ევროკავშირის ახალი რეგულაციით, რუსეთის გაყინული აქტივები - 260 მლდ ევრო - უკრაინის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული

ევროკავშირის ახალი რეგულაციით, რუსეთის გაყინული აქტივები - 260 მლდ ევრო - უკრაინის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, ერთგვარ ზეწოლასა და გარკვეული, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას განაგრძობს. ევროკავშირმა დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის ფონზე, დამატებით ევროპის და აშშ-ის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები გარკვეულ შედეგს რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღებს.

რაც შეეხება რუსეთის გაყინულ აქტივებს, ევროკავშირის საბჭო მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ“.
ამასთან, გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ „ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს“.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ნიკა ჩიტა For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დახმარების გაწევა პოზიტიურად აისახება მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შედეგს, რუსეთის ეკონომიკა ჯერ არ ჩამოქცეულა და ის რესურსი, რაც აქვს, კიდევ რამდენიმე წელიწადს ეყოფა.

„თუ კონკრეტული პროცედურები იქნა გატარებული, აღნიშნული გააადვილებს უკრაინის ფინანსურ დახმარებას. ამასთან, ვიცით, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინის დახმარების პროგრამა, რომელიც დაახლოებით, 50 მილიარდი ევროსგან შედგება. აშშ-ში კი, მიმდინარეობს 113 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერისთვის. ეს დადებითად აისახება უკაინის ეროვნულ ინტერესებზე.

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, მისი შემოსავლები ნავთობის და გაზის ექსპორტის შედეგად, შემცირდა დაახლოებით, 40%-ით 2023 წელს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, რუსეთის მშპ ოფიციალურად გაიზარდა და 2%-ს გადააჭარბა. თუმცა, ეს მოხდა იმის ფონზე, რომ რუსეთმა გამოყო დამატებით ფინანსური რესურსები „ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან“, რომელიც გათვალისწინებული იყო მომავალი თაობებისთვის და სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. დღეს რუსეთის ბიუჯეტის ერთი მესამედი მიემართება სამხედრო მიზნებითვის. ფონდის რესურსები ილევა, მაგრამ რამდენიმე წელი რუსეთს კიდევ ეყოფა, რომ ეს სამხედრო ოპერაცია აწარმოოს. თუ ამ ფონდის რესურსები გამოილევა, რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება მომავალში. ჯერჯერობით, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოქცეულა და დიდ რესურსს იყენებს სამხედრო წარმოებისთვის“, - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, რუსეთი ახერხებს არალეგალურად ნავთობის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.

„დასავლეთმა კიდევ უფრო მეტი კონტროლი უნდა დააწესოს რუსული ნავთობის ექსპორტზე, რადგან რუსეთი ახერხებს არალეგალურად ნავთობის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე. შესაძლოა, დასავლთის მხრიდან დღის წესრიგში დგას დამატებითი ბერკეტების ამოქმედების საკითხი, თუმცა ძირითადი, მნიშვნელოვანი ბერკეტები დასავლეთმა უკვე აამოქმედა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული აღნიშნული პროცესი დაგვიანებულია, თუმცა უკრაინისთვის დადებით ფაქტს წარმოადგენს. მისი შეფასებით, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი, ეკონომიკური სანქციების რაოდენობა თითქმის ამოწურა.
„ეს აქტი დაგვიანებულია, თუმცა მაინც კარგია. ასე თუ ისე, პოზიტიურად აისახება, რადგან რუსეთს ჰქონდა სერიოზული აქტივები, რომლებიც რამდენიმე მილიარდ დოლარს მოიცავდა დასავლეთის ქვეყნების ბანკებში და საელჩოს ორგანიზაციებში.
რუსეთმა, გარკვეულწილად, შეძლო ადაპტაცია. სამხედო შეიარაღების კუთხით, რუსეთს რესურსები არ ელევა, სამწუხაროდ. ისინი ახალ სამხედრო ტექნოლოგიებს ავითარებენ. ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩრდილოეთ კორეასთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.
გრძელვადიანი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა უკვე ამოწურა. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, დაეტყოს რუსეთის ეკონომიკას რაღაც გავლენა, თუმცა, ჯერჯერობით, რუსეთის ეკონომიკაზე ისე მტკივნეულად არ ჩანს ეს, როგორც ადრე ჰქონდა დასავლეთს წარმოდგენილი და როგორიც ეს შესაძლოა, ყოფილიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ რყევებს განიცდის“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული.