141 მოქალაქის სახელები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში საომრად დაიქირავა. მებრძოლებს სირიაში, ალეპოს მახლობლად ერთ-ერთ ბაზაზე ამზადებენ. მომზადების დასრულების შემდეგ სირიელ მებრძოლებს ჰმეიმიმის ავიაბაზაზე, იქიდან კი რუსეთში გადაიყვანენ. რუსეთში ჩასულ სირიელებს რამდენიმე დღეში რუსულ პასპორტებს აძლევენ, შემდეგ კი ფრონტზე აგზავნიან.

როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის და ის უფრო სასტიკ ფორმას იღებს, ვიდრე აქამდე. დახმარების გარეშე დარჩელი უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა, რაც მტრის გამოფიტვას ისახავს მიზნად. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ომის სწრაფად დასრულების პერსპექტივა დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის დონესა და უკრაინელთა მოქმედებების ეფექტურობაზე.

უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფოს გადარჩენისთვის მეტ შეიარაღებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. პარალელურად, „როიტერი“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს კონფლიქტის გაყინვა იმ საზღვრების ფარგლებში შესთავაზა, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული და არ სურდა რაიმე ტერიტორიის დათმობა. „როიტერის“ ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ ეს საუკეთესო გზა არის მშვიდობის დასამყარებლად.

ინფორმაციას, რომელიც „როიტერმა“ გაავრცელა, უარყოფენ როგორც კრემლში, ასევე თეთრ სახლში. თუმცა, „განახლების, დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის“ თავმჯდომარე გარი კასპაროვი აცხადებს, რომ ამერიკელები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას იარაღს, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა როგორც მინიმუმ, რუსეთის არმიის მომარაგება. მისი თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა აიღო ვალდებულება ნარიშკინის წინაშე, იმის შესახებ, რომ ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული ყირიმის ხიდის შეტევისთვის.

როგორც კასპაროვი აცხადებს, ერთი მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათ ეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინულმა გამარჯვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გეოპოლიტიკური შედეგი, რომელსაც ისინი თავს ვერ გაართმევენ და ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პუტინის არმიის განადგურება, რომელიც, ალბათ, გამოიწვევს რუსეთში რეჟიმის შეცვლას, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემაა.

„გრძელდება მოლაპარაკებები, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა ბაიდენის ადმინისტრაციას, კონკრეტულად კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ბერნსს, ეროვნული უშიშროების წარმომადგენელ სალივანსა და პუტინის ემისრებს შორის. საუბარია უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი.

ამ პირობებში კონგრესისთვის გასაგებია, რომ იარაღის მიწოდება იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელია, ეწინააღმდეგება ამ მიზანს, როგორც კი ვიწყებთ იმის გააზრებას, რომ ბაიდენის მიზანი არასოდეს ყოფილა უკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდება გასამარჯვებლად, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება არ ეწერება ამ ადმინისტრაციის გეოპოლიტიკურ გეგმებში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - აცხადებს გარი კასპაროვი და დასძენს, რომ ვაშინგტონი მსოფლიოს განხილვას აგრძელებს ე.წ. კისინჯერის სამკუთხედით - მოსკოვი-ვაშინგტონი-პეკინი, რაც ნიშნავს, რომ ამერიკას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე მთავარი მტრის წინააღმდეგ, რომლის როლსაც დღეს ჩინეთი ასრულებს. შესაბამისად, პუტინის რეჟიმის პოტენციური კრახი და ქვეყნის განადგურება გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლილების საწინდარი იქნება.

პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარის თამარ კიკნაძის განცხადებით, დღეს მოვლენები ისე განვითარდა, რომ უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს და ეს არის ობექტური რეალობა. გარდა ამისა, კიკნაძის შეფასებით, ამერიკას არ აწყობს რუსეთის ბოლომდე დამარცხება, იმიტომ, რომ ეს შეცვლის გეოპოლიტიკურ ბალანსს.

„ძალიან აწყობს ამერიკას, რომ სულ იყოს ეს უკრაინა პრობლემის შემქმნელად. ეს არის ამერიკული წარმატებული პოლიტიკა - ფაქტობრივად, ძმები ერთმანეთს დააპირისპირო. ანგლოსაქსური პოლიტიკის შედეგია, როდესაც სხვისი ხელებით ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ. ახლა, ამ მდგომარეობაში ომის გაყინვა არ აწყობს რუსეთს. წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობაში რომ გაიყინოს ომი, უკრაინა ყოველთვის იქნება მათთვის თავის სატკივარი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ომის გაყინვა აწყობთ ამერიკელებს. იცით, რომ რუსებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ბოლომდე გავლენ. იციან, რომ ომის ამ ვითარებაში შეჩერება, ეს მუდმივად იქნება რუსეთის გამაღიზიანებელი ფაქტორი“, - აცხადებს კიკნაძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იწყება ახალი სახის ფორსირება, მაგრამ თვლის, რომ ზოგადად, ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ფირსირების პროცესი, რომლიც ასე მალე არ სრულდება.

