როგორ დასრულდება „ქართული ოცნების“ და „მდიდარი ენჯეოების“ ომი?

როგორ დასრულდება „ქართული ოცნების“ და „მდიდარი ენჯეოების“ ომი?

კარგა ხანია რაც „ქართულ ოცნებასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენიან სეგმენტს შორის დაპირისპირება ახალ და უფრო მწვავე ფაზაში გადადის. ახლახანს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავის საჯარო წერილში, კიდევ ერთხელ მძაფრად გააკრიტიკა ე.წ. „მდიდარი“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები („ენჯეოები“) და მათი სიმდიდრის უზრუნველმყოფი საერთაშორისო დონორები, რომლებიც არ იღებენ პასუხისმგებლობას ამ „ენჯეოების“ ქმედებებზე.

„ქართულ ოცნებასა“ და „მდიდარი ენჯეოების“ პირველი სერიოზული ჯახი 2014 წელს მოხდა. მაშინ ამ ენჯეოებმა ხელისუფლებაზე იერიში „ეს შენ გეხება“ - მასშტაბური კამპანიით მიიტანეს, რომელიც უხვად ფინანსდებოდა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო დონორების მიერ. ენჯეოები კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამორთმეოდა და მობილურ ოპერატორებს გადასცემოდა, რაც ფაქტობრივად, უსაფრთხოების სამსახურის განიარაღების ტოლფასი იყო.

უშედეგოდ დასრულდა „ქართული ოცნების“ მცდელობები „ურთიერთობები დაელაგებინა“ არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის რამდენიმე ცნობადი ენჯეო-ლიდერის მაღალ თანამდებობებზე გამწესებით, რაც პროგნოზირებადი იყო.

„ქართული ოცნებისა“ და „მდიდარი ენჯეოების“ ომი ღია ფაზაში 2022 წლის 20 ივნისს გადაიზარდა, როდესაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ვერმიღების გამო, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, დაგეგმეს არჩეული მთავრობის „ტექნიკური მთავრობით“ ჩანაცვლება, სადაც თავადაც იქნებოდნენ წარმოდგენილი. სხვათა შორის, ამ მასშტაბური აქციების დამფინანსებელთა ვინაობა დღემდე უცნობია.

ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების და ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და „მდიდარი ენჯეობის“ ომის პოლიტიკური კონტურები. საკმარისია გავიხსენოთ ამ ენჯეოების წარმომადგენელთა სტატიები, რომლებითაც პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. „მდიდარი ენჯეოების“ რამდენიმე წარმომადგენელი ევროპაში თუ ამერიკაში პრეს-კონფერენციებს აწყობდა, რომლებზედაც გამხდარი სააკაშვილის ფოტოებს აფრიალებდა, რომ იქაური აუდიტორია დაერწმუნებინა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ექს-პრეზიდენტს აწამებდა.

პროდუქტიული დიალოგი ხელისუფლებასა და „მდიდარ ენჯეოებს“ შორის მხოლოდ იმიტომ კი არ გამოდის, რომ რიგ საკითხებზე დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მთავარი მიზეზი ის ფასეულობითი და მსოფლმხედველური ნაპრალია, რაც არსებობს ერთი მხრივ „მდიდარ ენჯეობს“ მათ პასიონარულ მომხრეებსა და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებასა“ და მის მხარდამჭერ საზოგადოებას შორის. ზოგადად, „მდიდარ ენჯეოებს“ ფასეულობათა კონფლიქტი აქვთ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობასთანაც.

სხვათა შორის, ეს კარგად აჩვენა სამების ეკლესიაში ჩადენილი ვანდალიზმის გამო სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის დაპატიმრებაზე წამყვანი „ენჯეოების“ და დანარჩენი საზოგადოების რეაქციებმაც. თუკი საზოგადოების უმრავლესობისათვის ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელი ქმედებაა, არასამთავრობო სექტორისათვის ეს, როგორც თავად ამბობენ, „არაძალადობრივი სამოქალაქო აქტივიზმის“ გამოვლინებაა და შესაბამისად სრულიად მისაღები.

„მდიდარი ენჯეობი,“ რომლებიც უკვე კარგა ხანია თავს საზოგადოების პრივილეგირებულ კასტად მიიჩნევენ, საკუთარ მოსაზრებებსაც უმაღლეს ჭეშმარიტებად თვლიან, ხოლო თუ ვინმე ამ მოსაზრებებს/რეკომენდაციებს არ იზიარებს, მათ ანტი-ევროპულ და რეტროგრადულ ძალებად აცხადებენ, თანამშრომლობას წყვეტენ და აგრესიული „ბულინგის“ ობიექტად აქცევენ.

„ქართული ოცნებისა“ და „მდიდარი ენჯეოების“ დიალოგს ხელს ნამდვილად არ უწყობს აღნიშნული ენჯეოების პერმანენტული მცდელობა დასავლურ წრეებში შექმნან აღქმები, საქართველოში დემოკრატიის დეგრადაციასა და პროდასავლური ვექტორის შეცვლაზე. ეს კი პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, „მდიდარი ენჯეოები“ ოპოზიციის პირდაპირი ან სიტუაციური მოკავშირეების როლში გამოდიან.

