„ლელო“ ცდილობს, მოსახლეობაში გააჩინოს განცდა, თითქოს ივანიშვილის გასტუმრება იოლად შეიძლება და დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს“

„ლელო“ ცდილობს, მოსახლეობაში გააჩინოს განცდა, თითქოს ივანიშვილის გასტუმრება იოლად შეიძლება და დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს“

სოციალურ ქსელში „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ ბანერს „ქართული ოცნების“ ლიდერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხაზარაძემ ბანერი 4 თებერვალს გამოაქვეყნა წარწერით, „39 კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.“ თუმცა, როგორ აპირებს ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაშვებას უცნობია, რადგან ხაზარაძე პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობს და ოპონენტებს კრიტიკის საფუძველს აძლევს. „ლელოს“ ამ კამპანიას ექსპერტთა ნაწილი პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს, ხოლო მეორე ნაწილი - უშედეგოს.

ქართველი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ბანერების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რაც წარმოადგენს მცდელობას, საზოგადოებას აჩვენოს თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაშვება მარტივია. მისი შეფასებით, „ლელო“ შესაძლოა, ელოდებოდეს დასავლეთის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას, რასაც ზაქარეიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ არ ელოდება.

„ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რაც პიარის ნაწილი და ერთგვარი პროპაგანდისტული ნაბიჯია. ეს არის მათი ერთგვარი ლოზუნგი, რომ მოსახლეობაში გააჩინოს განცდა, თითქოს ივანიშვილის გასტუმრება იოლად შეიძლება, ხოლო განცდებზე მუშაობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამასთან, მათ შესაძლოა, ჰქონდეთ იმედი, რომ დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, რაც არ ჩანს, რომ ასე მოხდება. დასავლეთი ამის გამკეთებელი რომ იყოს, აქამდე გააკეთებდა. არჩევნების წინ არ მგონია, რომ დასავლეთი მსგავს ნაბიჯზე წავიდეს, რადგან ამით შესაძლოა, ხელი შეუწყოს პოლარიზაციას და დაძაბულობას საქართველოში და დაბრალდება დასავლეთს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის კრიტიკა, რაც ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მიიღო, იმ შეტევის გამოძახილია, რაც მანამდე „ლელოს“ ლიდერმა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ განახორციელა.

„შეტევაზე პირველად ვინ გადავიდა? – „ლელომ“ შეუტია. შეტევის დროს, პარტიები თავს ვალდებულად თვლიან, რომ უპასუხონ. თუ შეტევას პასუხი არ გასცა, გამოვა, რომ სწორია ის, ვინც უტევს ან იფიქრებენ, რომ ძალა არ აქვს იმას, ვისაც უტევენ, ანუ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არც სუსტის იმიჯი სჭირდება და არც ის იმიჯი, რასაც „ლელო“ აკეთებს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება კონკრეტული ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებას შედეგი არ ექნება:

„ამ გაერთიანებას რა პოლიტიკური შედეგი ექნება, გაუგებარია. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვებრძოლოთ „რუსულ პარტიას“ და იგივე გააკეთა ახლა „ლელომ“. თუ ამ ნიშნით გაერთიანდებიან, რომ „ქართული ოცნება“ რუსულია, მაშინ ამის არგუმენტიც უნდა თქვან. უნდა გაარკვიონ „რუსული ოცნების“ მთავრობის ბრალდების ხალხს სჯერა თუ არა?! დიდი ხანია ამ იარლიყს ოპოზიცია ჯიუტად აწებებს „ქართულ ოცნებას,“ ამ დროს რეიტინგებში და არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს მაინც. გამოდის, რომ ხალხში ამ ლოზუნგს შედეგი არ აქვს და ის დამაჯერებელი არაა“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ამ საკითხზე საპირისპირო აზრს აფიქსირებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, როგორც მესამე, ალტერნატიული ძალა ისე პოზიციონირებენ და მათი გაერთიანება საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ორივე პარტიისთვის.

„ლელოსა“ და გახარიას გაერთიანებაზე ხშირად იყო საუბარი, თუმცა ორივე მხარემ გამორიცხა ეს ნაბიჯი. ორივე პარტია აშკარად პოზიციონერებს, როგორც მესამე, ალტერნატიული ძალა. არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ - ამის ფონზე, ორი პოლიტიკური ლიდერი გამოიკვეთა: ეს არის გახარია, რომელიც უფრო მეტ ხმას აიღებს, მინიმუმ, 9%-ს და „ლელო“, რომელიც, ალბათ, 6%-ს აიღებს. სულ მცირე 40% არის ჩამოუყალიბებელი საქართველოში და არ იცის ვის აძლევს ხმას. სწორედ ეს მაჩვენებელი არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. თუ ოპოზიციური პარტიები შეძლებენ ამომრჩევლის მიყვანას, ეს სერიოზულად გაურთულებს „ქართულ ოცნებას“ მდგომარეობას. „ლელოს“ ამოცანაა იმუშაოს ამ 40%-ზე.

შანსები, რა თქმა უნდა, ბევრ პარტიას არ აქვს, მაგრამ ეს 40% ძალიან ყვირის თავისი პოტენციალით. საჭიროა საუბარი უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, სასამართლო და განათლების რეფორმებზე, პენსიებზე და ა.შ. მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ საუბრობს, მხოლოდ ლანძღავს „ქართულ ოცნებას“. მმართველი პოლიტიკური გუნდი რაღაცას მაინც აკეთებს: გზებს აგებს, ჯანდაცვაში რაღაცებს ცვლის და სხვა, ხოლო ოპოზიცია არაფერს სთავაზობს საზოგადოებას“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადებას და „ლელოს“ ლიდერს „არარაობა“ და „თაღლითობაში მხილებული“ ადამიანი უწოდა.

„მინდა ხაზარაძეს მივუბრუნდე და შეგახსენოთ, რომ მან ცნობილი პროექტი, რომელიც 2016 წელს მთავრობამ მიანდო, ანაკლიის პორტის პროექტი, ჩააგდო, ვერ განახორციელა. მთავრობა 5 თუ 6 წელი ელოდა და ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს და ედავება 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი - როდესაც იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია თუ როგორ ბედავს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას?! რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? ყველაფერი ნათელია ჩვენთვის. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მიერ აპრობირებული მეთოდი. მათი მიზანია ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ მათ მთავარი ავიწყდებათ - ჩვენი ხალხი ბრძენია და ვეღარ მოატყუებენ. ვერ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები და ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი „ლუზერები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.