„აქ ძალიან ბევრი თანმდევი პროცესა. ფაქტია, რომ ამერიკა მიდის ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მისი ინტერესები ინაცვლებს ინდოეთი წყნარი ოკეანის აუზში. ამიტომ, ალბათ, უნდა ველოდოთ ჩინეთთან დაპირისპირებას და არ არის გამორიცხული, შეიცვალოს ვითარება, იგივე კისინჯერის სამკუთხედის ბალანსი - როდესაც ამერიკა არ შეიძლება ერთად დაუპირისპირდეს ჩინეთს და რუსეთსაც. ვთვლი, რომ ეს ტაკერ კარლსონის ინტერვიუც არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

გარი კასპაროვის შეხედულებებს როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაზე არ იზიარებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, რომლის შეფასებით, რუსეთს ნამდვილად აქვს კონფლიქტის გაყინვის სურვილი და ამაზე მინიშნება რამდენჯერ გუკეთებიათ, მაგრამ ყველა ჯერზე ცივი უარი მიიღეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ესმის კონფლიქტის გაყინვა, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი პრობლემის წარმოშობას, ვიდრე დღეს გვაქვს. თავის დროზე რომ კონფლიქტების გადაწყვეტა ყოფილიყო პრიორიტეტი და არა გაყინვა, არ მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ. გაყინული კონფლიქტები ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი, რომელიც ძალია ცუდად გვიბრუნდება და ამის ძალიან სამწუხარო გამოცდილება საქართველოსაც აქვს და კარგი იქნებოდა, რომ რუსეთის აგრესიისთვის თავის დროზე მიექციათ ყურადღება ჩვენს პარტნიორებს.

ამიტომ, დღეს ამ მომცემულობაში და ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს იმ წყაროებზე დაყრდნობით, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, იქნება ევროკავშირის, ნატოს თუ კონკრეტულად აშშ, ამ თემაზე სერიოზული განხილვა ნამდვილად არ მიმდინარეობს. როგორ უნდა გადაწყდეს ეს სხვა თემაა და ამ ყველა შესაძლო სცენარებზე მიდის მუშაობა. მაგრამ ყველას ესმის, რომ კონფლიქტის გაყინვა ეს არის მხოოლოდ და მხოლოდ დროის მიცემა პუტინისთვის, უფრო მეტად აგრესული კამპანიის წამოწყებისათვის, რაც უფრო მეტი საფრთხე იქნება მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ ფიქრობს, რომ დღევანდელი ამერიკის ინტერსში იყოს უკრაინას არ მოაგებინოს ომი რუსეთთან. მისი თქმით, ამერიკის ინტერესშია თუ უკრაინას შეუძლია, ბოლომდე გავიდეს სახელმწიფო საზღვარზე, დაიკავოს ყირიმი და დონბასი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომ გაყინოს სიტუაცია და აქციოს ქართულ ვარიანტად, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ამერიკა დიდი სიამოვნებით დათანხმდება და გახდება გარანტორი უკრაინის რუსეთთან თანამშრომლობის ნაწილში.

„მაგრამ, არ მგონია, რომ ამერიკა კარნახობდეს უკრაინას თავის პირობებს, ეჭვი მეპარება. რა არის უკრაინის მთავარი ამოცანა - ჩამოყალიბდეს და ბოლომდე იბრძოლოს, რომ გავიდეს სახელმწიფო საზღვრამდე, თუ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება რათა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. პუტინის ბოლო ინტერვიუში ჩანს, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი გაჩერებულიყო იქ, სადაც არიან. უკრაინელებზეა დამოკიდებული, გავიდნენ ბოლომდე და ისევ ჩადონ მიწაში თავიანთი პატრიოტი ბიჭები, თუ გაჩერდნენ და დაიწყონ მოლაპარაკება.

ყველაფერი უკრაინელების პრინციპზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ამერიკელები აქ უძლურები არიან. ევროპაში და აშშ-ში არ ესმით რატომ უნდა ეწირებოდეს მიწას ადამიანები. მიწა არაა იმდენად ღირებული, რომ ამას ბევრი ადამიანი შესწირონ. ამიტომაც არის, რომ ბევრს, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში არ ესმით ჩვენი და უკრაინელების - მიწის გამო რატომ მიდიხართ ასეთ მსხვერპლზეო? მათი პოზიცია არის ასეთი - თუ მიდიხართ, ეს თქვენი საქმეა და არა ჩვენი, ბოდიში, რომ ეს კითხვა დავსვით. ასეთი დამოკიდებულებაა ევროპაში და ამერიკაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.