მიხეილ სააკაშვილის „რევოლუციური ნირვანა“ - არის თუ არა ოპოზიციის გეგმა-B რევოლუცია?!

მიხეილ სააკაშვილის „რევოლუციური ნირვანა“ - არის თუ არა ოპოზიციის გეგმა-B რევოლუცია?!

სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავეყრდნობით, ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. ამის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი მაღალ პროცენტს აიღებს არჩევნებში. ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია დაახლოებით, 50%-ზე. ამის ფონზე, ოპოზიციის გარკვეული ლიდერები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მიუთითებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტთან შეხვედრებს მართავენ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ახლა კონკრეტულ საქმეზე გადასვლის დროა და „არა სალონური შეხვედრების“.

„არჩევნებამდე აღარაფერი დარჩა, პრაქტიკულად, კარს მოგვადგა. ამიტომ საქმეზე გადავიდეთ. რას ვაპირებთ - აპირებს ის პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას? აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? რომელ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთიანდება? აპირებს თუ არა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას იმისთვის, რომ კამპანიაში ჩართვა მესამე პრეზიდენტმაც შეძლოს? ამ საქმიან ამბებზე ვისაუბროთ - ყველას რომ ევროპაში გაწევრიანება გვინდა, ისედაც ვიცით, სალონური შეხვედრებისა და ჩაის დრო არ არის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამის ფონზე ისმის კითხვა, - იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური სპექტრი პარლამენტის გარეთ მოხვდება, რა ალტერნატიული გეგმა შეიძლება ჰქონდეს მას და რეალურად, აქვს თუ არა გეგმა-B? - ამის საკითხის შესახებ For.ge პოლიტიკური საკითხების ექსპერტებს გაესაუბრა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციას დღეს ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, ის ეცდება სხვა მეთოდებითა და ხერხებით მოხვდეს ქვეყნის სათავეში.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მიზნად დაისახა ხელისუფლებაში მოსვლა, აცნობიერებს, რომ მისი ელექტორალური მხარდაჭერა არ აძლევს ამის საშუალებას. უნდა ვივარაუდოთ, ისინი ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლის სხვა სცენარებზეც, რაც უკავშირდება ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გვერდის ავლით. ერთ-ერთი ასეთი არის იმ სცენარის გამეორება, რაც 2020 წელს იყო, როდესაც ისინი დიდხანს არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს, ამბობდნენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არ შედიოდნენ პარლამენტში, აწყოდნენ აქციებს და ა.შ.
თუკი მომდევნო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიები დარწმუნდნენ იმაში, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არარეალურია, იზრდება იმის ალბათობა, რომ სხვა მეთოდებს მიმართონ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე იწყება არჩევნების დისკრედიტაცია, ცესკოს მიმართ უნდობლობის დათესვა და კეთდება განცხადებები, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, - ამასთან მოწოდებები, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ხელისუფლებას მოსთხოვოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ა.შ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო ტურბულენტური გახდება და დაპირისპირება გამწვავდება“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეეცდება, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს, რადგან ოპოზიციის მიზანია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან როგორმე გაუშვას.

„მიხეილ სააკაშვილმა ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ შექმნილი პლატფორმა კაბინეტიდან ქუჩაში გადაიტანეთო, - ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ არის გამოსული რევოლუციური ნირვანიდან, რომელიც მას 2003 წლიდან მოჰყვება და მაინც ცდილობს, რომ პროცესები ქუჩაში გადაიტანოს და ქუჩის მეშვეობით მიაღწიოს მიზანს. იგივე გაიმეორა „ნაცმოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომ სალონური საუბრების და ჩაი სმის დრო არ არის და დროა, პროცესები ქუჩაში გადავიტანოთო. იგივე გამონათქვამები ისმის ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდანაც. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ განცხადებებია, მაგრამ თუ ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, არ არის გამორიცხული, შეთანხმდნენ კოორდინირებულ მოქმედებაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეცვალონ და თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მთავარი მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, როგორც ეს იყო 2003 წელს, როდესაც ისმოდა ლოზუნგი, „საქართველო შევარდნაძის გარეშე“.

დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია 2003 წლისგან, რაც მთავარია, არ არის რევოლუციური განწყობები. თუკი ოპოზიციამ გადაწყვიტა ძალისმიერ მეთოდზე გადასვლა, როგორც თქვენ ბრძანეთ, წინაამღდეგობა იქნება არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების, არამედ საზოგადოების მეორე ნაწილის, რომელსაც არ სურს ქვეყანაში კიდევ ერთხელ
მოხდეს გადატრიალება და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა. ასე რომ, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებაზე, რაც არჩევნების შედეგებს მოჰყვება. მისი შეფასებით, თუ ჩაითვლება, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ოპოზიციის და საზოგადოების პროტესტი მოჰყვება. როგორც ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ რევოლუცია არ მოხდება.

„მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. ოპოზიცია შესაძლოა, დამარცხდეს, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და არ გაყალბდა, მაშინ არაფერი მოხდება. თუმცა, თუ ოპოზიცია, საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ჩათვლიან, რომ არჩევნები იყო არასამართლიანი, არაგამჭირვალე და ა.შ. რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება. მნიშვნელოვანია, რა განცდა გაჩნდება არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში.

რევოლიცია ვერ განმეორდება. 2020 წელს არჩევნები ზომიერ ფარგლებში, გაყალბდა, ამიტომ ოპოზიციამ ვერ შეძლო მოსახლეობის სერიოზული მობილიზება, მაგრამ მაშინდელთან შედარებით დღეს ვითარება რთულია. დღეს ოპოზიციას გაორმაგებული მხარდაჭერა აქვს 2020 წელთან შედარებით. ამ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? - ბევრი სცენარი არსებობს, მაგრამ ყველაზე დამკვიდრებული სცენარი ბოლო ორი ხელისუფლების ცვლილებას თუ გავითვალისწინებთ, არის მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში შესაძლო მაღალ პროცენტულ მაჩვენებლს, ანალიტიკოსი თვლის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში 40%-ზე მეტზე ვერ აიღებს.

„ქართული ოცნების“ მაქსიმუმი, რაც შესაძლოა არჩევნებზე მიიღოს, არის 40%. დღეს ოპოზიცია არ არის ძალიან ძლიერი, თუმცა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა,“ საკმაოდ წარმატებით ფიგურირებს როგორც გახარია, ისე „ლელო“. საკმარისი ეს არ არის, მაგრამ თუ უფრო სერიოზულად მიუდგებიან არჩევნებს როგორც ერთი, ისე მეორე პარტია, შესაძლოა, წამყვანი ჯგუფები იყვნენ ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

გიორგი ბერძულიშვილი ძაბირაძის ვარაუდები და კაკულიას მკითხაობა არ გაიშვას. ანალიტიკოსი (იგულისხმება ვახტანგ ძაბირაძე) თვლის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში 40%-ზე მეტზე ვერ აიღებს. ძაბირაძე: „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი, რაც შესაძლოა არჩევნებზე მიიღოს, არის 40%. დღეს ოპოზიცია არ არის ძალიან ძლიერი“. თუ ამის მთქმელი ანალიტიკოსია და ეს გამოთქმა ლოგიკას შეიცავს, მაშინ ჩვენ ბოდიში. ე.ი. ოპოზიცია სუსტია, „ქართული ოცნება“ ძლიერი და სუსტებიი აიღებენ ჯამურად 60%-ს და ძლიერი „ოცნება“ 40%-ს? ლოგიკაა ალოგიკური, თუ ამის მთქმელი? ე.ი. გამოდის რომ, „ოცება“ არჩევნებს გააყალბებს ოპოზიციის სასარგებლოდ? რა გამახსენდა იცით, ერთხელ სტალინი სინოპტიკოსებს შეხვდრია. შეხვედრაზე სტალინმა იკითხა: რამდენი პროცენტით მართლდება თქვენი ვარაუდებიო. სამწუხაროდ 40%-ით იოსებ ბესარიონოვიჩ, იყო პასუხი. სტალინს გაუცინია და უთქვამს, მერე თქვენც პირიქით თქვით და 60% სიმართლე გამოგივათო. შებრუნებითაა ეგ ძაბირაძე, შებრუნებით.
2 თვის უკან
Gami სირცხვილია ამ გაწყალებულტვინიანი ძაბირაძის ბოდვების ბეჭდვა! ტიპაჟი სრულ მარაზმშია!
2 თვის უკან
ლევკოთეა ძაბირაძის ,,ლოგიკურ მსჯელობებზე" კომენტარს აღარ გავაკეთებ აწი. :) ტიპი უიმედოა და ადამიანურად უნდა გავუგოთ.
2020 წლის არჩევნები კი, ,,ზომიერად გაყალბდა" კი არა, ღრმად მჯერა, გაყალბდა იმით, რომ ოცნებამ ნაცებს პროცენტები მოუმატა, რომ ძალიან არ ეჭყიპინათ არჩევნების მერე. თან, მარგინალი ნაცები შეენარჩუნებინათ მთავარ ოპონენტად.
იგივეს გააკეთებენ ამჯერადაც.
ინაშვილსაც მიჰკრეს მაშინ მსუბუქი პანღური, პარლამენტში რომ შეეგდოთ რამენაირად.
2 თვის უკან