„ბიძინა ივანიშვილს დაპირება აქვს შესასრულებელი და ვფიქრობ, ამისთვისაც მობრუნდა პოლიტიკაში - აღადგინოს სამართლიანობა“

„ბიძინა ივანიშვილს დაპირება აქვს შესასრულებელი და ვფიქრობ, ამისთვისაც მობრუნდა პოლიტიკაში - აღადგინოს სამართლიანობა“

რის გაკეთებას დაავალებს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ გრძელვადიან პერსპექტივაში გაუძლოს დროს და საკუთარ მომხრეებში იმედი არ ჩაკლას?!

ანალიტიკოსთა ნაწილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმიტომ შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მან ვერ შეუსრულა ხალხს მთავარი დანაპირები სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, რის გამოც საკუთარი მომხრების ნაწილი არჩევნებზეც აღარ მიდის. ამ დაპირების შეუსრულებლობა კი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და არა მის წარუმატებელ პრემიერებს. ამდენად, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ახლა მაინც ჩამოიღებს პროკურატურა თაროებზე შემოწყობილ საქმეებს, რომელთა უკანაც კონკრეტული ადამიანების, ოჯახების მიმართ ჩადენილი ნაცური დანაშაულები იკითხება.

„არც ერთი ნაცი არც ერთ სტრუქტურაში“, - ეს ირაკლი კობახიძის ადრინდელი ნათქვამია, რომელიც კობახიძეს პრემიერ-მინისტრად არჩევის დღესაც შეახსენეს.

„ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია დაინტერესდა, ირაკლი კობახიძე ამ პრინციპს ხომ არ გადაუხვევდა, რაზეც კობახიძისგან პასუხად მიიღო, რომ მისი განწყობა და მიდგომა ძალაში რჩება, თუმცა პარლამენტი იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას.

რა კურსს აიღებს პოლიტიკაში ახლადდაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ახალ პრემიერთან ერთად და ახლა მაინც თუ შეასრულებს პროკურატურა თავის ფუნქციას?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემობრუნებამ ძალიან დიდი იმედი მისცა. აშკარაა, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა იმ დაპირების შესრულებას ქართველი ხალხისთვის, რის გამოც მას ენდნენ 2012 წელს და მოიყვანეს ხელისუფლებაში. მართალია, ეს იყო გამწარებული ხალხი და ბიძინა ივანიშვილი კი არა, ეშმაკიც რომ მდგარიყო მეორე მხარეს, მიშას ძალაუფლებას და მიშას მმართველობას ყველაფერი ერჩივნათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საყოველთაო მხარდაჭერა იყო.

ნანა კაკაბაძის განმარტებით, შემთხვევით არ წამოსცდენიათ ნაცებს, ჩვენ გაყალბების სერიოზულ ბერკეტს ვფლობდით 2012 წელს და 60%-ზე მეტს აიღებდა „ქართული ოცნება“, ეს მექანიზმები რომ არ გვქონოდაო. ეს ნიშნავს, როგორ იწამა და ირწმუნა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა.

„ვფიქრობ, ეს ტანდემი - პრემიერი ირაკლი კობახიძე და ღია პოლიტიკაში შემოსული ბიძინა ივანიშვილი იმის გარანტი იქნება, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება. თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ჩვენ აქამდე მოვედით ისე, რომ არ დავქცეულვართ, ევროპა დაიქცა და, ღმერთმა დაგვიფაროს, უკრაინაში რაც ხდება, ეს საშინელებაა. ჩვენ გადავურჩით ომს, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი და ამაში 100% თუ არა, 99, 99% ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს დიდი დაპირება აქვს შესასრულებელი ქართველი ხალხისთვის და ის ამისთვისაც მობრუნდა, ასეთი მოლოდინი მაქვს, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს, უნდა ჩამოიღონ პროკურატურაში თაროებზე შემოდებული საქმეები, ყველა საქმე უნდა გამოიძიონ, რაშიც ხალხი თვლის, რომ დაზარალებული და გულნაკლულია სამართლიანობის კუთხით. ეს პროცესები ძალიან მალე უნდა დაიწყოს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ყველა დანაპირები ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს შეუსრულა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე განმარტებით, შავი პიარი მიდიოდა ივანიშვილის მიმართ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში, ბიძინაც ხედავდა ამას, მსოფლიო მნიშვნელობის ბანკებიც კი დაუპირისპირდნენ, გამოგონილი ტიტულები შეარქვეს, თითქოს ბიძინა ოლიგარქია და ვერ ხსნიდნენ, რატომ არ არის კეზერაშვილი ოლიგარქი. მთელი მსოფლიოს ლიბერალური ძალები დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილს, ამის მიუხედავად, მისი რეიტინგი არ დაცემულა და ქართველ ხალხს მისი იმედი არ დაუკარგავს. ახლაც ხალხს იმედი მიეცა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის გამო.

„თქვენ იცით, როგორი ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ხალხთან, მით უმეტეს, იმ ხალხთან, ვისთვისაც სამართლიანობა არ აღმდგარა, ყველა მათგანი, ერთის გამოუკლებლად, ამას მეკითხება, ქალბატონო ნანა, ბიძინა ივანიშვილი რომ მობრუნდა პოლიტიკაში, სამართლიანობას რამე ეშველება? ყველა დაზარალებულში ამის მოლოდინია. შავი პიარის ლავამ, რომელიც მიედინებოდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასავლეთიდან თუ ქვეყნის შიგნიდან ამ აგენტურის მეშვეობით, ეს იმედი ხალხში ვერ ჩაკლა და არ შეიძლება, ბიძინამ ეს საზოგადოებას არ დაუფასოს. დაფასება იქნება, თუკი სამართლიანობის აღდგენის პროცესს ბოლომდე მიიყვანს. თუკი ბიძინას გათვლილი აქვს გრძელვადიან მმართველობაზე თავისი გუნდის ყოფნა, „ქართული ოცნება“ იქნება, თუ სხვა რომელიმე გუნდი, მან სამართლიანობის დაპირება უნდა შეასრულოს. 2012 წლამდე როგორ მოვედით? პირადად მე შემიძლია ჩემი ერთადერთი შვილი დავიფიცო, მზად ვიყავი, სიცოცხლე დამეთმო, სიცოცხლე გამეწირა, სხვას ყველაფერს, მატერიალურს თავი დავანებოთ, ოღონდ სააკაშვილის საშინელი რეჟიმი მოშორებულიყო. თქვენ იცით, როგორი შეხება მქონდა ციხეებთან, პატიმრებთან, რას უშვებოდნენ დაზარალებულ ხალხს, ამის ყურება ჩემთვის საშინელება იყო. პირადად მე არ შემხებია რეჟიმის მხრიდან წამება, მაგრამ ჩემი საქმე პატიმრების ბედს უკავშირდებოდა და ეს ისეთი საზიზღარი ასატანი იყო, რომ გაძლება შეუძლებელი იყო, თან ვერაფერს ვშველოდით პატიმრებს. დღესაც „ქართული ოცნების“ მომხრეებში იმდენად დიდი ნიჰილიზმია სამართლიანობის აღდგენის დავიწყებული დაპირების გამო, რომ ისინი არჩევნებზეც აღარ მიდიან, რომ „ოცნებას“ დაუჭირონ მხარი. ხალხს გული გაუტყდა, ესეც ბიძინას ბრალდება, იმას კი არა, რომ რომელიღაც პრემიერმა არ ივარგა, გახარიამ არ ივარგა, კვირიკაშვილმა არ ივარგა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ ივარგა. ხალხი ფიქრობს, რომ ბიძინამ უღალატა და გადააგდო. ამიტომ ბიძინამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას და ქართველი ხალხის ნდობა ექნება ისევე, როგორც ეს 2012 წელს ჰქონდა, ხოლო მისი გუნდი გრძელვადიანად დარჩება ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ადასტურებს, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს და, სადაც ნაცები ხვდებიან, იმ სტრუქტურებში აგრძელებენ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა რამდენად შესაძლებელია ამ პრინციპის განხორციელება, რომ არც ერთი ნაცი არც ერთ სტრუქტურაში არ დარჩეს, ამის თქმა შეუძლებელია.