ტერმინი „დემოკრატიის უკუსვლა,“ რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება „მდიდარი ენჯეოების“ ანგარიშებში, დასავლურ აუდიტორიაში, მათ შორის პოტენციურ ინვესტორებში, ქმნის განცდას, რომ ადრე დემოკრატიის მხრივ საქართველოში ყველაფერი კარგად იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა. ამავე დროს, თუ 2022-2023 წწ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია განსხვავებულია.

ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელისუფლების არც მეგობრები არიან, მაგრამ არც დაუძინებელი მტრები. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით სულ სხვა მოცემულობა. ქართული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან მზარდი და მძაფრი კონფრონტაციის რეჟიმში იმყოფებიან, რომელშიც ხშირად იკითხება მათი პოლიტიკური და დახურული ელიტარული გაერთიანებისთვის დამახასიათებელი ინტერესები. პრინციპი - „მომექეცი კარგად და მოგექცევი უკეთესად“ - „ქართული ოცნებასა“ და „მდიდარი ენჯეოების“ ურთიერთობებში, როგორც ჩანს, გამოირიცხა.

პრობლემის ერთ-ერთი წყარო საქართველოში არსებულ დემოკრატიის იმ უცნაურ მოდელში უნდა ვეძებოთ, რომელიც არც ევროპულია, არც ამერიკული, მაგრამ არის რაღაც გაუგებარი ნაზავი, რომლის დამკვიდრებაშიც „მდიდარ ენჯეოებს“ ლომის წილი მიუძღვით. ამ მოდელის ერთ-ერთი ნიშანია „მდიდარი ენჯეოების“ მცდელობა გახდნენ „სახელმწიფო სახელმწიფოში,“ ჰქონდეთ ხელშეუხებელთა სტატუსი და გახდნენ ის ერთდაერთი ელიტა, რომელიც დანარჩენ საზოგადოებას ცხოვრების წესებს უკარნახებს. ამ დროს, სოციოლოგიური გამოკითხვები და რეალური ცხოვრებაც იმას აჩვენებენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა, ამის წინააღმდეგია.

„ქართულ ოცნებასა“ და „მდიდარი ენჯეოები“-ს ამ ომს, სავარაუდოდ, გამარჯვებული არ ეყოლება. გარედან მიღებული ფინანსური და პოლიტიკურ-მორალური მხარდაჭერა, აღნიშნულ ენჯეოებს აძლევს საშუალებას, ფეხზე მყარად იდგნენ და „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა კუთხით პრობლემებიც კი შეუქმნან.

ცნობილი მიზეზების გამო, „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია „მდიდარ ენჯეოებთან“ ომში გამოიყენოს ყველა საშუალება. ყველამ ვნახეთ მძაფრი საერთაშორისო რეაქციები „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონზე. თუმცა, „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ახერხებს, რომ ამ ომში არ დამარცხდეს, მათ შორის იმის ხარჯზეც, რომ „მდიდარ ენჯეობს“ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

დასკვნა საკმაოდ პესიმისტური გამოვიდა. რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რომელი მხარე უფრო მეტად არის პასუხისმგებელი შექმნილ სამწუხარო მოცემულობაზე, რომლის შეცვლაზეც არც ერთი დაპირისპირებული მხარე, როგორც ჩანს, არ ფიქრობს. ამასაც აქვს თავის ახსნა. მოგეხსენებათ წინ საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო საარჩევნო წელს „მდიდარ ენჯეოებს“ ტრადიციულად განსაკუთრებული მისია ეკისრებათ. ზოგიერთი შიდა თუ გარე ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მისია იქნება - არ დაუშვან არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

 

 

mamuka65 პასუხისმგებელი როგორც წესი ხელისუფლებაა. ამ ენჯეოებზე კი ვიტყოდი ,,ღორის ტილი ფეხზე რომ დაისვა, თავზე აგაცოცდებაო!" ამიტომ არ უნდა ,,დაესვათ ფეხზე" და არ შეექმნათ სასათბურე პირობები მათთვის. აი ამაშია ხელისუფლების შეცდომა, მითუმეტეს, რომ იციან ქართველი საზოგადოების განწყობა ამ ე.წ. ენჯეოებისადმი.
2 თვის უკან
ლევკოთეა უკვე თორმეტი წელია, რაც ოცნება ხელისუფლებაშია. რით ვერ შექმნა თავისი მხარდამჭერი არასამთავრობოები. რომლებსაც თანდათან გააძლიერებდა?
2 თვის უკან
ცუგო- Ოცნების შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი მტერი ეყოლებოდა, ამიტომ არჩევნების გზით შეიძლება მხოლოდ ამ ომის მოგება, რისი დიდი იმედიც მაქვს!
2 თვის უკან
trampi თავიდან ამათ არ დაუსვიათ ეგ ჩათლახი ასო--ები თავზე...ესენი უბრალოდ თავიდან ვინუჟდენზე აყვნენ დასავლეთს დეკმოკრატობანას თამაშში ..სხვანაირად არ შეეძლოთ უტრაკოპები იყვნენ და იმიტომ
მაგრამ უბერდურება ისაა რომ ეხლაც ცალი თვალით იმათ უყურებენ
ნამეტნავად ამ კობახიძის ,,ევროპულობისა,, მეშინია
2 თვის უკან