19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც არ არსებობს

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც არ არსებობს

მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება. არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯთან. შესაბამისად, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და საქართველოს პრეზიდენტს კანონპროექტმა მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ასეთი განცხადებები სასაცილო და უპასუხისმგებლობაა. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც ახლა ითხოვს, რომ კანდიდატის შერჩევის კომისია კვლავ დაბრუნდეს პრეზიდენტთან, თავად გამოუცხადა ბოიკოტი, როდესაც ეს კომისია პრეზიდენტთან იყო. სასაცილოა, ახლა რომ ითხოვენ პრეზიდენტთან დაბრუნებას. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს - მათი მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობა ან ცესკოს დაკომპლექტება, არამედ პირიქით - ეს ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს და 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სრული ვადით არჩეულები. ეს მიზანი აქვს ოპოზიციას და რამდენიმე „ენჯეოს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას არც ერთი საკუთარი მოსაზრება ან არგუმენტი არ აქვს მოტანილი ძველი წესის აღდგენასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ რამეს - 19 აპრილის შეთანხმებას და ყოველ ჯერზე მიუთითებს, რომ თუკი რაღაც წესზე შეთანხმება იქნება მიღწეული, ასეთ შემთხვევაში კარგია, თუ მხარეები შეთანხმებულ წესს გააკეთებენ. თუმცა, როგორც პაპაუაშვილი აცხადებს, 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, ის ანულირებულია. შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც არ არსებობს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულყოფილად იქნება შესრულებული.

„ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულყოფილად იქნება შესრულებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომლის თანათავმჯდომარეები ქართული მხარიდან იქნებიან პრემიერ-მინისტრი და ევროპული მხარიდან - უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ვარჰეი. ასე რომ, საუბარი გრძელდება და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია სათანადოდ იქნება შესრულებული, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესებს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მაშ ასე, ბრიუსლეში საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით: „კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“.

დიდი ალბათობით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის განცხადებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ - არაპროფესიონალური და აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი ისეთი გარემოება, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე მიუთითებდა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის შესაფასებელი კანონი ამ ნაწილში ვერ იქნება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მისი აღსრულების ნაწილზე, ზოგადად, საარჩევნო პროცესთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, „გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში რაც ამოვიკითხეთ, ფაქტად და მოცემულობად წარმოჩენა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს და თითქოს, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღებაში ეს კვლავ გაგრძელდება, ეს არის, როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალური, აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასება, იმიტომ, რომ დღემდე არ არსებობს არც ერთი ისეთი გარემოება, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ის, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ, ამას ჩვენ მესამე მოსმენის შემდეგ ვნახავთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ არსებული დაკომპელექტების წესი არის სერიოზული პრობლემა, რომელიც არ ტოვებს იმის განცდას, რომ საარჩევნო ადმისტრაცია დაკომპლექტებულია ისე, რომ მაღალი სანდოობა ჰქონდეს. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც იქნა განხორციელებული, ნდობას კი არ აუმჯიბესებს, არამედ კიდევ უფრო აუარესებს.

„შარლ მიშელთან შეთანხმების დროს რა მომენტებიც დათმეს და რომ ჩამოჰყვეთ ყველა იმ ცვლილებას, ახლა აუქმებენ. ბოლო იყო მოადგილის თემა, რომელსაც ასევე აუქმებენ. პრაქტიკულად, პატარა პროგრესი რომელიც იყო, ამ ყველაფერს ახლა აბრუნებენ და უკუსვლას აძლევენ. ბუნებრივია, ჯერ ისედაც დიდი ნდობით არ გამოირჩევა საარჩევნო ადმინისტრაცია, სრულად დაკომპლექტებულია ხელისუფლების მიერ და კიდევ ასეთი ნაბიჯები, ამას კიდევ აუარესებს და არჩევნების ლეგიტიმაციის კუთხით კიდევ უფრო ცუდი შედეგი დადგება“, - აცხადებს ხარატიშვილი.

თუმცა, მისი თქმით, მეორეა არსებული პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას ეს თემა უკვე აღარ აღელვებს და არ აინტერესებს, ვინ რას იტყვის.

„ხელისუფლება თვლის, რომ უკრაინის ომის ფონზე, დიდ პრობლემას აღარ შექმნის ამ ყველაფრის ისევ უკან დაბრუნება და ისევ გაფუჭება. ამ განწყობით თუ რამე მცირე დისკომფორტია, ისევ უკან აბრუნებენ და კომფორტულად იწყობენ. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არჩევნები თავის თავზე მოირგონ და ის შედეგი დადონ, რაც მათ პოლიტიკურ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ხარატიშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, 1995 წლიდან მოყოლებული, არჩვენები ჩვენს ქვეყნაში მუდმივად არის პრობლემა, რადგან მუდმივად ყალბდება. ზოგჯერ გადაჭარბებულად, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ სუფთა არჩევნები, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა. შესაბამისადაც მუდმივად დგას არჩევნების სამართლიანობის, ლეგიტიმურობის და კანონიერების საკითხი.

„ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ საარჩვენო კომისიაზე ჰქონოდა სრული გავლენა და კონტროლი. ამას ხან პროფესიონალური შემადგენლობით ნიღბავდნენ, ხან იმით, რომ პასუხისმგებლობა აქვთ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ არ შეიძლება არჩევნები მუდმივად იყოს პოლიტიკური შეტაკების, თუ უთანხმეობის საგანი და ა.შ. დღეს, ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე ჩვენ გვაქვს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არ აქვს არც ერთ ევროპულ ქვეყანას. ანუ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება. გასაგებია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერჯერობით არ ვართ ეს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტი არის ის, როგორი ცესკო გვექნება, თუ ის, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი შეთანხმდეს იმაზე, რომ ცესკო იქნება ობიექტური. ანუ, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეს და სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, დღევანდელი საარჩევნო კოდესი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც თანხმდებიან, რადგან ცესკოს მოადგილე არის ოპოზიციის მხრიდან, ასევე გადანაწილებულია კვოტები და რაც მთავარია, არ ინიშნებოდა ცესკოს თავმჯდომარე, რადგან 2/3 მხარდაჭერა არ ჰქონდა, ინიშნებოდა 6 თვით“.

„დღეს, „ქართული ოცნება“ ცდოლობს, რომ ეს ყველაფერი მოშალოს და იმის თქმით, რომ ევროპულ საარჩევნო კანონმდებლობას ღებულობს, ფაქტობრივად, გახადოს ერთპარტიულობაზე დამოკიდებული საარჩევნო სისტემა და კომისია, რაც აჩენს კითხვებს და ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააყალბოს არჩევნები და ამიტომ მისი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვოს ცესკოზე. ანუ, ამთავითვე ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აჩენს კითხვის ნიშნებს და ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობას.

ღირს კი კანონში ამ ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდეს? აი, ეს თემა არის განსახილველიც და გადასაწყვეტი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ ეს საკითხი არის გადასაწყვეტი, მიიღებს. მაგრამ უნდა იცოდეს, რომ სანდოობა ცესკოს მიმართ იქნება მინიმალური როგორც პარტნიორების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ასეთ ვითრებაში როგორ აპირებენ გააგრძელონ პროცესი, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.