„დავუშვათ, მე გუშინ ვიყავი ნაცი, მივედი და ვთქვი, მე ახლა მჯერა ქოცების და გუშინდელი დღის გამო ვერ მეუბნებიან უარს. ასე მოხვდა „ქართული ოცნების“ სტრუქტურებში უამრავი ნაცი, მათ თქვეს, რომ გადახედეს თავიანთ პოზიციას და გაუმარჯოს „ქართულ ოცნებასო“. „ოცნებამაც“ მიიღო ისინი, მაგრამ მანდ სხვა საკითხი დგება - ყოფილი ნაცი არსებობს თუ არა. იმ სტრუქტურებში, სადაც ნაცები ხვდებიან, მერე აგრძელებენ შიგნიდან ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. ესაა პრობლემა, თორემ, თავისთავად, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნები, რა მნიშვნელობა აქვს. მარტის აქციების დროსაც სამინისტროებში მოკალათებულმა ნაცებმა ვერ დამალეს ნაცობა და გამოვიდნენ სიტუაციის ასამღვრევად. იმ მიტინგების შთაბეჭდილების ფონზე, ვფიქრობ, რომ ბევრი ნაცი ისევ გააქტიურდება ნებისმიერ დროს და ნაცებს დაუჭერს მხარს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსმა გაიხსენა, რომ თავის დროზე შევარდნაძემ გადადგა ნაბიჯი და ოპოზიციურ პარტიებს მისცა პორტფელები. „ტრადიციონალისტი“ თემურ ბასილია გახადა თავის მრჩევლად ეკონომიკის დარგში, ირინა სარიშვილი - ვიცე-პრემიერად, მაგრამ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რაიმე გზებით დაამხობდა შევარდნაძის ხელისუფლებას. რამაზ საყვარელიძე იმასაც იხსენებს, სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, ვახტანგ ხმალაძემ მაშინ თქვა, ეს სამწუხარო ფაქტია, ახლა ყველა ჩათვლის, რომ პრეზიდენტობა შეუძლიაო, რაც შევარდნაძის დროს ვერ წარმოედგინათ. „ვარდების რევოლუციამდე“ სულ სხვა ვითარება იყო, ადამიანები, შესულნი შევარდნაძის სტრუქტურებში, არც ფიქრობდნენ იმ სტრუქტურებისთვის ზიანის მიყენებას, შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ როლს პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ასეთი სურათი ნაცებთან მიმართებით დღეს არ გვაქვს, რადგან ნაცები ფიქრობენ, მათი პარტია უნდა გახდეს წამყვანი პარტია, მათ ეს დაიმსახურეს და ამით არაფერი გასაოცარი არ მოხდება.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის აზრით, ადამიანი როდესაც მიდის ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთისგან კონკრეტულ პრეფერენციებს ელოდება, ალბათ, რწმენასთან, ეკლესიურობასთან ნაკლები შემხებლობა აქვს. შეუძლებელია, არ გაუგო დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ელიან სამართლიანობის აღდგენას, რადგან სამართლიანობა მათი მისამართით ურმით გადაადგილდება, მაგრამ იმის თქმა, რომ, თუ ვერ მოასწრებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სამართლიანობის აღდგენას, მაშინ არჩევნებზე არ მივალ, ნიშნავს, რომ აქტიური თუ პასიური მოქმედებით, ეს ადამიანები კარს უღებენ ზუსტად იმ ძალას, რომელიც 9 წლის განმავლობაში მათ სისხლს წოვდა, ანგრევდა ბიზნესს, მათ ახლობლებს ფიზიკურად ანადგურებდა და აუპატიურებდა.

„ღმერთმა ქნას, ბიძინა ივანიშვილის მესამედ შემობრუნება პოლიტიკაში, მათ შორის, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ პროკურატურაში თაროზე შემოდებული მივიწყებული საქმეები გააცოცხლოს და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში რაღაც სასიკეთოდ შეცვალოს, მაგრამ მაინც ვურჩევდი ჩემს მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღ ნაწილს, მიუხედავად იმისა, ამ მიმართულებით როგორ წარიმართება საქმე, 26 ოქტომბერს გასაკეთებელი არჩევანი გააკეთონ მომავლის სასარგებლოდ და არა წარსულის მისამართით“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ცუგო- Ყველა დაწესებულებაში იციან ვინ არის ნაცი, როგორც კი სიტუაცია იძაბება და რუსთაველზე სიტუაცია რთულდება, თვალებანთებული და აღტკინებულები დადიან, ემოციურად იქცევიან და წამოცდენებიც ახასიათებთ... Მაგრამ შენ ვერ იმეტება... ისინი გაგიმეტებენ!
2 თვის უკან